Thumbnail

ნეიმარი გააბრაზეს - ნაკრების ვარჯიშზე ვარსკვლავს ფინტი 19 წლის ბიჭმა აკადრა

  • ბრაზილიის ნაკრები ამხანაგური მატჩებისა და კოპა ამერიკისთვის ემზადება
  • ერთ-ერთ ვარჯიშზე ნეიმარს ეფექტური ფინტი 19 წლის ვევერტონმა გაუკეთა
  • პსჟ-ის ვარსკვლავმა ეს ვერ აიტანა და ახალგაზრდა თანაგუნდელს გაუსწორდა

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკისთვის ემზადება, მისი თავდამსხმელი ნეიმარი კი, რომელსაც ახლახან ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, ყურადღების ცენტრში არცთუ კარგი საქციელით მოექცა.

კრუზეიროსა და ბრაზილიის ნაკრების 19 წლის მცველმა ვევერტონმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს ეფექტური ფინტი გაუკეთა, რის გამოც ამ უკანასკნელის ნეგატიური რეაქცია დაიმსახურა. ვევერტონმა ნეიმარს ბურთი ფეხებში გაუტარა, პსჟ-ის 27 წლის ფორვარდმა კი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიასურით დაიჭირა და ძირს დააგდო. ნეიმარს ამ ეპიზოდის გამო ბოდიში არ მოუხდია და ის დატოვა შემთხვევის ადგილი, გაზონზე გაწოლილ ვევერტონს ზედაც არ შეხედა.

გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა ვარჯიშზე მარცხენა მუხლში დისკომფორტი იგრძნო და წვრთნა ნაადრევად დაასრულა. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევამ სერიოზული პრობლემა არ გამოავლინა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის დაწყებამდე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ტიტეს გუნდი 6 ივნისს ყატარს დაუპირისპირდება, 9-ში კი - ჰონდურასს. 

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მასპინძელთა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ბოლივია, ვენესუელა და პერუ ეყოლება.

კოპა ამერიკაზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდი ურუგვაის ეკუთვნის, რომელმაც 15-ჯერ გაიმარჯვა. 14 მოგება აქვს არგენტინას, ხოლო ბრაზილიას - 8.

კომენტარები

ბოლო ამბები