Thumbnail
  • NBA-ს ფინალში ტორონტო გოლდენ სტეიტთან დაწინაურდა
  • რეპტორსმა უორიორსი 118:109 დაამარცხა
  • მატჩის გმირი პასკალ სიაკამი გახდა

NBA-ს ფინალური სერია ტორონტოსა და გოლდენ სტეიტს შორის ძალიან დამაინტრიგებლად დაიწყო. კანადელებმა მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში 118:109 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

რეპტორსის გმირი პასკალ სიაკამი გახდა, რომლისთვისაც ეს NBA-ს ფინალში დებიუტი იყო. მან 32 ქულა დააგროვა, რაც მის კარიერაში პლეი ოფში საუკეთესო შედეგია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კამერუნელის პროცენტული მაჩვენებელი: 25 წლის სიაკამმა 17 მცდელობიდან 14 ჩააგდო - აქედან, სამიდან ორი სამქულიანი.

“ამ ყველაფერს მამაჩემისთვის, მისი ხსოვნისთვის ვაკეთებ. ახლობლები ხშირად მეუბნებიან, შენით ძალიან იამაყებდაო. სიამოვნებით მოვისმენდი ამ სიტყვებს მისგან,” - ემოციური კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ კამერუნელმა.

შეგახსენებთ, რომ სიაკამის მამა 2014 წლის ოქტომბერში, ავტოავარიაში დაიღუპა. პასკალი მაშინ 20 წლის გახლდათ და კამერუნში მამის დაკრძალვას ვერ დაესწრო, რადგან ზუსტად იმ დროს აშშ-ის ახალ ვიზას ელოდებოდა. პასკალ სიაკამის გარდა, შთამბეჭდავად ითამაშა კავაი ლეონარდმაც, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. 

გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ. მან 34 ქულა ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა, თუმცა უორიორსისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, კარიმ ახალი რეკორდი დაამყარა: 31 წლის სტეფი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც NBA-ს ფინალებში 100 სამქულიანის ჩაგდება.

დრეიმონდ გრინმა 10 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა - ეს მისთვის ზედიზედ მესამე სამმაგი დუბლია. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა დემარკუს კაზინსმა - მან პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა და 2 პასი დააგროვა. კევინ დურანტი გუნდთან ერთად იყო, მაგრამ არ უთამაშია - ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული და უცნობია, ითამაშებს თუ არა მეორე დუელში, რომელიც 3 ივნისს გაიმართება.

“ვფიქრობ, მეორე ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და თამაშშიც დავბრუნდით. ჩემმა ბიჭებმა რაღაცები კარგად გააკეთეს, მაგრამ ზედმეტად ბევრი შეცდომა დაუშვეს,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

📺 ვიდეო: ტორონტო 118:109 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები