Thumbnail

რეალმა სერხიო რამოსს ფასი დაადო - კაპიტანს კლუბიდან წასვლა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის მცველმა კლუბის ხელმძღვანელობას ჩინეთში გაშვება მოსთხოვა
  • ფლორენტინო პერესი გუნდის კაპიტნის უფასოდ დათმობას არ აპირებს
  • სამეფო კლუბს 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრო სურს

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მზადაა, გუნდის კაპიტანსა და მცველს, სერხიო რამოსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეელიოს, ოღონდ - არა უფასოდ. როგორც AS იუწყება, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 33 წლის ფეხბურთელს აცნობა, რომ მის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ოდენობის შეთავაზებას მიიღებს. 

ესპანური მედია კარგა ხანია წერს, რომ ესპანელ ფეხბურთელს რეალში დარჩენა აღარ სურს და ამის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან გაფუჭებული ურთიერთობაა. მცველის აზრით, გარემოს გამოცვლა მასაც წაადგებოდა და კლუბსაც.

რეალის პრეზიდენტი ამბობს, რომ სერხიო შვილივით უყვარს

სერხიომ ცოტა ხნის წინ თავად მიმართა პერესს თხოვნით, მიეცა მისთვის კონტრაქტის გაწყვეტისა და თავისუფალი აგენტის სტატუსით, ჩინურ კლუბში გადაბარგების საშუალება. ამის პასუხად პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანს უფასოდ ვერ შეელევა, რადგან ეს არცთუ კარგი პრეცედენტი იქნება. 

"დღეს რეალში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი სერხიო რამოსს აქვს. ის კაპიტანი, საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სრულებით იმსახურებს. სერხიო რამოსი საკუთარი შვილივით მიყვარს. მითხრეს, რომ მას ჩინური კლუბიდან კარგი შეთავაზება აქვს, მაგრამ იქაური წესებით, კლუბს ტრანსფერის ფასის გადახდის საშუალება არ აქვს. ვუთხარი სერხიოს, რომ ეს შეუძლებელია - არ შეიძლება მადრიდიდან კაპიტანი უფასოდ მიდიოდეს, ეს საშინელი პრეცედენტი იქნება", - თქვა პერესმა. 

ჩინური კლუბის გარდა, ცოტა ხნის წინ მედიამ სერხიო რამოსის მომავალი ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირა.

სერხიო რამოსი რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მცველმა მადრიდელთა მაისურით პრიმერას 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი (5 პენალტით), მიითვალა ერთი საგოლე პასი და მიიღო 6 ყვითელი ბარათი.

კომენტარები

ბოლო ამბები