Thumbnail

იუვენტუსის ფეხბურთელებს მათი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე აცნობეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაურიციო სარისთვის ევროპალიგის ფინალი ჩელსიში ბოლო მატჩი იქნება
  • 60 წლის სპეციალისტის იუვენტუსში დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია
  • ნეაპოლელ ქომაგებს მათი მტრის ბანაკში მაურიციოს მისვლა ძალიან არ სურთ   

ევროპალიგის ფინალის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, ბაქოში გამართული მატჩის შემდეგ, ლონდონელებს დაემშვიდობება და ტურინის იუვენტუსს ჩაიბარებს. Daily Mail და Tuttosport იუწყებიან, რომ იუვენტუსის ფეხბურთელებს უკვე აცნობეს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ამ ზაფხულს 60 წლის იტალიელ სპეციალისტი დაიკავებს.

მანამდე გამოცხადდა, რომ იუვენტუსს მომავალ სეზონში მასიმილიანო ალეგრი აღარ გაწვრთნის, მის სავარაუდო შემცვლელებს შორის კი მაურიციო სარის კანდიდატურაც სახელდებოდა. ასევე დაიწერა, რომ ევროპალიგის ფინალში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ლონდონური კლუბი სარისთან გამოთხოვებას აპირებდა.

დიდი ალბათობით, სარი ჩელსის ბოლოჯერ ბაქოში  გაუძღვება

ბოლო ინფორმაციით, 29 მაისს, ლონდონის ჩელსის წარმომადგენელი ბრიუს ბაკი იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა და სპეციალისტის ტურინში გადაბარგების დეტალები განიხილა. მოსალოდნელია, რომ ლონდონურ გუნდში მთავარ მწვრნელად მისი ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლემპარდი დაბრუნდება.

მაურიციო სარის იუვენტუსში დანიშვნა დიდი დარტყმა იქნება ნაპოლის გულშემატკივრებისთვის. სპეციალისტი მშობლიური ნეაპოლის გუნდს ლონდონში გადაბარგებამდე, 2015-18 წლებში წვრთნიდა. ნაპოლის ქომაგებმა ახლახან მაურიციო სარის სახლთან ბანერი გააკრეს, სადაც სპეციალისტს მოუწოდეს, უარი თქვას მათი პრინციპული მეტოქის გაწვრთნაზე: "ბოს, ნუ გაყიდი შენს ხალხს, ნეაპოლს უყვარხარ!"

მაურიციო სარიმ ლონდონის ჩელსი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდმა პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და გავიდა ევროპალიგის ფინალში, სადაც დღეს  ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები