Thumbnail

მარცხი 78-ე ჩოგანთან - ბასილაშვილი როლან გაროსს პირველ წრეში დაემშვიდობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი-ხუან იგნასიო ლონდერო 4:6, 1:6, 3:6
  • 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი როლან გაროსს დაემშვიდობა 

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა სტარტზევე დაასრულა. 27 წლის ჩოგბურთელი, რომელიც როლან გაროსის ვაჟთა ტურნირში კარიერაში პირველად მოხვდა განთესილთა შორის (მე-15 ნომრად), პირველ წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს (78) დაუპირისპირდა და უშანსოდ, სამ სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილი და ლონდერო ATP-ის ეგიდით ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ნიკამ ორი ეისი და ერთი ბრეიკ-პოინტი მიითვალა, თავის მოწოდებაზე კი ოთხჯერ შეცდა. თიხნარის სპეციალისტად აღირებულმა არგენტინელმა 8 ეისი მოაწოდა და 6 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა.

მეორე წრეში ხუან იგნასიო ლონდერო ფრანგ რიშარ გასკესა (39) და გერმანელ მიშა ზვერევს (103) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკამ საფრანგეთის ღია პირველობაზე შარშანაც წარუმატებლად იასპარეზა - პირველ წრეში მასპინძელ ჟილ სიმონთან ოთხ სეტში დამარცხდა, მისთვის გაცილებით წარმატებული კი 2017 წლის როლან გაროსი იყო, როდესაც ორი წრის გავლის შემდეგ, 1/16 ფინალში რაფაელ ნადალთან  წააგო.

დიდი სლემის წლის მეორე ტურნირი პარიზში, "როლან გაროსის" კორტებზე, 20 მაისიდან 9 ივნისამდე გაიმართება, მისი საპრიზო ფონდი კი 39 197 00 ევროა. როლან გაროსის მოქმედი გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები