Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველი რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა
  • 27 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ნაკრებს დაეხმარება
  • ვლადიმირ ვაისის გუნდს ივნისში ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩები ელის
  • საბა კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ამის შესახებ championat.com იუწყება, რომლის ცნობით, რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავებული 27 წლის ქართველი ფეხბურთელის მდგომაროება საგანგაშო არაა და ის უკვე სამშობლოში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოემგზავრა.

მოსკოვის ლოკომოტივმა, რომლის ღირსებას კვერკველიასთან ერთად, ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიაც იცავდა, 30 ტურის მატჩში უფასთან მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა და რუსეთის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. საბამ ტრავმა უკვე მე-17 წუთზე მიიღო და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა, თამაშში 29-ე წუთიდან ჩაერთო 18 წლის კვარაცხელია. 

საბა კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონში პირველად შეცვალეს

ამ გამარჯვების წყალობით, ლოკომოტივმა 56 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ვერცხლის მედლებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

მეტი ამ თემაზე: რეკორდსმენები და დებიუტანტები - ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 25 კლუბის ვინაობა ცნობილია

ჯერჯერობით უცნობია, ამ გუნდში ისევ ითამაშებენ თუ არა ქართველი ლეგიონერები. საბა კვერკველიას მიმართ სხვადასხვა ევროპული კლუბების დაინტერესების შესახებ დროგამოშვებით იწერება ხოლმე, ხვიჩა კვარაცხელიას კი მოსკოველებთან იჯარის ხელშეკრულება ამოეწურა და შედგება თუ არა რუსთავის შემტევი ნახევარმცველის სრულფასოვანი ტრანსფერი ლოკომოტივში, ახლო მომავალში გაირკვევა.

ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა კვერკველიამ ცოტა ხნის წინ რუსეთის თასი მოიგეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩებისთვის მზადებას სულ მალე დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 10 ივნისს კი დანიას ესტუმრება. საქართველოს ნაკრების სლოვაკ სპეციალისტს მომავალი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ჯერ არ გამოუცხადებია.

მეტი ამ თემაზე: დანია საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას იწყებს - ჰარეიდეს 22-კაციანი გუნდი

საბა კვერკველიამ რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონის 30-ივე მატჩში ითამაშა (29-ში შეუცვლელად) და ერთი გოლი მიითვალა. მანამდე ის და ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად რუსეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ

კომენტარები

ბოლო ამბები