Thumbnail

PREVIEW | დიდი ფინალის წინ - რას ველოდოთ ტოტენჰემი-ლივერპულისგან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 📅 1 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ტოტენჰემი V ლივერპული | 📺 SILK UNIVERSAL
  • ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უნდა იცოდეთ

1 ივნისს დიდი ფინალია! სეზონის უმთავრეს შეხვედრაში ერთმანეთს ლივერპული და ტოტენჰემი ხვდებიან - წყვილი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში არავინ ელოდა. ორივე გუნდს წარმატებული სეზონი ჰქონდა - სპურსმა პრემიერლიგაში ოთხეული და მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, ლივერპულმა კი 97 ქულით ისტორიული შედეგი აჩვენა, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შაბათს, ორივე გუნდს შანსი აქვს, ეს სეზონი მისთვის ტრიუმფალური გახდეს.

ამ სტატიაში ნახავთ ყველაფერს, რაც ფინალის წინ უნდა იცოდეთ - გუნდების ტაქტიკური მონახაზი, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, სავარაუდო შემადგენლობები და ფაქტორები, რომლებიც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

უჩვეულო ფინალი - ისტორიული პანორამა

სეზონის წინ, ლივერპული-ტოტენჰემის ფინალს ალბათ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. ბოლო 6 წელში ინგლისურმა გუნდებმა მხოლოდ 1 ფინალი ითამაშეს - ისიც გასულ წელს ლივერპულმა. ბოლო 5 წელია, ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ესპანური რეალი და ბარსელონა იგებენ.

კიდევ უფრო დიდი სენსაციაა ფინალში ტოტენჰემის გამოჩენა. ამ გუნდისთვის ლიგის საგზურის მოპოვებაც კი ძალიან კარგ შედეგად მიიჩნეოდა. სპურსი ჩემპიონთა ლიგაში ამ სეზონამდე ნახევარფინალშიც კი არ იყო ნამყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემს თავის ისტორიაში ალბათ საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს გუნდი ინგლისური ფეხბურთის უპირველეს გრანდებს შორის მაინც არ მოიაზრება.

თუ ტოტენჰემის ბოლო ევროპული წარმატება (უეფას თასი) შორეული 1984 წლით თარიღდება, ლივერპული ევროპულ სარბიელზე ყველაზე წარმატებული ბრიტანული კლუბია. მხოლოდ იურგენ კლოპის ეპოქაში გუნდმა ორი ევროპული ფინალი ითამაშა - ევროპალიგის ფინალი 2016 წელს და ჩემპიონთა ლიგის ფინალი წინა სეზონში. ფინალში თამაშების გამოცდილების ფაქტორი აუცილებლად ლივერპულის მხარეზე იქნება.

ტოტენჰემი - ჰარი კეინის დილემა

ჰარი კეინმა ვარჯიში განაახლა და ფინალში, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი მაურისიო პოჩეტინომაც დაადასტურა. კეინი ტოტენჰემის საუკეთესო ფორვარდია და ამ სეზონშიც იგი 27 თამაშში გატანილი 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ამას ემატება ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის 8 თამაშში კეინს 5 გოლი აქვს შეგდებული. მოკლედ, ეს ტოტენჰემისთვის კარგი ამბავია, თუმცა ამ ამბავს თავისი გვერდითი ფაქტორებიც აქვს.

საქმე ისაა, რომ კეინს თვენახევარია, არ უთამაშია და არავინ იცის, როგორ ფორმაში იქნება. ამ პერიოდში სპურსმა მეოთხედფინალი და ნახევარფინალი სწორედ მის გარეშე მოიგო. გუნდი სტრუქტურულად მიეჩვია კეინის გარეშე თამაშს და ლიგის წლევანდელი წარმატების მთავარი შემოქმედები სწორედ ის ფორვარდები აღმოჩნდნენ, რომელთაც კეინის არყოფნაში აიღეს თამაში თავის თავზე. სიტისთან გასვლაზე სონმა და ლორენტემ გადაწყვიტეს მატჩის ბედი. კორეელმა დუბლი შეასრულა, ესპანელმა კი გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

სონის გოლები სიტისთან

იგივე მოხდა აიაქსთან თამაშშიც. მეორე ტაიმში, ლორენტეს შემოსვლამ მატჩის სურათი სრულად შეცვალა, ლუკას მოურამ კი ჰეთ-თრიკით ტოტენჰემს ფინალის საგზური მოუტანა.

ჰარი კეინთან ერთად ფერნანდო ლორენტეს თამაში გამორიცხულია. ეს უკანასკნელი ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუკი ტოტენჰემი ანგარიშში უკან იქნება და ლონდონელები ჩაწოდებებისა და გრძელი პასების მეშვეობით მასიურ ზეწოლაზე გადავლენ.

ტოტენჰემმა ფინალამდე აიაქსს და სიტის, იმ ორ გუნდს მოუგო, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ პრესინგს. ამ ორივე შემთხვევაში ლორენტე გუნდს ძალიან ეხმარებოდა - მეტოქის პრესინგის დროს ლონდონელებს ყოველთვის შეეძლოთ ლორენტეზე გრძელი პასით მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა. ესპანელი ყველაფერს იგებდა ჰაერში და ძალიან კარგად იღებდა ამ გრძელ პასებს. ლივერპული ასევე ძალიან კარგად თამაშობს პრესინგში, თუმცა ლორენტეს გარეშე პოჩეტინომ დაცვიდან ამოსვლის ალტერნატიული მეთოდი უნდა მოიფიქროს.

რჩევები ფსონის დადებამდე
ლივერპულს, დიდი ალბათობით, სათამაშო უპირატესობა ექნება - ეს იმას ნიშნავს, რომ კლოპის გუნდს ბევრი კუთხური და სტანდრატი უნდა ჰქონდეს.
ლივერპული თამაშში საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, ‘ენფილდზე’ გამართულ ბოლო შეხვედრაში კი მერსისაიდელებმა 10 კუთხური მოაწოდეს.
სტანდარტები და კუთხურები ის სიტუაციებია, როდესაც ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება გაიტანოს. ლივერპულის გოლების 22% სტანდარტებიდან გადის.
პრემიერლიგაში ლივერპულმა 89 გოლი გაიტანა. 56 გოლი მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოს ანგარიშზეა. ჩემპიონთა ლიგაში მათ 22-დან 12 გოლი გაიტანეს. 60 პროცენტზე მეტია შანსი, რომ ფინალში რომელიმემ შეაგდოს.
ჩემპიონთა ლიგაში სპურსის 20 გოლიდან 14 კეინი-სონი-მოურას ტრიოს ანგარიზეა, პრემიერლიგაში კი მათ 39 გოლი გაიტანეს (67-დან).

ჰარი კეინის გამოჩენას პოჩეტინოსთვის კიდევ ერთი დილემა მოჰყვება - მან ისეთი სქემა უნდა მოიფიქროს, რომ სონის და კარგ ფორმაში მყოფი ლუკას მოურას ადგილი კეინთან ერთად მოძებნოს. მან ან უნდა გარისკოს და მხოლოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველი დააყენოს, რომლის გვერდითაც ერიკსენი ჩამოიწევს. ამ შემთხვევაში ტოტენჰემი მოახერხებს კეინის უკან განალაგოს - დელე ალი- მოურა-სონის სამეული. ამ შემთხვევაში, ნახევარდაცვაში ლივერპულს ბევრად უფრო მებრძოლი, აგრესიული და დინამიური ფეხბურთელები ეყოლება, რაც აუცილებლად გარდაიქმნება მოედნის ცენტრში უპირატესობაში.

პოჩეტინოს მეორე ვარიანტია, რომ ლუკას მოურა, ან სონი სკამზე დატოვოს. მის ნაცვლად, სავარაუდოდ, სისოკო გამოჩნდება. შედეგად ტოტენჰემი დაცვაში უფრო საიმედო იქნება, თუმცა შემტევი პოტენციალის დასუსტების ხარჯზე.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლივერპულთან ბოლო თამაშში პოჩეტინომ ერთდროულად სამი ცენტრალური მცველით ითამაშა და დაცვის ცენტრში დევინსონ სანჩესი გამოჩნდა. თუკი არგენტინელი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს თავისი ტაქტიკა ლივერპულს მოარგოს, არ არის გამორიცხული, ლონდონელებმა ისევ 3-5-2 სქემით ითამაშონ.

ლივერპული - აქცენტი სტაბილურობაზე

თუკი მაურისიო პოჩეტინო ხშირად ცვლის ტაქტიკასაც და შემადგენლობასაც, ლივერპულისგან ტაქტიკურ სიურპრიზებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. იურგენ კლოპი აქცენტს სინქრონულობასა და ავტომატიზმამდე დაყვანილ თამაშზე აკეთებს და თითქმის არასოდეს ცვლის ძირითად ტაქტიკურ სქემას. შესაბამისად, ლივერპულს ტრადიციული 4-3-3 განლაგებით უნდა ველოდოთ.

ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, ნახევარდაცვის ხაზში იყოს. ამ რგოლში კლოპს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და როტაციას ხშირად მიმართავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ჰენდერსონის ნაცვლად ფაბინიომ ითამაშოს.

მწვრთნელები - მთავარი ტაქტიკური გამოწვევები

თუკი კლოპს ფინალების თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობს, მაურისიო პოჩეტინოსთვის შაბათის შეხვედრა პირველი ევროპული ფინალი იქნება. შიდა სარბიელზეც, მის გუნდს ფინალში მხოლოდ ერთხელ უთამაშია - 2015 წელს ტოტენჰემმა ლიგის თასის ფინალი ჩელსისთან დათმო. შესაბამისად, რთული სათქმელია, თუ როგორ მიუდგება პოჩეტინო ერთთამაშიანი ფინალის სპეციფიკას.

კლოპს უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებშიც - 10 დუელიდან პოჩეტინომ კლოპის ლივერპულს მხოლოდ ერთი მოუგო.

თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ტოტენჰემი ლივერპულისთვის იოლი მეტოქეა. კლოპის ეპოქაში მერსისაიდელებმა ლონდონელებს მხოლოდ ერთხელ მოუგეს 1-ზე მეტი ბურთით. წელს, 'ენფილდზე' გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ბოლო წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, მანამდე სანამ ტობი ალდერვეირელდმა თავის კარში არ ჩაჭრა ბურთი.

ორივე გუნდს უყვარს ბურთის ფლობა და ცდილობს, მეტოქის დაცვის ხაზიდანვე დაიწყოს პრესინგი. პრემიერლიგაში ორივე გუნდი დაახლოებით თანაბრად ფლობს ბურთს - ლივერპული 57.1 პროცენტი, ტოტენჰემი - 55.3. ზემოთ ხსენებულ ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში ტოტენჰემს, საერთოდაც სულ მცირე ბურთის უპირატესობაც ჰქონდა (51 პროცენტი 49-ის წინააღმდეგ).

პოჩეტინო დილემის წინაშე დგას - მან ან პრესინგსა და ბურთის ფლობაზე დაფუძნებული ფეხბურთი უნდა ითამაშოს და არ გადაუხვიოს თავისი თამაშის ჩვეულ სქემას - ამ შემთხვევაში იქმნება საფრთხე, რომ ლივერპულის სწრაფი შემტევები სივრცეში და კონტრშეტევებზე ტოტენჰემის არცთუ ისე სწრაფი მცველების წინააღმდეგ დარჩებიან ხოლმე; ან უნდა ითამაშოს ისევე, როგორც სიტისთან - თამაშის დიდ ნაწილში უარი თქვას ბურთის ფლობაზე და სცადოს კონტრშეტევებით და სტანდარტებით გავიდეს ფონს.

კლოპის ამოცანა უფრო მარტივად გამოიყურება - ლივერპული ეცდება ყველა შემთხვევაში ძალის პოზიციიდან თავისი ფეხბურთი ითამაშოს და მერსისაიდელებს აქვთ იმის რესურსი, რომ თამაში პირველ ნომრადაც ააწყონ და, თუ დასჭირდათ, კონტრშეტევებზეც ითამაშონ.

Players to watch - მოთამაშეები, რომლებმაც შეიძლება გაისროლონ

ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულისთვის საკვანძო მოთამაშეა. ასე იქნება შაბათსაც. ტოტენჰემის პრესინგის დროს ლივერპული შეტევებს სწორედ ვან დაიკით დაიწყებს და როგორ გადავა კლოპის გუნდი დაცვიდან შეტევაში, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული. ტოტენჰემის კონტრშეტევების დროს, ვან დაიკს ერთ-ერთზე მოუწევს ჰარი კეინის, ძალიან სწრაფი სონისა და ლუკას მოურას წინააღმდეგ თამაში. ერთი ერთზე თამაში ვან დაიკის ძლიერი მხარეა - ლივერპულისთვის გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად შეძლებს იგი მეტოქის კონტრშეტევების განეიტრალებას.

ლივერპულს, სავარაუდოდ, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლოპის გუნდმა ბევრი კუთხური უნდა მოაწოდოს და ბევრი სტანდრატი უნდა ჰქონდეს. თამაშში ლივერპული 6 კუთხურს აწვდის, 'ენფილდზე' გამართულ ბოლო შეხვედრაში კი მერსისაიდელებმა 10 კუთხური მოაწოდეს. სტანდარტები და კუთხურები ის სიტუაციებია, როდესაც ვან დაიკმა შეიძლება გაიტანოს. ლივერპულის გოლების 22% სტანდარტებიდან გადის. ლივერპული ძირითადად სწორედ ჰოლანდიელზე აწოდებს და მას ამ სეზონში უკვე 6 გოლი აქვს შეგდებული.

ლივერპულს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კორეელი სონისთვის მოუწევს. სონი ლონდონელთა ყველაზე მოულოდნელი მოთამაშეა, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია გადამწყვეტ თამაშებში გოლების შეგდება. სიტისთან გასვლით თამაშში, სწორედ სონის ორმა გოლმა მისცა ლონდონელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. კორეელს ძალიან კარგად შეუძლია სათადარიგო სკამიდან შემოსვლა. ამ სეზონში მან პრემიერლიგაში მხოლოდ 15 თამაშში ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა 12 გოლი შეაგდი და 6 საგოლე პასი გააკეთა.

იგი ლივერპულისთვის ტაქტიკურადაც პრობლემური მოთამაშე იქნება. სონს ფლანგიდან თამაში უყვარს და ძალიან კარგად პოულობს სივრცეებს მეტოქის ცენტრალურ მცველებსა და განაპირა მცველებს შორის. ლივერპულის განაპირა მცველები ბევრს უტევენ და წინ თამამად მიდიან, შესაბამისად, სონმა მათ ზონებში თავისუფალი სივრცეები უნდა იპოვოს სახიფათო მომენტების შესაქმნელად.

ლივერპულის შეტევების ორგანიზებაში ფლანგის მცველებს, ალექსანდერ-არნოლდსა და რობერტსონს, ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვთ. ორივე მათგანი ლივერპულის საუკეთესო ასისტენტია (რობერტსონი 13 საგოლე პასი, არნოლდი - 15). ტოტენჰემს დიდი ყურადღების გამოჩენა მოუწევს თავის ფლანგებზე.

წაიკითხეფეხბურთის რობინ ჰუდი - როგორ თამაშობს იურგენ კლოპის ლივერპული

საპირისპიროდ, კლოპმა რამე უნდა მოიფიქროს და კრისტიან ერიკსენი შეზღუდოს. ერიკსენი არამხოლოდ მთელ თამაშს უძღვება, არამედ გოლების დიდი ნაწილი სწორედ მისი პასებით გადის - ამ სეზონში დანიელს უკვე 16 საგოლე პასი აქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი: ტოტენჰემის ცენტრალური მცველები (ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი) სწრაფები არ არიან, მათ წინააღმდეგ კი ძალიან სწრაფი და სხარტი მანე და სალაჰი ითამაშებენ. ლივერპულმა ამ სეზონში პენალტებიდან უკვე 7 გოლი შეაგდო. განსაკუთრებით კარგად პენალტების მოპოვება მო სალაჰს გამოსდის. ერთწამიანი დაგვიანება, ან შენელებული გადაწყვეტილება ლონდონელებს შეიძლება პენალტის ფასად დაუჯდეთ. შეხსენებისთვის, ამ გუნდების გასული წლის შეხვედრაში საერთოდაც 3 პენალტი იყო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, ტოტენჰემის მატჩებში საშუალოდ 3,08 გოლი გადიოდა.

⚽ ტოტენჰემის ბოლო ორ ოფიციალურ მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა, მანამდე კი, სპურსის ზედიზედ 5 ოფიციალური მატჩი დამთავრდა მინიმალური ანგარიშით 1:0 (1 მოგება, 4 მარცხი).

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ტოტენჰემს ორივე მატჩი მოუგო და, თანაც, ორივე ერთნაირი ანგარიშით - 2:1. ორივე შეხვედრაში ლივერპულმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3-ში პირველი ტაიმი მოიგო.

⚽ ტოტენჰემმა პირველ ტაიმში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ითამაშოს, რადგან სპურსს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში გოლების 64,71% პირველ ტაიმში აქვს გაშვებული.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 4 მინიმუმ -1 ჰანდიკაპით მოიგო. 

⚽ ლივერპულმა ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ კრისტიან ერიკსენმა ბოლო 3 გოლი ტოტენჰემისთვის მატჩის 75-ე წუთის შემდეგ გაიტანა. ლივერპულთან ბოლო ორივე მატჩში მას საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

⚽ ლივერპულს ბოლო 14 ოფიციალური მატჩიან 13 მოგებული აქვს. ამ 13 მოგებიდან, 11-ში მერსისაიდელებმა გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს.

⚽ ლივერპულისა და ტოტენჰემის ბოლო 8 დუელიდან 7-ში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა თასი ხუთჯერ მოიგო, ტოტენჰემი კი ფინალში პირველად თამაშობს.

⚽ ტოტენჰემისა და ლივერპულის ბოლო 4 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

წინ დიდი ფინალია. ერთი შეხედვით, ბევრი ფაქტორი (გამოცდილება, კლასი, ურთიერთშეხვედრები) ლივერპულის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა პოჩეტინოს გუნდი ამ სეზონში პირველ რიგში ბრძოლისუნარიანობით და არდანებების უნარით გამოირჩევა. ლონდონელებმა უკვე მოიგეს ორი დაპირისპირება, როცა ისინი ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. შაბათს პასუხი გვექნება, მოახდენს თუ არა პოჩეტინო კიდევ ერთ სასწაულს და მოახერხებს თუ არა კლოპი თავისი პირველი დიდი ევროპული ფინალის მოგებას.

კომენტარები

ბოლო ამბები