Thumbnail

RWC 2019 | სამოა - გუნდი, რომელსაც გრანდების გამწარება შეუძლია

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების განხილვას და დღეს A ჯგუფის ბოლო ბინადარ სამოას წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

სამოელებმა რაგბის თამაში გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. პირველი საერთაშორისო ტესტი კი მეზობელ ფიჯელებთან გამართეს და 0-6 დამარცხდნენ. მატჩი დილის 7 საათზე გამართულა, რათა მაყურებლებს შემდეგ სამსახურში წასვლა მოესწროთ. სათამაშო მოედნის შუაში კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კარგა მოზრდილი ხეც მდგარა.

1982 წლიდან სამოელები, ტონგელები და ფიჯელები რეგულარულად თამაშობენ წყნარი ოკეანის სამ ერს (დღევანდელი წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი), რომელიც სამოელებს 14-ჯერ მოუგიათ. სხვათა შორის, ამ ტურნირზე არაოფიციალურად მონაწილეობა საქართველოს ნაკრებსაც მიუღია და 2016 წელს არაოფიციალური ჩემპიონიც გავხდით. სამოასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, მიჯრით მოვუგეთ ტონგას და ფიჯის და არაოფიციალურ ჩათვლაში პირველი ადგილიც დავიკავეთ. 2018 წელს კი უკვე ოფიციალურად ვმონაწილეობდით და მე-3 ადგილზე გავედით.

სამოა ხუთივე მსოფლიო თასის მონაწილეა და Tier 2-ის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წარმატებისთვისაც მიუღწევია - 1991 და 1995 წლებში მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. Tier 1-ის გუნდები კი 15-ჯერ ჰყავს დამარცხებული (მათ შორის: ავსტრალია, უელსი, იტალია და ირლანდია).

სამოელებს კარგი გუნდი ჰყავთ 7 კაცა რაგბში და მათ 2010 წელს მსოფლიო სერიის მოგებაც კი მოახერხეს.

სივა ტაუ

სივა ტაუ სამოელთა საბრძოლო ცეკვაა, რომელსაც ტრადიციულად, მატჩის დაწყებამდე ასრულებენ და ამით მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. ყოფილა შემთხვევები, როცა სივა ტაუ მატჩის დასრულების შემდეგაც შეუსრულებიათ, მაყურებლების მიმართ პატივისცემის გამოსახატად (მათ შორის თბილისშიც).

სივა ტაუ, თბილისი, 2016 წელი

სამოა და ახალი ზელანდია

სამოელთა შიდა ჩემპიონატი მთლიანად სამოყვარულოა. ქვეყანაში არსებობს რამდენიმე სარაგბო სკოლა, რომლებიც მთლიანად სამხრეთელი ბობოლების მმართველობის ქვეშაა და ნიჭიერი მორაგბეები ბავშვობიდან ამ ქვეყნებში მიჰყავთ სათამაშოდ.

ალბათ, არ არსებობს სარაგბო ქვეყნებს შორის ისეთი ძლიერი კავშირი, როგორიც სამოელებსა და ახალზელანდიელებს შორისაა.

ოლ ბლექსში სამოური წარმოშობის უამრავ სუპერვარსკვლავს უთამაშია (ტანა უმაგა, ჯერომ ქაინო, ჯულიან სავეა, აარონ მეიჯერი, ქრის მასოი…). ხოლო ის სამოელები, რომლებიც ახალი ზელანდიის ნაკრებში ვერ ხვდებიან, მხოლოდ შემდეგ ირჩევენ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშს (პეტ ლემი, ჯეკ ლემი, რეი ლი-იო, ტიმ ნანაი-ვილიამსი...). სამოელთა ყველა დიდი წარმატება სწორედ ახალზელანდიელ ლეგიონერებს უკავშირდება და დღეს მაღალი დონის შევსებას, ფაქტობრივად, მარტო ზელანდიიდან თუ იღებს.

სათამაში სტილი

გუნდში ახალზელანდიელების სიმრავლე სათამაშო სტილზე დიდ გავლენას ახდენს და კუნძულელთა შორის ყველაზე დაბალანსებულ რაგბს სამოა თამაშობს. ფიზიკურად და ტექნიკურად თანაბრად ძლიერი გუნდია. შეუძლიათ როგორც შერკინებით, ასევე უკანა ხაზით შეტევა. როგორც წესი, განსაკუთრებით კარგი მესამეხაზელები და შუამარბები ჰყავთ. გამოირჩევიან კუნძულელებისთვის საფირმო ხისტი, ჯარიმის ზღვარზე შესრულებული ბოჭვებით.

ოკეანელებისთვის დამახასიათებელი არხეინობა მათაც ახასიათებთ. ხშირია უდისციპლინობა და სხვა სახის პრობლემები. ფიზიკურად ძალიან მასიურები არიან და წონის გამო გამძლეობის პრობლემა აქვთ. თითქმის ყოველთვის, თამაშის ბოლოს იღლებიან და კონცენტრაცია უჭირთ.

სამოელთა ლეგენდა

სამოას ნაკრებში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია, მაგრამ მათ შორის გამორჩეული მაინც ბრაიან ლიმაა. უნივერსალი ბექი, რომელიც თანაბრად ძლიერი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ლიმა პირველი მორაგბეა, რომელმაც 5 მსოფლიო თასი ითამაშა. 2011 წელს ვორლდ რაგბიმ ბრაიან ლიმა დიდების დარბაზში შეიყვანა.

საკვანძო მოთამაშეები

ჯეკ ლემი - სამოელთა კაპიტანი და ლიდერი. სუპერ რაგბსა და ინგლისის ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჰარიქენზის სკოლის აღზრდილია და ღია თამაშში განსაკუთრებით კარგია. მისი ბევრი თანაგუნდელის მსგავსად, ასაკშია და ნელ-ნელა უკლებს.
 
ესიი ტუალა - ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბექი, შეუძლია როგორც ფრთაზე, ასევე ფულბექად თამაში. წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ინგლისური ნორსჰემპტონის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.
 
ტუსი პისი - წლების განმავლობაში სამოელთა შეუცვლელი მგეზავია. უმაღლეს დონეზე უთამაშია საკლუბო რაგბიც. თუმცა, უკვე 37 წლისაა. მისი შემცვლელები სათამაშო კლასით მასთან ახლოსაც არ არიან.

ჯო ტეკორი - მეორეხაზელი, რომელიც 35 წლის ასაკში თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ფრანგულ გრანდ ტულუზას ერთ-ერთი ლიდერია. ფიზიკურად ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მორაგბეა. თუმცა, ბოლო დროს ნაკრებში სათამაშოდ იშვიათად ჩადის.
 
ლოგოვი მულიპოლა - მაღალი დონის ბურჯია. ძლიერია როგორც მიწოლაში, ასევე ღია თამაშში. ბოლო წლებში ტრავმებმა დატანჯა, მაგრამ წელს ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდა. 2016 წელს ქართველებმა მიწოლაში ძალიან დაჩაგრეს, თუმცა შარშან ძალიან კარგად დაგვიდგა.

სამწვრთნელო შტაბი

წარუმატებელი შესარჩევის შემდეგ,  სამოელებმა მწვრთნელი შეცვალეს და გუნდს ამჟამად ახალზელანდიელი სტივ ჯეკსონი წვრთნის, რომელიც არც სამოამდე და არც შემდეგ, განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. სამწვრთნელო შტაბშია ლეგენდარული ავსტრალიელი ქრის ლეითემიც. ახალ მწვრთნელებს არც სამოელთა სათამაშო სტილში შეუტანიათ განსაკუთრებული ცვლილებები და აქცენტს მათი ტრადიციულად ძლიერი მხარეების გამოყენებაზე აკეთებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

გზა მსოფლიო თასზე

სამოელები იაპონიაში A ჯგუფის აუტსაიდერების სტატუსით ჩადიან. ბოლოდროინდელი კრიზისების ფონზე სამოელებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავთ. თუმცა, როგორც ყველა კუნძულური გუნდი, სამოასაც შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება და მაგალითად, მასპინძელი იაპონიის დამარცხება, რომელიც მათზე ბევრად ძლიერი გუნდი ნამდვილად არაა. რაც შეეხება რუსებს, მათთან აშკარა ფავორიტები იქნებიან და ტურნირს მინიმუმ ერთი გამარჯვებით დაასრულებენ.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

სამოელებს პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე შევხვდით და დიდი ანგარიშით, 9-46 დავმარცხდით.

მეორე მატჩს თავისუფლად შეგვიძლია ქართული რაგბისთვის მონუმენტური შეხვედრა დავარქვათ. 2013 წელს სამოელები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფებოდნენ და მათი დამარცხება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა. მით უმეტეს, რომ ერთი კვირით ადრე მატჩი ამერიკელებთან დავთმეთ. შეხვედრა 80-ის ნაცვლად 89 წუთს გაგრძელდა და ქართველების გამარჯვებით, 16-15 დასრულდა. ეს იყო პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორჯღალოსნებმა რეიტინგის ათეულში მყოფი გუნდის დამარცხება მოახერხეს.

ბოლოჯერ სამოელებს 2018 წელს შევხვდით და ავჭალის სტადიონზე 27-19 დავამარცხეთ. 19-3 დაწინაურების შემდეგ, ქართველებმა მოახერხეს და კუნძულელებს 24 უპასუხო ქულა გაუტანეს. სხვათა შორის, ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა, რომელიც აქამდე Tier 2 გუნდის წინააღმდეგ გაგვიბათილებია.

სხვათა შორის, Tier 2-ის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ბალანსი სამოას სწორედ ქართველებთან აქვთ. 1 მოგება, 3 მარცხი, 1 ფრე.

ფინანსური კრიზისი

სამოაზე, ისევე როგორც წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, კორუფცია და ნეპოტიზმი ცხოვრების სტილია. მაღალი დონის მორაგბეების სიმცირეს, 2017 წელს ფინანსური კრიზისი დაერთო. სამოელთა პრემიერ-მინისტრმა და ამავე დროს რაგბის კავშირის თავმჯდომარე ტუილაეპა მალიელეგაოიმ რაგბის კავშირი გაკოტრებულად გამოაცხადა, რასაც World Rugby-სთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა. მსოფლიო რაგბის მმართველ წრეებში თვლიდნენ, რომ სამოას რაგბის კავშირი მათთვის გამოყოფილ გრანტებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ერთი ხანობა დაფინანსება მთლიანად შეუჩერეს.

აჭარული ხაჭაპური

კუნძულელებს და მათ შორის სამოელებსაც სხვა მაღალი დონის ნაკრებებისგან ის განასხვავებთ, რომ საქმისადმი ზერელე მიდგომა ახასიათებთ.

2016 წლის შემოდგომის ტესტებზე, იმ დროს, როცა იაპონელები ერთი კვირით ადრე გვეწვივნენ და თან საკუთარი საკვებიც კი გამოიყოლეს, სამოელები რეჟიმს არაფრად აგდებდნენ და მატჩის წინა დღეს უზარმაზარ აჭარულ ხაჭაპურებს დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, მეორე დღეს სტადიონზე მძიმედ რომ დააბიჯებდნენ.

ჩვენი პროგნოზი

2014 წლიდან სამოელებს სერიოზული დაღმასვლა აქვთ. ტრადიციულ ფინანსურ კრიზისს თან დაერთო წამყვანი მორაგბეების ასაკში შესვლა და მათი დონის შემცვლელების არარსებობა. მათი კრიზისis ნათელი დადასტურება ისაა, რომ წლევანდელი მსოფლიოს შესარჩევში ბოლო ადგილზე გავიდნენ და იაპონიაში მოხვედრა მხოლოდ რეპეშაჟის წყალობით და გერმანიის ძლევით მოახერხეს.

თუ სამოელთა ამჟამინდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, ორი მატჩის მოგება ფანტასტიკის სფეროდან ნამდვილად არ არის და ამის შანსი დაახლოებით 20-25%-ია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები