Thumbnail

რა ჰქონდა დასაწუნი ბაქოს - ევროპალიგის ფინალის გამოხმაურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის 2018/19 წლების ფინალურმა შეხვედრამ მოლოდინი ბევრს გაუცრუა
  • ინგლისელი ქომაგები, ჟურნალისტები და ექსპერტები ბაქოს არენას აკრიტიკებენ
  • თბილისის დინამო არენას ევროპალიგის 2021 წლის ფინალის მიღება სურს

ევროპელი, მეტწილად კი ინგლისელი გულშემატკივრები და ექსპერტები, ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ ევროპალიგის ფინალით, რომელშიც ჩელსიმ არსენალი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. უფრო კონკრეტულად კი - კონტინენტის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩის აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართვის გადაწყვეტილებით. ბრიტანელებს ბაქოში გამგზავრების პერსპექტივა არც ფინალამდე ხიბლავდათ, თამაშის შემდეგ კი პრეტენზიები ოლიმპიურ სტადიონზე ცარიელი ადგილების სიმრავლესა და მოედნიდან დიდი მანძილით დაშორებულ ტრიბუნებზე გამოთქვეს. 

ლონდონის ჩელსიმ ევროპალიგა ისტორიაში მეორედ მოიგო

ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია ჩვენთვისაც. მოგეხსენებათ, თბილისს ევროპალიგის 2021 წლის ფინალური შეხვედრის მასპინძლობა სურს, მისი მეტოქე კი სევილიაა. თავდაპირველად ითქვა, რომ უეფა მასპინძელს 29 მაისს გამოაცხადებდა, მაგრამ ვადამ სექტემბრამდე გადაიწია.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ბრიტანული მედია ედენ აზარს, მაურიციო სარისა და მთლიანად ჩელსის ადიდებს.

Daily Mail: "თითქოს ჩელსი გამუდმებით კრიზისშია - დღე-დღეზე გაუშვებენ მწვრთნელს, ფეხბურთელები ჩხუბობენ ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც, მაგრამ ამ ქაოსში იბადება წესრიგი. ეს ჩელსისთვის, 2012 წლიდან დღემდე, მესამე ევროპული ჯილდოა. არსენალი კი ზედიზედ მესამე სეზონს მნიშვნელობით მეორე ევროთასზე გაატარებს".

The Sun: "ჩელსის მაისურით ბოლო მატჩში ედენ აზარმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა - იდეალური საჩუქარი გამოსამშვიდობებლად. ახლა მას შეუძლია, კლუბი შეიცვალოს. აზარმა რეალში გადასვლა დაიმსახურა. ევროპალიგის თასი მთლად ის არ არის, რაზეც ფეხბურთელი ოცნებობდა, როდესაც გუნდს 2012 წელს შეუერთდა, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო ედენის საღამო. ჩელსიმ ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარა და დაამცირა არსენალი".

The Guardian: "ჩელსის თავკაცს ინგლისურ ფეხბურთში პირველი სეზონი მძიმე ჰქონდა, მაგრამ სარიმ, ნერვიულობისა თუ ფეხბურთელების ტრავმების მიუხედავად, გუნდი პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა. ეს მატჩი კი შესაძლოა ბოლო იყოს იტალიელისთვის ჩელსისთვის და თუ ასე მოხდება, ის გამარჯვებულია. მან ევროპალიგის ჯილდო ეფექტური თამაშით, რომან აბრამოვიჩის თანდასწრებით მოიგო. სარის სამწვრთნელო კარიერაში დიდი ჯილდო მანამდე არასდროს ჰქონდა მოგებული და ახლა ის იმ კლუბის წევრია, სადაც შედეგის დადება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც ყველაფერი არცთუ კარგადაა".

აზერბაიჯანში ჩასული არსენალის ქომაგები ორმაგად იმედგაცრუებულნი დარჩნენ

ბევრისთვის ევროპალიგის ფინალი იდეალური ნამდვილად არ გამოვიდა. ის გულშემატკივრები და ჟურნალისტები, რომლებმაც მატჩს თვალი ტელევიზორში მიადევნეს, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ ტრანსლაციის რაკურსით - კამერები შორს იყო მოედნიდან.
 
ხოლო ისინი, ვინც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონს ესტუმრნენ, იმედგაცრუებულნი ტრიბუნების მდებარეობით დარჩნენ - სარბენი ბილიკების გამო, მოედანზე განვითარებული მოვლენებს ცუდად ხედავდნენ. სოციალური ქსელებშიც უმალ მრავლად გაჩნდა ირონიული კომენტარები.

"წარმოიდგინეთ, რომ 2 ათასი ფუნტი დახარჯეთ ევროალიგის ფინალზე დასასწრებად და ასეთი ხედი გაქვთ".

"გასაგებია, რომ ბაქო შორსაა, მაგრამ აზერბაიჯანში ტელეკამერების შეტანა ხომ მაინც შეეძლოთ", - დაწერა talkSPORT-ის წამყვანმა მაქს რაშდენმა.

"ეს რა ჩვენებაა? დურბინდი დამჭირდება, რომ თამაშს ვუყურო", - პასუხობს ერთ-ერთი მომხმარეელი.

"მგზავრობ ასე შორს, რათა საკუთარი თვალით ფინალი იხილო, მაგრამ იკავებ შენს ადგილს და ხედავ, რომ მოედანთან იმაზე უფრო ახლოს არ ხარ, ვიდრე შინ რომ დარჩენილიყავი", - დაწერა ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ამჟამად ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა.

"ევროპალიგის ფინალის ტრანსლაციას ვერ ვუყურებ, რადგან სიმაღლის შიში მაქვს", - დატვიტა Bleacher Report-ის ავტორმა გაბრი კირხნერმა. 

ევროპალიგის ფინალის ჩვენების რაკურსმა ზოგიერთებს ძველი Football Manager გაახსენა.

"არენა ლონდონიდან 4000 კმ-ში; ქალაქი, რომელიც გულშემატკივრების ნაკადს ვერ უძლებს და არანორმალური ფასები; პოლიტიკური დაძაბულობა, რის გამოც ერთ-ერთი ფეხბურთელი შინ დარჩა; სტადიონი, სადაც მოედანი ტრიბუნებს დაშორებულია; ცარიელი ადგილები და ცუდი მინდორი", - ეს London Evening Standard-ის ჟურნალისტის ბენ ჰეივორდის შთაბეჭდილებებია ბაქოს ფინალზე.

"ბევრი ცარიელი ადგილია და ამისგან ატმოსფერო ფუჭდება. როგორც ჩანს, ბაქო არცთუ მთლად კარგი ადგილია იქ ჩასასვლელად", - ირონიულად წერს ტვიტერი Paddy Power.

The Sun-ის ცნობით, გულშემატკივრებმა უცენზურო შეძახილებით შეამკეს უეფა, როდესაც სტადიონზე ცარიელი ადგილები დაინახეს. "ეს გინდოდათ?" - ასეთი და შეუარცხმყოფელი შეძახილებით გამოირჩნენ ინგლისელები მატჩის სასტარტო წუთებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები