Thumbnail
  • 1 ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია
  • გამოკითხული ფეხბურთელების უმეტესობა ფავორიტად ლივერპულს მიიჩნევს

1 ივნისს საფეხბურთო სეზონის უმთავრესი მატჩია: ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლივერპული და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. popsport.com გაგაცნობთ, თუ რა მოლოდინი აქვთ ინგლისური ფინალის წინ ვეტერან და მოქმედ ფეხბურთელებს...

რევაზ არველაძე (არველაძეების ფონდის დამფუძნებელი): 'მერჩივნა, რომ აიაქსი და ბარსელონა გასულიყვნენ ფინალში, რადგან მე ამ გუნდებს ვგულშემატკივრობ, ლივერპულის და ტოტენჰემის მიმართ კი სენტიმენტები არ გამაჩნია. არც ლივერპული და არც ტოტენჰემი კლასიკურ ბრიტანულ სტილში არ თამაშობენ და ამის ხარჯზე მიაღწიეს წარმატებას. ბრძოლა იქნება, თუმცა მცირე უპირატესობას მაინც ლივერპულს მივანიჭებ.
პროგნოზი: ლივერპული 

ზურაბ ხიზანიშვილი (U15 საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 'ორივე ბრიტანული გუნდია და ორივეს კარგად ვიცნობ. ჩემი სიმპათიები ლივერპულის მხარესაა. ენფილდზე ნათამაშები მაქვს და იქ სულ სხვა ატმოსფეროა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალია, ჩაკეტილი თამაში არ იქნება. ლივერპულს ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი მოიგებს.'
პროგნოზი: ლივერპული

ზურაბ ხიზანიშვილი და ჯიბრილ სისე ბლექბერნისა და ლივერპულის მატჩის დროს (2006 წელი)

გოგა გახოკიძე (ვეტერანი ფეხბურთელი): 'წესით, ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს. ორი ინგლისური გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს და უხეშ თამაშსაც ველოდები. ჩემი აზრით, ფავორიტი მაინც ლივერპულია.'
პროგნოზი: ლივერპული

გოგა გახოკიძემ ჩემპიონთა ლიგაში პსვ ეინდჰოვენის რიგებში ითამაშა

გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი): 'ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, ფინალში კი ფავორიტი გუნდი არ მყავს. მინდა რომ გახსნილი და სანახაობრივი თამაში ვიხილოთ. ჩემი აზრით, ლივერპულს ექნება უპირატესობა და ორი ბურთის სხვაობით, ადვილად დაამარცხებს მეტოქეს. '
პროგნოზი: ლივერპული.

დინო ჰამზიჩი (ჩიხურა): 'ძალიან საინტერესო თამაშს ველოდები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი თამაში - ეს ფინალია, რომელშიც ორი ძალიან ძლიერი ინგლისური კლუბი იბრძოლებს. ლივერპული და ტოტენჰემი პრემიერლიგიდან ერთმანეთს კარგად იცნობენ. ნახევარფინალში ორივე გუნდს საკმაოდ გაუმართლა. ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა იქნება. თუ სტატისტიკას შევხედავთ, კლოპმა პოჩეტინოს მეტი დუელი მოუგო და მეც ვფიქრობ, რომ ამ ფინალს ლივერპული მოიგებს. ჩემი პროგნოზია 2:1 ლივერპულის სასარგებლოდ.'
პროგნოზი: ლივერპული

დინო ჰამზიჩი და ლევან კობიაშვილი

ნიკა საბანაძე (დინამო ბათუმი): 'ჩაკეტილი მატჩი იქნება და ბევრი გოლი არ გავა. ჩემი აზრით, უდავო ფავორიტი ლივერპულია და ფინალს ძირითად დროში მოიგებს. ტოტენჰემი უშანსოდაა.'
პროგნოზი: ლივერპული

რომან ჭანტურია (დინამო ბათუმი): 'ჩემპიონთა ლიგაში, დიდი ხანია, ინგლისური ფინალი არ გვინახავს და ჩემი აზრით, ძალიან მაგარი თამაში იქნება. გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები, ფავორიტი კი ლივერპულია.'
პროგნოზი: ლივერპული

📺 ორიჯის გოლი ბარსელონასთან, რომელმაც ლივერპული ფინალში გაიყვანა

ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო): 'იმედგაცრუებული ვარ, რადგან ლიონელ მესის ვგულშემატკივრობდი, რომელიც ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს. ინგლისურ ფინალს ნეიტრალური პოზიციიდან ვუყურებ, მოგება კი ორივე გუნდს შეუძლია. ლივერპულმა ბარსელონა გამოთიშა ტურნირს და ამიტომ, ჩემი სიმპათიები მაინც ტოტენჰემისკენ იხრება.'
პროგნოზი: ტოტენჰემი

დაჩი ცნობილაძე (საბურთალო): 'ჩაკეტილ და დაძაბულ თამაშს ველოდები. ტოტენჰემს ვგულშემატკივრობ და ამ შემთხვევაში, სუბიექტური ვარ. მაურისიო პოჩეტინო განსაკუთრებული მწვრთნელია, რომელსაც ზაფხულში ტრანსფერების უფლება არ ჰქონდა და ასეთ რთულ ვითარებაში მიაღწია წარმატებას. ჩაკეტილ თამაშში გუნდები თავის შანსს დაელოდებიან და ტოტენჰემი გაიმარჯვებს.'
პროგნოზი: ტოტენჰემი.

ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი): 'წინ ფინალია და შანსები თანაბარია. უმეტესობა ფავორიტად ალბათ ლივერპულს მიიჩნევს, მაგრამ ჩემი სიმპათიები ტოტენჰემის მხარესაა და ამის მთავარი მიზეზი პოჩეტინოა. კლოპიც მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ პოჩეტინო ნაკლები რესურსით აღწევს წარმატებას და ეს დასაფასებელია.'
პროგნოზი: ტოტენჰემი

წაიკითხე | ყველაფერი დიდ ფინალზე - რას ველოდოთ ტოტენჰემი-ლივერპულისგან

ოთო კობახიძე (ლოკომოტივი): 'წინ ძალიან მაგარი ფინალი გველოდება. ორივე ძლიერი და შემტევი გუნდია. ევროპალიგის ფინალშიც ინგლისური კლუბები ვიხილეთ. ვფიქრობ, საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს ვნახავთ. ჩემი დიდი სიმპათიები ლივერპულის მხარესაა და მჯერა, რომ ლიგის ფინალს სწორედ, ეს გუნდი მოიგებს.'
პროგნოზი: ლივერპული

ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო): 'იმედია, მაგარი თამაში იქნება - ისეთი, როგორიც ფინალს და პრემიერლიგის გუნდებს შეეფერება. წლევანდელი ლიგა განსაკუთრებულია და მაქვს მოლოდინი, რომ ფინალიც უმაგრესი იქნება. მინდა, რომ ტოტენჰემმა მოიგოს, რადგან ძალიან მომწონს ჰარი კეინი. თუმცა, ლივერპული ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში და ეს გუნდი ზემოტივირებულია.'
პროგნოზი: ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები