Thumbnail

ჩაწყობილი მატჩები ლა ლიგაში - პოლიციამ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთის პოლიციამ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავა
  • დაკავებულთა შორის 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რაულ ბრავოცაა

ესპანეთის პოლიციამ ჩაწყობილი თამაშების საქმესთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერაცია "ოიკოსის" ფარგლებში ის ადამიანები აიყვანეს, რომლებიც ლა ლიგაში, ლა ლიგა 2-სა და ესპანეთის დაბალ დივიზიონებში საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილნი.

დაკავებულთა შორის ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელი რაულო ბრავოა, რომელმაც მადრიდის რეალთან ერთად 2002 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბრავომ კარიერა 2017 წელს დაასრულა.

პოლიციამ დააკავა ბორხა ფერნანდესიც, რომელმაც ეს სეზონი ვალიადოლიდში გაატარა და კარიერა ორი კვირის წინ დაასრულა. მოქმედი ფეხბურთელებიდან დააკავეს: სამუ საისი (ხეტაფე) და ინიგო ლოპესი (დეპორტივო).

ჩაწყობილ თამაშებთან კავშირში ბრალი უესკას პრეზიდენტსაც ედება. აგუსტინ ლასოაოსასთან ერთად, კლუბის სამედიცინო შტაბის უფროსი, კარლოს გალინდო ლანუსაც დაიჭირეს. პოლიციის ინფორმაციით, ლა ლიგა 2-ში უესკასა და ხიმნასტიკს შორის გამართული მატჩის შედეგი წინასწარ იყო შეთანხმებული.

ფაქტს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩაწყობილი მატჩების მოსპობა ფეხბურთში სამუდამოდ სურს. შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ ტებასმა მედიასთან მეტი არაფერი თქვა, რადგანაც საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები