- ახალი პროგნოზი გამოცემისგან - დრაფტის მე-10 ნომერი
- ატლანტა ჰოუკსს ცენტრი არ აწყენს
Bleacher Report-მა ერთი დღის წინათ, NBA-ს დრაფტზე გოგა ბითაძის სავარაუდო კლუბად დეტროიტ პისტონსი დაასახელა - ზაზა ფაჩულიას გუნდს პირველ წრეში მე-15 ნომრად არჩევის უფლება აქვს, თუმცა ეს საიტი ხშირად ახლდება, როგორც კი "ბლიჩერის" ჟურნალისტები ახალ ინფორმაციებს იგებენ. ერთ დღეში საიტის პროგნოზი ბითაძის მიმართ კარდინალურად შეიცვალა - გამოცემა ვარაუდობს, რომ ბითაძეს ატლანტა ჰოუკსი აიყვანს დრაფტის მე-10 ნომრად.
NBA-ს დრაფტი ბრუკლინში 20 ივნისს გაიმართება. ბუნებრივია, იქამდე კიდევ ბევრჯერ შეიცვლება პროგნოზები არამარტო ბითაძის შესახებ, თუმცა ერთია - ეს ამერიკული რესურსები საქმის კურსში არიან, იციან, რომელ კლუბს რა პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება, რომელი ტალანტები დაპატიჟეს საჩვენებელ ვარჯიშებზე და ასე შემდეგ.
რას ნიშნავს დრაფტის I წრეში არჩევა

შეგახსენებთ, რომ დრაფტის I წრეში არჩეულ კალათბურთელებს გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტები ეკუთვნით, მე-3 და მე-4 წელზე გაგრძელების უფლებით.
რაც უფრო მაღალია დრაფტის არჩევნის ნომერი, მით უფრო მაღალია მისი გარანტირებული ხელფასი. მაგალითად, 2018 წლის პირველი ნომრის, დეანდრე აიტონის გარანტირებული ხელფასი პირველ ორ სეზონში $18,107,160-ს შეადგენს.
შარშანდელს თუ შევადარებთ დრაფტის მე-10 ნომრის გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი $7,697,400-ის ტოლფასია. დრაფტის 30-ე ნომრის (ბოლო პირველ რაუნდში) კი - $3,593,640.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 15-მდე ტალანტს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ყველაზე ადრე შეარჩევენ, ეგრეთ წოდებულ "მწვანე ოთახში" ეპატიჟებიან დრაფტზე.
კომენტარები