Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დინამომ ნავსი გატეხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 94:87 ბათუმი
  • კაკტუსი 90:82 მგზავრები

საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურში ორი მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. 2018 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა ბათუმი ოვერტაიმში დაამარცხეს.

პირველ მეოთხედში დინამო დიდ უპირატესობას ფლობდა და 24:7 დაწინაურდა. თუმცა, მეორე და მესამე მეოთხედებში აჭარულმა გუნდმა მოუმატა, ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო პერიოდი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ძირითადი დრო ფრედ 82:82 დასრულდა, ოვერტაიმში კი დინამო უკეთ გაისარჯა და 7-ქულიანი უპირატესობით, 94:87 დაამარცხა მეტოქე.

დინამოს 18 ქულით ალექსანდრე მიტროვიჩმა ულიდერა, ლაველ ბოიდის აქტივში კი 15 ქულაა. ბათუმის რიგებში ყველაზე შედეგიანი ილია შემოსიუკი იყო, რომლის ანგარიშზე 27 ქულაა. ამ გამარჯვების შემდეგ, დინამო სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა. მატჩის შემდეგ, თბილისური გუნდის მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“როდესაც ვიგებდით, ხშირად ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო კრიზისული პერიოდი. სამწუხაროდ, ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსასწორებელია. ზუსტად ახლა გვჭირდება მობილიზება, სწორი განსჯა, დისციპლინა. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო”

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო შეხვედრაში კაკტუსი მგზავრებს დაუპირისპირდა. 

პირველი ნახევარი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევრიდან კი უპირატესობა კაკტუსმა მოიპოვა და შედეგად, 8-ქულიანი სხვაობით 90:82 დაამარცხა მეტოქე.

კაკტუსის რიგებში ყველაზე შედეგიანი დეანდრე პარკსი იყო, რომლის ანგარიშზე 26 ქულაა, მგზავრებიდან კი ადრიან ბოუიმ გაიბრწყინა, რომლის მონაგარი 33 ქულაა. 16 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში კაკტუსი მე-6, ხოლო მგზავრები მე-7 პოზიციაზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები