Thumbnail

ოფიციალურად: ანტონიო კონტე მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელია

  • 49 წლის სპეციალისტმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა 
  • კონტემ ნერაძური მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ისევ უნდა აქციოს

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 49 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გაფორმდა, რომელშიც ხელფასად სეზონში 9 მილიონი ევროა გათვალისწინებული, ბონუსების გარეშე. 

ნერაძურიმ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდს 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა, სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში გააღწია. ამის მიუხედავად, მილანურმა კლუბმა სპეციალისტთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 

ანტონიო კონტემ ინტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა: 

"ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იწყება და ემოციებში ვარ. შევეცდები, ჩემი საქმით გავამართლო ის ნდობა, რომელიც პრეზიდენტმა და დირექტორმა გამომიცხადეს. ინტერი ავირჩიე იმის გამო, რომ ამ კლუბს აქვს სათანადო ბაზა, ამბიცია და ისტორია. გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, როგორ სურთ ინტერის საკადრის ადგილზე დაბრუნება".

"დარწმუნებული ვარ, რომ ანტონიო კონტე ჩვენი მიზნების მიღწევაში და მისიის შესრულებაში დაგვეხმარება, რომელიც უცვლელია: ისევ ვაქციოთ ინტერი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად", - აღნიშნა ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჩჟანი. 

კონტეს ინტერში მისვლამ, სპეციალისტის ყოფილი კლუბის, ტურინის იუვენტუსის ქომაგები აღაშფთოთა, რომლებიც "ალიანც იუვენტუსიდან" მისი სახელობის ვარსკვლავის მოშორებას პეტიციით ითხოვენ.

ანტონიო კონტე ტურინის იუვენტუსს 2011-2014 წლებში წვრთნიდა, რის შემდეგაც იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. ორი წლის შემდეგ სპეციალისტი ჩელსიში გადაბარგდა, საიდანაც გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლეს და მას შემდეგ დაუსაქმებელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები