Thumbnail

'ეს არის ნარკოტიკი, რომელზეც ვერ ამბობ უარს' - ინტერვიუ ზურა კვესტაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ალპინისტებმა ჰიმალაის მთებში ამა დაბლამის მწვერვალი დაიპყრეს
  • ზურა კვესტაძემ შთაბეჭდილებები და ემოციები popsport.com-ს გაუზიარა

ქართველმა ალპინისტებმა ზურა კვესტაძემ და ბექარ ფაჯიშვილმა ჰიმალაის მთებში ამა დაბლამის მწვერვალი დაიპყრეს. ეს იყო ხანგრძლივი და ურთულესი გზა, რომელიც ქართველებმა წარმატებით დაძლიეს. ზურა კვესტაძეს არაერთი წარმატებული ექსპედიცია უმაგრებს ზურგს და მოსაყოლიც ბევრი აქვს. ზურამ popsport.com-ის კითხვებს უპასუხა...

popsport: გაიხსენე ჰიმაილის მწვერვალზე ასვლა: რამდენად სახიფათო გზა იყო და რა სირთულეები გადაგხდა?

კვესტაძე: თავიდან აღვნიშნავ, რომ ამ ექსპედიციაში ორი ქართველი ვიყავით, მე და ბექარ ფაჯიშვილი. ისე კი საბაზო ბანაკში დაახლოებით 50 კაცი იყო მთაზე ასვლის მსურველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მწვერვალი ამა დაბლამი გახლავთ 6 812 მეტრზე. ეს მთა გამოირჩევა რთული ტექნიკური რელიეფით: ვერტიკარული, დაკიდებური კედლებითა და თოვლ-ყინულოვანი მონაკვეთებით. მთაზე ასვლა ერთი დიდი სირთულეა, რომელიც დღეები, ჩვენ შემთხვევაში კი კვირეები გაგრძელდა. ცუდი ამინდები დაემთხვა: მუსონი შემოვიდა და ძლიერი ქარი აფერხებდა მსვლელობას. ეს შეიძლება დაუძლეველი სირთულეც ყოფილიყო, მაგრამ გაგვიმართლა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ მშვიდობიანად ასვლა და დაშვება. 

ბექარ ფაჯიშვილი და ზურა კვესტაძე

popsport: გაგვაცანი თავი: როდის დაიწყე მთასვლელობა და რომელ მწვერვალებს გამოარჩევ, რომელიც უკვე დალაშქრე?

კვესტაძე: პირველად მთაში 2010 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინიადაზე მოვხვდი. უკვე მომდევნო წელს, ამავე ალპინიადაზე გავიარე პირველი მწვერვალი ვაჟა ფშაველა, რომელიც ჭაუხის მასივშია, სოფელ როშკის მხრიდან. 2012 წლიდან დავიწყე კლდეზე ცოცვა და სპორტულად სიარული ბიძინა გუჯაბიძის გუნდში. ამ გუნდთან ერთად ბევრი რთული და საინტერესო ასვლა მქონდა: ოთხი მარშრუტი უშბაზე, მათგან ერთი კი სარეკორდო გარბენით სამხრეთ უშბაზე გაბრიელის მარშუტით. ასევე, სამხრეთ უშბის სამხრეთ-დასავლეთი კედელი მარშრუტი ხარაკტერნიკი, რომლიც 2016 წლის საუკეთესო ასვლა იყო. მაშინ, ჯილდო ავიღე, რომელსაც ქართული ოქროს წერაყინი ეწოდება. ასევე, გამოვარჩევდი ზამთრის ასვლებს ჭაუხის მასივში. ზამთრის პირველი მე-6 კატეგორიის ტექნიკური მარშრუტი საქართველოში მე და ბექარმა გავიარეთ წყვილში, ეს კი 2018 წლის თებერვალში მოხდა.

popsport: რომელი იქნება შემდეგი მწვერვალი და ზოგადად, რა გეგმები გაქვს სპორტულ კარიერაში?

კვესტაძე: წლევანდელ ზაფხულს კავკასიონზე გავატარებ. გუნდის წევრებს საკვალიფიკაციო ასვლებში დავეხმარები. შემოდგომაზე ალბათ ისევ ალპებს დავუბრუნდები. შემდეგი ნაბიჯი ალბათ 8-ათასიანი მწვერვალი იქნება. ასევე, დიდი ქართული ექსპედიციის მოწყობას ვგეგმავთ, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამ თემაზე მიმდინარეობს სპონსორებთან მოლაპარაკება.

popsport: რა არის მთასვლელისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მოტივაცია?

კვესტაძე: რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. როდესაც ერთ მწვერვალზე ადიხარ, სურვილი გიჩნდება რომ კიდევ უფრო მაღლა ახვიდე და კიდევ უფრო რთული გზა გაიარო. რაც უფრო დიდია რისკი, მით უფრო სასიამოვნოა მიღწეული მიზნით მიღებული სიამოვნება. ეს ყველაფერი ძალიან აზარტულია. ნარკოტიკია, რომელზეც გიჭირს უარის თქმა.

ქართული ბანაკი ჰიმალაებზე

popsport: უკეთ გავარკვიოთ სპორტის მოყვარულები ალპინიზმში. კიდევ თუ დარჩა მსოფლიოში მწვერვალი, რომელზეც ადამიანი არ ასულა, თუ ყველა მწვერვალი დალაშქრულია და უკვე დროს და მარშრუტის სირთულეს ენიჭება მნიშვნელობა?

კვესტაძე: ალპინიზმი მხოლოდ სპორტის სახეობა არაა. ეს არის სუბკულტურა და თუ ამ ოჯახის წევრი ხდები, მისი წესებით გიწევს ცხოვრება. ჯერ კიდევ ბევრი დაულაშქრავი მწვერვალია, მაგრამ ყველგან რომ ავიდეს ადამიანი, მთასვლელობა მაინც არ ამოიწურება. თითოეულ მწვერვალზე სხვადასხვა მარშრუტებით შეგიძლია ასვლა და ეს გზებიც სხვადასხვა სირთულისაა. მაგალითად, უშბას დაახლოებით 30-მდე მარშრუტი აქვს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

popsport: როგორია მთასვლელის ცხოვრების რიტმი და რეჟიმი, როგორია იყო ამ სუბკულტურის ნაწილი?

კვესტაძე: მოწყვეტილი ხარ ქალაქში ცხოვრების რიტმს და დროის ნახევარს მთებში ატარებ. ბარში მხოლოდ ექსპედიციებს შორის გიწევს ყოფნა. ეს უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ დამწყებმა მთასვლელებმა. 

popsport: თითოეული ასვლა რისკებთან არის დაკავშირებული. ექსტრიმი სპორტის ამ სახეობის შემადგენელი ნაწილია. თუ გახსენდება გამორჩეული ეპიზოდი?

კვესტაძე: გარდა იმისა რომ მთასვლელი ვარ, გიდად ვმუშაობ, ტურისტებისთვის პოპულარულ მთებზე კი ექსტრემალური შემთხვევების გარეშე სეზონი არ ჩაივლის. მაგალითად, ორი წლის წინ, ტიანშანის რეგიონში, მწვერვალ ხან-ტეგრიზე (7 010 მ.) ექსპედიციისას ერთი ღამის განმავლობაში ორი შემთხვევა გვქონდა და თან დაახლოებით 6 000 მეტრ ზიმაღლეზე. მწვერვალზე ასვლის შემდეგ, უკანა გზაზე დააღამდათ, ფანრის გარეშე დარჩნენ, უჭმელ-უსმელები და ენერგია-გამოცლილები გზას ვეღარ აგრძელებდნენ. ჯერ ერთი ჯგუფი გავედით ქალბატონის დასახმარებლად, შემდეგ რაციით გადმოგვცეს რომ კიდე ერთი მამაკაცი იყო მთაზე დარჩენილი და მეორე ჯგუფი გაემართა. ორივე მათგანი მშვიდობით დავაბრუნეთ ბანაკში. ამ სამაშველო გასვლამ ჩვენი მთაზე ასვლის გეგმები შეცვალა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვერვალზე ფეხის დადგმა.

popsport: რა რჩევას მისცემდი დამწყებ მთასვლელებს?

კვესტაძე: პირველ რიგში, აუცილებელია რომ დაიწყონ ვარჯიში კლდეზე ცოცვაში. რაც შეეხება მთაში წასვლას, დასაწყისისთვის უმჯობესი იქნება ჩაეწერონ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ყოველწლიურ საზაფხულო ექსპედიციებში, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები ასწავლიან მთაზე ასვლის ტექნიკას, თოკთან მუშაობას, სამაშველო ოპარაციის ჩატარებას და უსაფრთხოების ნორმებს. შემდეგ გამოცდილ გამყოლებთან ერთად ივლიან მარშრუტებზე, რის შემდეგაც უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ მთაში სიარულს.

ზურა კვესტაძეს ბევრი წარმატებული ექსპედიცია უმაგრებს ზურგს

 

კომენტარები

ბოლო ამბები