Thumbnail

29 მაისს ბაქოს "ოლიმპიურზე" ევროპალიგის ფინალში ჩელსი და არსენალი ეთამაშებიან ერთმანეთს. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა ის ფანები გააჩერეს, რომელთაც ჰენრიხ მხითარიანის საპატივცემულოც არსენალის 7-ნომრიანი მაისურები ეცვათ. საბედნიეროდ, ინციდენტი ამით ამოიწურა, აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა რაციით რაღაც გადასცეს და, როგორც ჩანს, ხელმძღვანელებისგან ინსტრუქცია მიიღეს, რომ ინგლისელი ფანებისთვის ხელი არ ეხლოთ. ორივე ფანმა გზა მშვიდობიანად გააგრძელა, თუმცა ამ ფაქტმა მაინც დიდი რეზონანსი გამოიწვია ინგლისში:

📺 ინციდენტი ბაქოში

"ბაქოს პოლიცია არსენალის ფანებს აჩერებს, რომელთაც ზურგზე მხითარიანი აწერიათ. თუ აზერბაიჯანში მხითარიანის ფანები ვერ გრძნონენ თავს უსაფრთხოდ, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა აქ თავად მხითარიანი", წერს ტვიტერზე არსენალის ფანების ჯგუფი LTArsenal™.

არსენალის ფანი პატრიკ ტომონსი ტვიტერზე წერს: "უეფამ მხითარიანს გარანტიები მისცა, რომ ის დაცული იქნებოდა აზერბაიჯანში და კვირაც არ გავიდა და პრობლემები შეექმნათ მხითარიანის ფანებს ბაქოში. ფინალის დაგეგმვა უეფას მხირდან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს". სხვათა შორის, პატრიკი პერსონალურად მესუთ იოზილის ფანია.

კოლინ მილიარი Football Espana-ს რედაქტორია. ის წერს: "გასაოცარი საქციელია - აზერბაიჯანის პოლიციამ გააჩერა ფანები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ზურგზე მხითარიანი ეწერათ. ფინალის ყოველი ასპექტი უეფას შესრულებით სამარცხვინოა". 

შეგახსენებთ, რომ არსენალის სომეხი ვარსკვლავი ჰენრიხ მხითარიანი გუნდთან ერთად ბაქოში არ ჩავიდა. მართალია, აზერბაიჯანულმა მხარემ და უეფამ მას სრული გარანტია მისცა, მაგრამ ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ მხითარიანმა გადაწყვიტა, რომ არ გაერისკა.

ბრიტანელები უეფას მხოლოდ ამ პოლიტიკური სარჩულის გამო არ უწუნებენ არჩევანს. მათი თქმით, ბაქო შორსაა და ფანებს იქ ჩასვლა გაუჭირდათ. სწორედ ამიტომ ბაქოში მხოლოდ 6 ათასამდე ინგლისელი ფანი ჩავიდა. სხვა ევროპულ ქალაქში კი გაცილებით მეტ ლონდონელს ვიხილავდით. 

არსენალის ბერძენმა მცველმა სოკრატის პაპასტატოპულოსმა განაცხადა, რომ გუნდმა ეს თამაში მხითარიანისთვის უნდა მოიგოს: "ის დიდი დანაკარგია გუნდისთვის. ჩვენ ამის გამო ვწუხვართ. ვფიქრობ, ჩვენ მხითარიანისთვის უნდა მოვიგოთ ეს თამაში".  

კომენტარები

ბოლო ამბები