Thumbnail
  • 1 ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია
  • ქართველი სპორტული ჟურნალისტების უმეტესობა ფავორიტად ლივერპულს მიიჩნევს

1 ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია. სეზონის მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ინგლისური გუნდები - ლივერპული და ტოტენჰემი დაუპირისირდებიან. როგორი მოლოდინი აქვთ ფინალის წინ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს? უმრავლესობა ფავორიტად ლივერპულს მიიჩნევს. 

სანდრო ცნობილაძე (Europebet News-ის პროდიუსერი): 'როგორც წესი, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში ერთი ქვეყნის გუნდები ხვდებიან, ნაკლებად საინტერესო მატჩი გამოდის. ფინალამდე ორივე გუნდმა რთული გზა გაიარა და ბევრი მოულოდნელობაც ვნახეთ. ლივერპული უფრო სანახაობივ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ფინალში ეს არ იქნება მთავარი. ორივე მწვრთნელი კარგი მოტივატორია და ფსიქოლოგიურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა ექნება. მნიშვნელოვანია ჰარი კეინის ფაქტორი და ვფიქრობ, რომ თამაშს მაინც ტოტენჰემი მოიგებს.
პროგნოზი: ტოტენჰემი

დიმიტრი ობოლაძე (იმედი): 'ერთი ქვეყნის გუნდები თამაშობენ და გახსნილ თამაშს არ ველოდები. შეიძლება, ერთმა გოლმა გადაწყვიტოს მატჩის ბედი. მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლივერპული მოიგებს.
პროგნოზი: ლივერპული

ლაშა დვალიშვილი (რუსთავი 2): 'ბავშვობიდან ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ფინალი იურგენ კლოპის გუნდმა მოიგოს. არაინგლისური ფინალი მინდოდა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო ჩაკეტილი თამაში იქნება. შესაძლოა, ძირითადი დრო ფრედ დასრულდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლივერპული უფრო ძლიერი გუნდია და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს, ამის მთავარი მიზეზი კი, შესაძლოა, კლოპის არაპროგნოზირებადი და როგორც წესი, სწორი გადაწყვეტილებები გახდეს.'
პროგნოზი: ლივერპული

ლევან ღუდუშაური (საზოგადოებრივი მაუწყებელი): 'ჩაკეტილი თამაში იქნება და ფეხბურთელები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე იბრძოლებენ. წესით, მძიმე თამაში უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ლივერპული 1:0-ს მოიგებს. არც დამატებით დროს გამოვრიცხავ.
პროგნოზი: ლივერპული 

ნიკოლოზ ნეფარიძე (გაზეთი ლელო): 'ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტოტენჰემს უკვე ბევრჯერ გაუმართლა და სულ ვერ გაუმართლებს. ვფიქრობ, თამაში ლივერპულის კარნახით წარიმართება და მერსისაიდული გუნდი გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია მოჰამედ სალაჰის ფაქტორი, რომელსაც ერთხელ უკვე ძალიან არ გაუმართლა ფინალში და ამჯერად ზემოტივირებული იქნება. 
პროგნოზი: ლივერპული

წაიკითხე | ყველაფერი დიდ ფინალზე - რას ველოდოთ ტოტენჰემი-ლივერპულისგან

გიორგი ზურაბიშვილი (სპორტული კომენტატორი): 'მინდიდა, რომ ფინალში აიაქსი გასულიყო და ძალიან მაგარი თამაში გამოვიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ინგლისური ფინალი მივიღეთ. ჩემი აზრით, ლივერპულს დიდი უპირატესობა ექნება და ძირითად დროში, ორი ბურთის სხვაობით დაამარცხებს მეტოქეს. ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის მოგება ეკუთვნის.'
პროგნოზი: ლივერპული

ნიკა ესებუა (adjarasport.com): 'პრემიერლიგაში გრანდების მატჩები მოსაწყენი იყო და სანახაობრივ თამაშს არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ველოდები. ფრთხილი თამაში იქნება და დიდია შანსი, ძირითადი დრო ფრედ დასრულდეს, დამატებით დროში, ან პენალტების სერიაში კი, ლივერპული მოიგებს.'
პროგნოზი: ლივერპული

თენგო ოყუჯავა (sportall.ge): 'პრემიერლიგაში ლივერპულმა ორივე თამაში მოუგო ტოტენჰემს და ზოგადად, იურგენ კლოპს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს. ჰარი კეინმა რომც ითამაშოს, ფორმაში ვერ იქნება და ყველა კრიტერიუმით, ლივერპულს ვანიჭებ უპირატესობას. შანსები 70/30-ზე მერსისაიდული გუნდის სასარგებლოდ.'
პროგნოზი: ლივერპული

გიორგი უგულავა (popsport.com-ის ანალიტიკოსი): 'ლივერპული ობიექტურად უკეთესი გუნდია. საინტერესოა, გარისკავს პოჩეტინო და გახსნის თამაშს, თუ კონტრშეტევაზე ითამაშებს. ჩემი აზრით, თუ გარისკავს, ლივერპულის მოგების შანსები ამით კიდევ უფრო გაიზრდება. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი უფრო ძლიერია.'
პროგნოზი: ლივერპული

ვეინალდუმის გოლი ბარსელონას კარში, რომლითაც ანგარიში 3:0 გახდა

დავით სხირტლაძე (crystalsport.ge): 'პრემიელიგას უდიდეს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ გახსნილი და სანახაობრივი თამაში იქნება. საბედნიეროდ, ორივე მწვრთნელს უყვარს შეტევა. იმედია, იურგენ კლოპი მესამე ფინალს არ წააგებს და თასს ლივერპული მოიგებს.'
პროგნოზი: ლივერპული

დავით მანჯავიძე (მსოფლიო სპორტი): 'ლივერპულს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და უკეთესი გუნდია. ლოგიკას თუ მივყვებით, კლოპის გუნდმა უნდა მოიგოს. ტოტენჰემი კონტრშეტევაზე იქნება და თავის შანსს დაელოდება. მნიშვნელოვანია კეინის და სალაჰის ფაქტორი.'
პროგოზი: ლივერპული

დავით ბანანაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი): 'გუნდები კარგად იცნობენ ერთმანეთს. კლოპი ტრადიციას არ გადაუხვევს და ლივერპული შეუტევს, ტოტენჰემი კი შეეცდება, რომ ჩაკეტოს თამაში. ლივერპულის მოგება გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტოტენჰემი მოიგებს. ლივერპული წნეხის ქვეშაა, ფავორიტია და გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებას ელოდებიან, რაც ტოტენჰემს უფრო წაადგება.' 
პროგნოზი: ტოტენჰემი

ლუკას მოურას გადამწყვეტი გოლი აიაქსის კარში

კობა ინასარიძე (სარბიელი): 'ლივერპულისგან და ტოტენჰემისგან გახსნილ და სანახაობრივ თამაშს არ ველოდები. ალბათ მოსაწყენი თამაში იქნება. ლივერპულს ექნება უპირატესობა და მოიგებს კიდეც.'
პროგნოზი: ლივერპული

გიორგი კაკაბაძე (Silk TV): 'უმეტესობა გახსნილ და სანახაობრივ თამაშს ელოდება, მაგრამ ფინალი სხვა განზომილებაა. მით უმეტეს, ამ გუნდებს კონტრშეტევაზე თამაშიც ეხერხებათ.  ლივერპულს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს. მეორე მხრივ, ტოტენჰემისთვის ეს ისტორიული შანსია, მაუროსიო პოჩეტინო კი მატჩის მიმდინარეობისას თამაშის შეცვლის ოსტატია. მიუხედავად ამისა, მცირე უპირატესობას მაინც ლივერპულს მივანიჭებ.'
პროგნოზი: ლივერპული

მოჰამედ სალაჰი, იურგენ კლოპი და ვირჯილ ვან დაიკი

 

კომენტარები

ბოლო ამბები