Thumbnail

World's Strongest Man 2020 საქართველოში? ქართველი ხარის დიდი გეგმები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კონსტანტინე ჯანაშიას ზაფხულში ორი დიდი ტურნირი ელოდება
  • სტრონგმენების მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო პირველობა შტანგის ამოწევაში
  • ინტერვიუ პროფესიონალ ქართველ სტრონგმენთან

კონსტანტინე ჯანაშია პროფესიონალი სტრონგმენია, რომელმაც წელს, მანჩესტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადილი დაიკავა. ჯანაშია ევროპის რეიტინგში მესამე ადგილზეა, მსოფლიო მასშტაბით კი მეოთხე პოზიციას იკავებს. კონსტანტინე, რომლის მეტსახელია ქართველი ხარი, მძიმე ზაფხულისთვის ემზადება: ივნისში სტრონგმენების მსოფლიოს ჩემპიონატია ფლორიდაში, ივლისში კი უკვე კონკრეტულად შტანგის ამოწევაში ჩატარდება მსოფლიო პირველობა და ეს უკვე ლონდონში, უემბლის სტადიონზე. 

popsport.com-თან ინტერვიუში, კონსტანტინე ჯანაშიამ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. დიდია შანსი, 2020 წლის World's Strongest Man საქართველოში გაიმართოს...

popsport: წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელი ტურნირებისთვის ემზადები?

ჯანაშია: 13 ივნისს ფლორიდაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი და სწორედ ეს არის უმთავრესი ტურნირი, რომლისთვისაც ვემზადები. ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 25 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამ 25-დან უნდა გამოვლინდეს საუკეთესი 10 სტრონგმენი და ფინალში უკვე ტოპ 10-ეული იბრძოლებს.

ნახე ქართველი ხარი - ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს

popsport: ევროპის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულე. მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენცია კიდევ უფრო დიდი იქნება. რა მიზანი გაქვს დასახული?

ჯანაშია: თუ ევროპის ჩემპიონატს შევადარებთ, სამი ძლიერი სტრონგმენი გვემატება, რომლებსაც კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. ვფიქრობ, კონკურენცია დიდად არ გაიზრდება. უბრალოდ, მარათონული ტურნირია, რამდენიმე დღე გრძელდება, განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს და სწორედ ეს არის მთავარი სირთულე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, კიდევ ერთ ტურნირზე მივიღებ მონაწილეობას.

popsport: რომელ ტურნირზე?

ჯანაშია: 6 ივლისს ლონდონში, უემბლის სტაიონზე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი კონკრეტულად შტანგის ამოწევაში. სულ 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე მონაწილე ვართ, ვინც შევუკვეთეთ 501 კილოგრამი, რაც მსოფლიო რეკორდია. ამ მოძრაობაში ერთ-ერთი რეკორდი მე მეკუთვნის: 400 კილოგრამი ამოვწიე 5-ჯერ, რაც სხვას არავის გაუკეთებია. ეს მოხდა 2017 წელს მანჩესტერში.  

popsport: ორი დიდი ტურნირისთვის ემზადები და როგორია დღის რეჟიმი, მოსამზადებელი ეტაპი?

ჯანაშია: ძალიან რთული რეჟიმი მაქვს და დრო ფაქტობრივად არაფრისთვის მრჩება. თითქოს დაპროგრამებული ვარ, რომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის იდეალურად მოვემზადო. რთული პერიოდი მაქვს და იმედია, რომ ეს შრომა მიღწეული შედეგებით დამიფასდება. 

მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

popsport: საქართველოს სტრონგმენის ფედერაციის პრეზიდეტი ხარ. იყო სურვილი, რომ თბილისში ჩატარებულიყო ჩემპიონატი. ამ მძიმე გრაფიკში, რამდენად გრჩება დრო რომ თბილისურ ტურნირს გაუწიო ორგანიზება?

ჯანაშია: წელს გამორიცხულია, რომ თბილისში ტურნირი ჩავატაროთ, რადგან მართლაც უმძიმეს გრაფიკი მაქვს. ივლისის ჩათვლით ტურნირებზე ვარ, აგვისტოში კი დასვენება და ძალების აღდგენა მომიწევს. შემოდგომიდან ახალი ტურნირები იწყება: გიგანტების შოუ, არნოლდ კლასიკი და დუბაის კომერციული ტურნირი 100 000$-იანი საპრიზო ფონდით. ასე რომ, 2019 წელს თბილისში ტურნირის ჩატარება არ გამოვა, მაგრამ სამაგიეროდ, გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომელიც ყველაფერს წონის.

popsport: რას გულისხმობ?

ჯანაშია: შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც გამოთქვა სურვილი რომ 2020 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, ანუ World's Strongest Man საქართველოში ჩატარდეს. გადავეცი ეს ინფორმაცია ტურნირის დამფუძნებელს, რომელმაც თავის მხრივ გააცნო იდეა კომისიას, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება. კომისიაში სულ 15 წევრია და თითოული მათგანი თანახმაა, რომ 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება საორგანიზაციო, ტექნიკურ საკითხებზე და დაახლოებით ერთ თვეში უკვე საბოლოო პასუხი გვეცოდინება. ვფიქრობ, რომ 2020 წელს World's Strongest Man საქართველოში ჩატარდება.

2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე ჯანაშიამ მესამე ადგილი დაიკავა

 

კომენტარები

ბოლო ამბები