Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსია კიდევ რამდენიმე ტრანსფერს გეგმავს
  • BVB-ს შეფი ადასტურებს, რომ მარიო მანჯუკიჩის შეძენა სურს
  • ჯეიდონ სანჩოს გაშვება კატეგორიულად გამორიცხულია

იულიან ბრანდტის, ნიკო შულცისა და თორგან აზარის სახით დორტმუნდის ბორუსიამ მომავალი სეზონისთვის უკვე სრულყო ძალიან საინტერესო ტრანსფერები, მაგრამ შავ-ყვითლები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. BVB-ს შეფი ჰანს-იოახიმ ვატცკე გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. დორტმუნდის 59 წლის ბოსი აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში მისი გუნდი აუცილებლად უნდა გახდეს გერმანიის ჩემპიონი და ამისათვის, პირველ რიგში ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნებაა საჭირო.

“ტრანსფერებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი იდეა გვაქვს, - აცხადებს ვატცკე ‘ბილდთან’ ინტერვიუში, - თუმცა იდეებს განხორციელება სჭირდება, რაც ადვილი არ არის.”

დორტმუნდის ბორუსიას გენერალური მენეჯერი ჰანც-იოახიმ ვატცკე

ბოლო დღეებში, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებმა, დორტმუნდთან მიმართებაში არაერთხელ ახსენეს იუვენტუსის თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი. ხორვატს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და იუვეში ბედნიერია, მაგრამ არავინ იცის, რა ელის ახალი სეზონიდან, რადგან მასიმილიანო ალეგრი წავიდა, ახალ მწვრთნელს კი, შესაძლოა, მანჯუკიჩთან დაკავშირებით გეგმები არც ჰქონდეს.

ვატცკეს სურს, რომ სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლოს: “მარიო მანჯუკიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებდა, მაგრამ ის იუვენტუსის ფეხბურთელია. თუმცა ფეხბურთში არასდროს არაფერია გამორიცხული. ვინც მანჯუკიჩს იცნობს, იცის, რომ მას ყოველთვის თამაში სურს. დორტმუნდში მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნებოდა!” - ამბობს ბორუსიას შეფი.

ჯეიდონ სანჩო დორტმუნდში რჩება

ვატცკემ ჯეიდონ სანჩოზეც ილაპარაკა: “ცხადია, თავს ვერ დავდებ, რომ სანჩო დორტმუნდში კიდევ 10 წელი ითამაშებს, მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები გვაქვს. 2019 წლის ზაფხულში მისი წასვლა კატეგორიულად გამორიცხულია. სანჩო მომდევნო სეზონში აუცილებლად ბორუსიაში ითამაშებს!”

კომენტარები

ბოლო ამბები