Thumbnail

ფედერერის შთამბეჭდავი დაბრუნება როლან გაროსზე - როჯერმა უპრობლემოდ მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერის დებიუტი როლან გაროსზე 20 წლის წინ შედგა
  • 10 წლის წინ მან როლან გაროსი პირველად და უკანასკნელად მოიგო
  • შვეიცარიელი საფრანგეთის ღია პირველობას შთამბეჭდავად დაუბრუნდა

2015 წლის შემდეგ როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველად ასპარეზობს. ლეგენდარული შვეიცარიელი პირველ რაუნდში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდა და უპრობლემოდ, სამ სეტში დაამარცხა - 6:2, 6:4. 6:4. 37 წლის ფედერერს ამ მატჩის მოსაგებად 1 საათი და 41 წუთი ეყო.

მესამე სეტში იყო მომენტი, როდესაც რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფმა იტალიელმა თამაში შთამბეჭდავად გამოასწორა და ფედერერის ქომაგები ოდნავ აანერვიულა, მაგრამ როჯერმა მალევე დაამშვიდა ისინი - ბრეიკი აიღო და მერე პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

ფედერერი როლან გაროსს ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ტოვებდა. ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანს საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული. ტურნირის მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, კვლავ თიხნარის მეფე რაფაელ ნადალია. აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმიც როჯერზე უფრო ძლიერ კანდიდატებად მიიჩნევიან.

მომდევნო წრეში ფედერერი გერმანელ ოსკარ ოტეს შეხვდება, რომელმაც მალიკ ჯაზირი 4 სეტში, 6:3, 6:1, 4:6, 6:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები