Thumbnail
  • ბაიერნის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც ნიკო კოვაჩი იქნება
  • გერმანიის თასის მოგების შემდეგ ეს რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა

გერმანიის თასის ფინალის მოგების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნმა მორიგი დუბლი, ტრადიციულად, შესანიშნავ გარემოში იზეიმა. ბავარიული გრანდის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ საზეიმო წვეულებაზე სეზონი შეაჯამა და თითქმის ყველას გადაუხადა მადლობა - გარდა ნიკო კოვაჩისა! რუმენიგეს მადლობის ადრესატების ჩამოთვლისას მწვრთნელის გვარი კი გამორჩა, მაგრამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც კოვაჩი იქნება.

“ჩვენ მისი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაგვიყენებია. ორივე ტიტულის მოპოვებაში მწვრთნელს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ჩვენ არ გვიფიქრია ნიკო კოვაჩის გათავისუფლებაზე,” - განაცხადა რუმენიგემ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში.

მიუხედავად რუმენიგეს ამ განცხადებისა, გერმანიაში არავის სჯერა, რომ ბაიერნის ხელმძღვანელებს მწვრთნელის შეცვლაზე არ უფიქრიათ. რუმენიგე და პრეზიდენტი ული ჰიონესი ბოლო მომენტამდე არ ამბობდნენ, რომ კოვაჩი პოსტზე დარჩებოდა. მათ გერმანიის ჩემპიონობის განაღდების შემდეგაც კი არ უთქვამთ, რომ მწვრთნელის შეცვლას არ აპირებდნენ.

47 წლის ნიკო კოვაჩს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. “მე ვიცი, რომ ბაიერნის მწვრთნელობა ადვილი არ არის. გერმანიის ჩემპიონობა და თასი ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულებია. სეზონი რთული იყო, მაგრამ მე სიმშვიდე შევინარჩუნე. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებდით მუშაობას და ორივე ტიტული დასტურია იმისა, რომ კარგად ვიმუშავეთ,” - ეს კოვაჩის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები