Thumbnail

ატალანტა ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს! ინტერი ჰანდანოვიჩმა გაიყვანა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბერგამოს ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
  • ევროპის ელიტაში ინტერიც ითამაშებს
  • ნერაძურის ფანებმა ბოლო წუთებზე ბევრი ინერვიულეს
  • ემპოლი გავარდა, მილანი ევროპალიგის საგზურს დასჯერდა
  • რომადან დანიელე დე როსი გააცილეს

იტალიის სერია A-ს ბოლო ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, დრამატული გამოვიდა. საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საგზური მილანის ინტერმა და ბერგამოს ატალანტამ მოიპოვეს!

ატალანტამ სასუოლო 3:1 დაამარცხა და ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში თამაშის უფლება არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. ბერგამოელებმა იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც მათთვის უდიდესი მიღწევაა.

📺 ვიდეო: ატალანტა 3:1 სასუოლო (მიმოხილვა)

მეოთხე ადგილზე კი ინტერი გავიდა, რომელმაც დრამატულ მატჩში 2:1 მოუგო ემპოლის, რაც ‘ნერაძურის’ მეკარე სამირ ჰანდანოვიჩის დამსახურებაა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში სწორედ მან იხსნა ინტერი, მანამდე კი, მატეო პოლიტანო იყო ახლოს ავტოგოლთან, მაგრამ ბურთი ინტერის კარის ძელს მოხვდა. ემპოლიმ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ არ გაუმართლა და ლევან მჭედლიძის გუნდი სერია B-ში დაქვეითდა.

📺 ვიდეო: ინტერი 2:1 ემპოლი (მიმოხილვა)

მილანმა და რომამ თავიანთი მატჩები მოიგეს, მაგრამ ევროპალიგის საგზურებით უნდა დაკმაყოფილდნენ. რომა სულაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. მილანმა სპალ-ს 3:2 მოუგო, რომამ კი, დანიელე დე როსის უკანასკნელ მატჩში პარმა 2:1 დაამარცხა. 35 წლის დე როსი რომას 18-წლიანი ეპოქის შემდეგ დაემშვიდობა - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი უდიდესი ოვაციების ფონზე გააცილეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები