Thumbnail

ტრანსფერები | ბაიერნი და დიბალა - როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანული გრანდი პაულო დიბალასთვის ბრძოლას აგრძელებს
  • გადამწყვეტი სიტყვა ტურინელთა ახალმა მწვრთნელმა უნდა თქვას

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედია პაულო დიბალას მიუნხენის ბაიერნს უკავშირებს. არგენტინელის ბავარიულ გრანდში შესაძლო გადასვლაზე ადრეც იწერებოდა, თუმცა შემდეგ მითქმა-მოთქმა შეწყდა, იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი დიბალამ განაცხადა, რომ ტურინში დარჩენა სურს. როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ 25 წლის შემტევი მართლაც იუვეში დარჩება. 

იტალიური გაზეთები, ‘კორიერე დელო სპორტი’ და ‘კორიერე დელა სერა’ წერენ, რომ გერმანული გრანდი დიბალასთვის ბრძოლას აგრძელებს. უფრო მეტიც: რეკორდმაისტერისთის არგენტინელის ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერთან ერთად. მიუნხენელებს დიბალა პირველ რიგში იმიტომ მოსწონთ, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში მისი გამოყენება შემტევ სამეულში ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. როგორც იცით, ბაიერნი არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ დატოვეს, დიდი ალბათობით წავა ხამეს როდრიგესიც.

იტალიური მედია წერს, რომ ბაიერნი იუვენტუსს დიბალაში 80 მილიონ ევროს სთავაზობს, ტურინელები კი მინიმუმ 100 მილიონს ითხოვენ. მართალია, არგენტინელმა იუვეს შეფებს უთხრა, რომ წასვლა არ სურს, მაგრამ მთავარია, რა გეგმები ექნება ტურინული გრანდის ახალ მწვრთნელს, რომელიც, დიდი ალბათობით, მაურიციო სარი გახდება.

📋 მეტი ამ თემაზე

დიბალას და სანეს გარდა, ბაიერნი ლაიპციგისა და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებისთვისაც იბრძვის. “ბოლო დღეებში ტრანსფერების თვალსაზრისით არ ვაქტიურობდით, რადგან გერმანიის თასის ფინალი გვქონდა. ახლა კი დროა, გუნდის გაძლიერებაზე ვიფიქროთ,” - ეს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

Bayern Munich are ready to offer €80 million to Juventus for Paulo Dybala. Juve want €100 million 💰💎 📰 via Corriere della Sera

Posted by Italian Football TV on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2019

შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა მომავალი სეზონისთვის უკვე გაიფორმა ბენჟამენ პავარი (შტუტგარტიდან, 35 მილიონი ევრო), ლუკა ერნანდესი (ატლეტიკო, 80 მილიონი ევრო) და იან არპი (ჰამბურგი, 3 მილიონი ევრო). დიდი ალბათობით, მიუნხენიდან ჟერომ ბოატენგი წავა - პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მას უკვე ურჩია ახალი კლუბის მოძებნა.

კომენტარები

ბოლო ამბები