Thumbnail

'მთავარია, ავწიოთ დროშა და გავაჟღეროთ ჰიმნი' - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ასანიძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია
  • დამოუკიდებლობის დღეს მან popsport.com-ის კითხვებს უპასუხა

ქართული სპორტისთვის ისტორიული იყო 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა პირველად მოიპოვეს ოქროს მედლები: ეს ჯერ ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა გააკეთა, შემდეგ კი - ძალოსანმა გიორგი ასანიძემ.

2004 წელი: გიორგი ასანიძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა

ასანიძე ერთ-ერთი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელი დიდი წარმატებით გაიტანა საერთაშორისო ასპარეზზე. 26 მაისს მან popsport.com-ის კითხვებს უპასუხა.

popsport: ასული საუკუნის 90-იანმა წლებმა თქვენ თვალწინ გაიარა. როგორი იყო იმის გააზრება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იასპარეზებდით?

ასანიძე: ძალიან კარგად მახსოვს 1989 წლის 9 აპრილი და ის მოვლენები, რომელიც თბილისში, რუსთაველზე განვითარდა. 16 წლის ვიყავი და მახსოვს ის მუხტი, რაც მთელ ქვეყანაში იყო.

'ბევრი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამან კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი'

ბევრი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამან კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი და ბრძოლის ჟინი. კარგად მახსოვს, როდესაც საჩხერეში შეიქმნა ეროვნული გვარდია, როგორი ენთუზიაზმით იყო განწყობილი ხალხი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წელს გამოეყო საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ კომიტეტს და ეს იყო პირველი ასეთი პრეცედენტი. 1992 წელს, დსთ-ს გუნდთან ერთად ვიასპარეზეთ ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა უკვე ცხადი იყო, რომ ძალიან მალე, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოვიდოდით.

popsport: გაიხსენეთ პირველი შეჯიბრი, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით იასპარეზეთ...

ასანიძე: ეს იყო 1994 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც რომში გაიმართა. ვერცხლის მედალი მოვიპოვე როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში. შესაბამისად, ეს ტურნირი ძალიან კარგად მახსენდება და ემოციებიც უდიდესი იყო. ჩემი კარიერის დასაწყისი გახლდათ, პირველი ნაბიჯები და განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული.

popsport: შემდეგ იყო დიდი წარმატებები: ბრინჯაოს მედალი 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ოქროს მედალი მსოფლიოს 2001 წლის ჩემპიონატზე. ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასეთ სიმაღლეებს შესწვდა...

ასანიძე: ჩემთან ერთად არაერთი ქართველი სპორტსმენი იყო, ვინც საქართველოს სახელით წარმატებას მიაღწია. თუმცა, გაცილებით მეტს შეეძლო ამის გაკეთება - რომ არა ის პრობლემები, რომელიც მაშინ იყო ქვეყანაში. ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავდა, მაგრამ პირობები არ ჰქნდათ, რომ დიდი მიზნებისთვის მიეღწიათ. მეც გავიარე ეს პერიოდი და მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია ჩემი ქვეყნის სახელით. ხსენებული მედლები არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც გვერდში მედგა. მედლები არა მხოლოდ ჩემი წარმატებაა, არამედ მთელი ქვეყნის.

popsport: 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ზურაბ ზვიადაურმა მოიგო პირველი ოქროს მედალი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით და შემდეგ, იგივე გააკეთეთ თქვენ. გაიხსენეთ ის ემოციები...

ასანიძე: ზვიადაურის ოქროს მედალი იყო სტიმული ყველა ქართველი სპორტსმენისთვის და განცდა იმის, რომ ეს სხვებსაც შეგვეძლოთ. უდიდესი მუხტი იყო, რომელმაც ძალა შეგვმატა. რაც შეეხება ჩემ ოქროს მედალს - ეს იყო უმაღლესი მწვერვალი და ბუნებრივია, უდიდესი კმაყოფილების შეგრძნება. ახალი დროშა და ახალი ჰიმნი გვქონდა. ის ემოციები სიტყვებით რთული გადმოსაცემია.

popsport: 90-იანი წლების გაყინულ დარბაზებში ვარჯიშის შემდეგ ყველაფერს მიაღწიეთ, რაზეც სპორტსმენმა შეიძლება იოცნებოს... 

ასანიძე: მახსოვს გაყინული დარბაზები, რომლის გათბოსასაც ე.წ. 'პლიტებით' ვცდილობდით. ურთულესი პერიოდი იყო და ძალიან ცუდი პირობები გვქონდა. მიუხედავად ამისა, უდიდესი ენთუზიაზმით ვშრომობდით. რამდენსაც სპორტსმენი შრომაში გაიღებს, იმდენ წარმატებას მიიღებს. საბედნიეროდ, ის პრობლემები წარსულს ჩავაბარეთ და დღეს უკვე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს საუკეთესო პირობები შევუქმნათ.

popsport: საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი ხართ და გარდა ტექნიკური თუ ტაქტიკური მომზადებისა, რამდენად შედის თქვენ მეთოდებში ახალგაზრდა სპორტსმენების ფსიქოლოგიური მომზადება? ბევრი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და მათ არ გაუვლიათ ის ურთულესი წლები...

გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე

ასანიძე: თუ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ზოგს საქართველოს რუკა აქვს ამოტვიფრული სხეულზე და ზოგი სხვა ფორმით გამოხატავს პატრიოტიზმს. რაც შეეხება სამწვრთნელო მეთოდებს - რა თქმა უნდა, თითოეულ სპორტსმენს ინდივიდუალურად ვუდგებით. ზოგს უმაღლეს მიზნებს ვუსახავთ და ზოგს უბრალოდ მაქსიმალურად დახარჯვას ვთხოვთ, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, მთავარი სლოგანი უცვლელი რჩება: ავწიოთ საქართველოს დროშა და გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი. ეს არის და ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი მიზანი.

კომენტარები

ბოლო ამბები