Thumbnail

ლიოვს გიოტცე არ სჭირდება, მაგრამ გერმანიის ნაკრების კარი ღიაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარიო გიოტცემ ბუნდესლიგის მეორე წრე კარგად ჩაატარა
  • მიუხედავად ამისა, იოახიმ ლიოვი მას ნაკრებში არ იძახებს
  • თუმცა ბუნდესმწვრთნელი დორტმუნდელს იმედს არ უკარგავს

6 გოლი და 5 საგოლე პასი - აი, ასეთია მარიო გიოტცეს ძირითადი სტატისტიკა 2019 წელს. დორტმუნდის ბორუსიას 26 წლის შემტევი კმაყოფილია, რადგან გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ფაქტია, რომ გიოტცეს დიდი ხანია, ასე კარგად აღარ უთამაშია.

მიუხედავად ამისა, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალის გმირი ბუნდესგუნდში მაინც არ გამოიძახა. გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები 8 ივნისს (ბელარუსში) და 11 ივნისს (ესტონეთთან) ელის - გიოტცე კი, რომელსაც ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული (17 გოლი), სიაში არ არის.

“ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს,” - განაცხადა ლიოვმა და ისეთი ფეხბურთელების გვარები ჩამოთვალა, როგორებიც მარკო როისი, სერჟ გნაბრი, ლეროი სანე, ტიმო ვერნერი, იულიან დრაქსლერი და იულიან ბრანდტი არიან.

თუმცა, ლიოვმა იქვე დაამატა, რომ ძალიან ახარებს მარიოს პროგრესი: “ბოლო 3-4 თვეში შესანიშნავად ათამაშდა, ძველი დინამიკა დაიბრუნა და ეტყობა, რომ ფორმაშია. გიოტცემ ბოლო დროს ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ეს მიხარია. თუ ასე გააგრძელებს, მისთვის გერმანიის ნაკრების კარი ღიაა და ქვეყნის პირველ გუნდში აუცილებლად დავაბრუნებ!”

კომენტარები

ბოლო ამბები