Thumbnail

'ეს დავიმსახურე' - რა უთხრა შესვენებაზე მაურიციო სარიმ ფეხბურთელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაურიციო სარიმ კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოიგო
  • 60 წლის იტალიელი ევროპალიგის მომგები ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია
  • ჩელსის თავკაცის კომენტარი არსენალთან გამარჯვების შემდეგ

ბაქოში გამართულ ევროპალიგის ფინალში ჩელსიმ არსენალი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო. ჩელსის მთავარი მწვრთნელისთვის, მაურიციო სარისთვის ეს ჯილდო პირველი სერიოზული მიღწევაა 29-წლიან კარიერაში.

60 წლის იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც ლონდონური კლუბი გასულ ზაფხულს ჩაიბარა, აქამდე საამაყო მხოლოდ სერია A-ში, ნაპოლისთან ერთად ორჯერ დაკავებული მეორე ადგილი, ასევე, პრემიერლიგაში ბრინჯაოს მოგება და ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისის სუპერთასის ფინალებში გასვლა ჰქონდა. 

ახლა მაურიციომ ევროპალიგა მოიგო და ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა, ვისაც გამარჯვება უზეიმია.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ტიტული ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. იანვარსა და თებერვალში კრიზისი გვქონდა, მაგრამ ჩვენ ეს დავძლიეთ, რაც საკმაოდ რთულია ისეთ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერლიგაა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ევროპალიგაზე 12 მატჩი მოვიგეთ, გავედით ლიგის თასის ფინალში და ეს ყველაფერი დამსახურებულად. მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტისთან 0:6 დავმარცხდით, ჩვენ უკვე სხვა გუნდი ვართ.

პირველი ტაიმი რთული გამოვიდა. ეს ჩვენთვის სეზონის 64-ე მატჩი იყო, ძალიან ცხელოდა და ფიზიკურად გაგვიჭირდა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვთხოვე, ეთამაშათ უფრო ლაღად, თუნდაც წაგების რისკის ფასად. კარგი თამაში ვაჩვენეთ გუნდთან, რომელიც კონტრშეტევაზე სახიფათოა.

მაურიციო სარიმ ჩელსის ევროპალიგა დაუმარცხებლად მოაგებინა

აზარი საოცარი ფეხბურთელია. ორი-სამი თვე დამჭირდა იმისთვის, რათა მის შესაძლებლობებსა და პიროვნულ თვისებებს ჩავწდომოდი. ვიცი, რომ წასვლა სურს და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

კარგად ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო ჩელსისთვის და რა შეუძლია კლუბს ჩემთვის, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო. ჩემი აზრით, ჩელსიში დარჩენას ვიმსახურებ, მაგრამ ჩემი აზრი საკმარისი არ არის", - თქვა პრესკონფერენციაზე მაურიციო სარიმ, რომლის მომავალს მედია ტურინის იუვენტუსს უკავშირებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ მაურიციო სარიმ ჩელსის ამ სეზონში 39 მატჩი მოაგებინა. სადებიუტო წელს მეტის მოგება ჩელსიში მხოლოდ ჟოზე მოურინიომ (42) შეძლო.

⚽ მაურიციო სარიმ ჩელსის ევროპალიგა წაუგებლად მოაგებინა.

⚽ სარიმდე ამ იტალიელებმა მოაგებინეს ინგლისურ კლუბებს ევროთასები: ვიალიმ 1998 წელს - თასების მფლობელთა თასი (ჩელსი); დი მატეომ 2012 წელს - ჩემპიონთა ლიგა (ჩელსი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები