Thumbnail

იოახიმ ლიოვი საავადმყოფოშია - გერმანიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

  • გერმანიის ნაკრების თავკაცი ჯანმრთელობის პრობლემის გამო კლინიკაში მოხვდა 
  • 59 წლის სპეციალისტს ოთხკვირიანი დასვენება სჭირდება და გუნდს ვერ გაწვთნის
  • გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში ბელარუსსა და ესტონეთს ეთამაშება 

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საავადმყოფოშია. გერმანული მედიის ცნობით, 59 წლის სპეციალისტის ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შედეგად, ლიოვს სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნებოდა.

გერმანიის ნაკრებს C ჯგუფში ჰოლანდიისთან სტუმრად გამარჯვება აქვს

იოახიმ ლიოვი ფრაიბურგში, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს. იუწყებიან, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გერმანელი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. ევრო 2020-ის შესარჩევში გერმანელები 8 ივნისს სტუმრად ბელარუსს ეთამაშებიან, 11 ივნისს კი მაინცში ესტონეთს უმასპინძლებენ, ნაკრებს კი იოახიმ ლიოვის ასისტენტი, მარკუს ზორგი მიხედავს, რომელსაც მეკარეთა მწვრთნელი ანდრეას კიოპკე დაეხმარება.  

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იოახიმ ლიოვმა თავის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა: 

"თავს ისევ მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში დასვენება მომიწევს. მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩემს სამწვრთნელო შტაბთან და ასე იქნება ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩების დროსაც. ჩემს თანაშემწეებს ერთობლივად მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ და ამიტომ, ამ პაუზას წარმატებით გადავიტანთ", - აქვეყნებს ლიოვის სიტყვებს გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრესსამსახური.

იოახიმ ლიოვს მარკუს ზორგის იმედი აქვს

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის და ამ 13-წლიან პერიოდში გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე თითო ოქრო (2014) და ბრინჯაო (2010), ევროპის პირველობებზე კი ვერცხლი (2008) და ორჯერ ბრინჯაო (2012 და 2016 წლებში) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები