Thumbnail

ინტერი ლუჩანო სპალეტის დაემშვიდობა - ნერაძურის ორი კანდიდატი ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანელებმა ლუჩანო სპალეტისთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტეს
  • 60 წლის სპეციალისტმა კლუბთან ერთად ვერცერთი ტიტულის მოგება შეძლო
  • ნერაძურის მთავარი მწვრნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნას ელოდებიან

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ტვიტერი იუწყება.

"კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსა და ერთად განვლილი გზისთვის", - ნათქვამია ნერაძურის განცხადებაში. 

ლუჩანო სპალეტიმ, რომელსაც მანამდე ემპოლიში, სამპდორიაში, უდინეზეში, რომასა და ზენიტში ჰქონდა ნამუშევარი, ინტერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2017 წელს დაიკავა. სპეციალისტმა კლუბთან ერთად ვერცერთი ტიტული მოიგო, თუმცა გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გაყვანა ზედიზედ ორჯერ მოახერხა. 2018/19 წლების სეზონში გუნდმა სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ლუჩანო სპალეტის ინტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა

ვარაუდს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, 60 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის თანამშრომლობა გაწყდებოდა, ადრევე გამოთქვამდნენ. მედიამ დააანონსა ისიც, რომ სპალეტის ადგილს ანტონიო კონტე დაიკავებს, რომელსაც მანამდე იუვენტუსში, ჩელსისა და იტალიის ნაკრებში უმუშავია, ამჟამად კი დაუსაქმებელია. 

მედია წერს, რომ ინტერი კონტეს დანიშვნას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა გუნდში ჟოზე მოურინიოს დაბრუნების ვარიანტს განიხილავს, რომელიც ინტერს 2008-2010 წლებში წვრთნიდა.

მოურინიომ ინტერს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

"ჩემი აზრით, კონტეს ინტერისთვის უფრო მეტის მიცემა შეუძლია, ვიდრე - მოურინიოს, განსაკუთრებით, სტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. თუკი ის ინტერს შეუერთდება, გულშემატკვირები გუნდს უფრო მეტად დაუჭერენ მხარს და ფეხბურთელებთანაც უფრო ახლოს იქნებიან", - ამბობს ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები