Thumbnail
  • სად გააგრძელებს კარიერას ჰოლანდიური ფეხბურთის იმედი?
  • მატეის დე ლიხტმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა
  • აიაქსიდან ნამდვილად მიდის - ბარსა, იუნაიტედი, ლივერპული, ბაიერნი, თუ იუვენტუსი?

ამსტერდამის აიაქსის მცველმა მატეის დე ლიხტმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. 19 წლის უკანახაზელს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ცხადია, რომ აიაქსში არ დარჩება. მისი გადაბირება ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურს. იწერებოდა, თითქოს მისი ბარსელონაში ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. კვირას, დე ლიხტმა დუმილი დაარღვია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მართალია, არ უთქვამს, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას, მაგრამ რაღაც-რაღაცები დააკონკრეტა.

“სად ვხედავ საკუთარ თავს? პრემიერლიგა, რა თქმა უნდა, დიდი ტურნირია. ასევე ესპანეთის ჩემპიონატიც, მაგრამ სხვა ლიგებიც არსებობს,” - აღნიშნა დე ლიხტმა ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშის შემდეგ. ცხადია, რომ დე ლიხტი (კონტრაქტი 2021 წლამდე) ზაფხულში აიაქსს დატოვებს. მისმა მსურველმა კლუბმა დაახლოებით 70-80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

მატეის დე ლიხტი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი მთავარი თემაა

“ჯერაც არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. ახლა მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებზე ვფიქრობ - წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. მერე კი საკუთარ მომავალზე ვიფიქრებ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე გრანდის ინტერესი, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ახლა მხოლოდ სანაკრებო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული,” - დასძინა დე ლიხტმა.

ჰოლანდიის ნაკრები 6 ივნისს, ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ინგლისს ეთამაშება. ალბათ სწორედ სანაკრებო პაუზის შემდეგ გახდება ცნობილი, სად მიდის ჰოლანდიური ფეხბურთის იმედი. ესპანეთში მისი მთავარი მსურველი ბარსელონაა, ინგლისში მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული, გერმანიაში ბაიერნი, იტალიაში კი - იუვენტუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები