Thumbnail

ის იუვენტინო აღარაა! - ტურინელი ფანატების პეტიცია კონტეს წინააღმდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერის მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნამ იუვეს ქომაგი აღაშფოთა
  • ფანატები ტურინის არენიდან კონტეს მემორიალური ვარსკვლავის მოშორებას ითხოვენ

ანტონიო კონტე, რომელსაც ტურინის იუვენტუსთან ერთად სამი სკუდეტო აქვს მოგებული, ამიერიდან მილანის ინტერს გაწვრთნის - 49 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ "ნერაძურიმ" ოფიციალურად უკვე გამოაცხადა.

მეტი ამ თემაზე: ოფიციალურად: ანტონიო კონტე მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელია

კონტეს ინტერში დანიშვნა ყველაზე მეტად იუვენტუსის ფანატებს აშფოთებს, რომლებმაც მოვლენებს დაასწრეს და საიტ Change.or-ზე პეტიცია შექმნეს, რათა მათი საყვარელი გუნდის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, კლუბის სტადიონზე გაკეთებული მემორიალური ვარსკვლავი გაუუქმდეს.

კონტეს ვარსკვლავი ალიანც იუვენტუსზე

"ანტონიო კონტე საყვარელი კაპიტანი იყო, რომელიც თამაშში გულს დებდა. მოგვიანებით ის ჩვენი მწვრთნელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-გუნდი არ ჰყავდა, სკუდეტო მოიგო. შემდეგ ის სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრე, გაურკვეველი მიზეზების გამო წავიდა. არცთუ კარგი ამბავია, მაგრამ ინტერში გადასვლის შემთხვევაში, მასთან კავშირი საბოლოოდ გაწყვეტილი იქნება. 

ინტერში გადასვლა კონტესთვის პროფესიული არჩევანი არაა. ეს ასე იქნებოდა ნეაპოლში, რომში, მილანში გადაბარგების შემთხვევაში, მისი ეს ნაბიჯი კი ნიშნავს იმ კლუბში წასვლას, რომლიც, საბედნიეროდ, ამაოდ ცდილობს ჩვენს განადგურებას და იმ ჩვენი ისტორიისთვის ტალახის სროლას, რომლის მთავარი გმირი ნამდვილად იყო კონტე. 

რამდენადაც ვიცით, სტადიონზე ვარსკვლავი გამოხატავს იმას, რასაც "იუვენტინოდ" ყოფნა გულუსხმობს და არა მხოლოდ წარსულს. ამ ნაბიჯის შემდეგ, კონტე აღარ არის "იუვენტინოს" სულისა და ფასეულობების მატარებელი, რომელიც ახასიათებდა სხვა ვარსკვლავებს", - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის ექვსი ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

ანტონიო კონტე ტურინის იუვენტუსს 2011-2014 წლებში წვრთნიდა, რის შემდეგაც იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. ორი წლის შემდეგ სპეციალისტი ჩელსიში გადაბარგდა, საიდანაც გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლეს და მას შემდეგ დაუსაქმებელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები