Thumbnail
  • 📅 29 მაისი | ⌚ 23:00 | ⚽ ჩელსი V არსენალი | 📺 SILK UNIVERSAL
  • მაურიციო სარისა და უნაი ემერის დუელი

ბაქოს "ოლიმპიურზე" ორი ლონდონური კლუბის დერბი შედგება - ევროპალიგის 48-ე გათამაშება (მე-10 რაც სახელი გადაერქვა და ფორმატიც შეიცვალა) აპოგეას უახლოვდება. 

ფინალს წინ ბევრი სპეკულაცია უძღოდა - დასავლეთევროპელებმა ასე "შორს" ფინალის გამართვა დაუწუნეს უეფას, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰენრიხ მხითარიანის საქციელს მოყვა - მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე და უეფა უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდა, სომეხმა ფეხბურთელმა ბაქოში გამგზავრებაზე უარი თქვა. 

ბაქოს 'ოლიმპიური' - საოცარი სილამაზის სტადიონი

არსენალს ეს ტიტული ძალიან ესაჭიროება - "მეთოფეებს" არასდროს მოუგიათ ევროპალიგა, განსხვავებით მათი ბასკი თავკაცისგან. თუ ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, არსენალს მხოლოდ ბაქოში მოგებით შეუძლია გაიკაფოს ლიგისკენ გზა. 

კანტე საეჭვოა

თუ არსენალს მხითარიანი დააკლდა, ჩელსისა და მაურიციო სარის უმთავრესი პრობლემა ნგოლო კანტეს მუხლია - მისი თამაში ძალზე საეჭვოა. გამორიცხულია ლოფტუს-ჩიკის, ჰადსონ-ოდოი, რიუდიგერი და ამპადუ. კანტესა და კეჰილის თამაში კი საეჭვოა. არსენალს არ ეყოლება რემზი, დენის სუარესი, ბელერინი და ჰოლდინგი. უელბეკის თამაში კი საეჭვოა. მოკლედ, უძლიერესი შემადგენლობით ვერც ერთი გუნდი ვერ ითამაშებს. 

ჩელსი ბაქოში ვარჯიშობს

გახნილი თამაში იქნება

თუკი არსენალს მეტი მოტივაცია აქვს, მწვრთნელების შემთხვევაში, ორივეს ერთნაირად ჰაერივით სჭირდება ტიტული - მეტიც, შესაძლოა მაურიციო სარის ევროპალიგის მოგებამაც ვერ უშველოს და მაინც გაუშვან ჩელსიდან. 

მაურიციო სარი (ჩელსი): "არსენალის წინააღმდეგ, როგორც წესი, გახნილი თამაში იმართება. მათ ორი ძალზე საშიში ფორვარდი ჰყავთ - ობამეიანგი და ლაკაზეტი. შეტევის ფაზაში არსენალი ძალიან საშიში გუნდია. მეტოქეს მაღალ ტემპში, აგრესიული თამაში შეუძლია, ასე რომ, მის წინააღმდეგ იოლი არასოდეს არის. ამ ფინალს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის არ ვთამაშობთ. ჩვენ ტიტული გვსურს. ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია და გვჯერა, რომ ჩვენ ამ ტიტულის მოგებას ვიმსახურებთ". 

უნაი ემერისთვის ევროპალიგა 'მშობლიური' ტურნირია

უნაი ემერი (არსენალი): "ამ სეზონში ყველა ფრონტზე ვიბრძოლეთ. როცა ევროპალიგაზე თამაშს ვიწყებდით, ზოგიერთი ფეხბურთელი უპირატესობას პრემიერლიგას ანიჭებდა. მაგრამ ახლა უკვე მე ვწყვეტ, ვის იმედზე ვიყო - არ შეიძლება მხოლოდ ნახევარფინალში და ფინალში მოგინდეს თამაში. ნამდვილად ამბიციურ სპორტსმენებს მთელი სეზონის განმავლობაში შეუძლიათ კონცენტრაცია". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩელსი და არსენალი ერთმანეთს უამრავჯერ შეხვედრიან, მაგრამ ევროთასებზე მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - ჩელსიმ 1 მოიგო, 1 ფრე, 3:2 ბურთების სხვაობა.

⚽ არსენალი ინგლისურ კლუბებს ევროთასებზე 6-ჯერ შეხვდა და ჯერ ერთხელაც არ მოუგია - 2 ფრე, 4 წაგება. ბოლო სამი მატჩი კი წაგებით დასრულდა. 

⚽ ჩელსი ევროპალიგაზე 17 მატჩია, რაც დაუმარცხებელია - აქედან 14 ამ სეზონზე მოდის, 3 კი 2013 წელზე. 

⚽ დასავლეთლონდონური კლუბი ევროპალიგის ამ სეზონის საუკეთესო შემტევი გუნდია - 32 გოლი და მას ტურნირის რეკორდსმენ პორტუმდე (2010/11 წწ) 5 გოლი აკლია. 

⚽ არსენალს ევროპალიგაზე 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

⚽ არსენალი ტურნირის (უეფას თასი) ფინალში ბოლოს 2000 წელს იყო, როცა გალათასარაისთან პენალტების სერიაში 1:4 წააგო (0:0 მატჩში). ეს მატჩი კოპენჰაგენში (დანია) გაიმართა.

⚽ არსენალს ამ სეზონში 5-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, რომელიც ბატე-სთან დასრულდა. ეს ტურნირის რეკორდის გამეორებაა. 

⚽ წინა სეზონში არსენალი ნახევარფინალში ატლეტიკოსთან დამარცხდა. მანამდე კი 19 სეზონი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.

⚽ ოლივიე ჟირუს (ჩელსი) ბომბარდირობის კარგი შანსი აქვს, მას და ლუკა იოვიჩს 10-10 გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ აინტრახტის ფორვარდისთვის ყველაფერი დასრულებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-3-3): კეპა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ბარკლი - პედრო, ჟირუ, აზარი

არსენალი (5-2-2-1): ჩეხი - კოლაშინაცი, კოსიელნი, პაპასტატოპულოსი, მუსტაფი, მეიტლენდ-ნილსი - ჯაკა, ტორეირა - ობამეიანგი, იოზილი - ლაკაზეტი 

კომენტარები

ბოლო ამბები