Thumbnail

NBA | მეგა-ქამბექი იანისის მილუოკისთან - კავაიმ ტორონტო ფინალში გაიყვანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტორონტომ მილუოკის ზედიზედ მეოთხე თამაში მოუგო
  • რეპტორსი პირველად გავიდა NBA-ს სუპერფინალში
  • კავაი ლეონარდს და კომპანიას იქ გოლდენ სტეიტი ელოდებათ

ეს სეზონი ტორონტოსთვის ისტორიულია! რეპტორსმა, ბევრისთვის მოულოდნელად, NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსი დაამარცხა და პირველად გავიდა სუპერფინალში, სადაც მოქმედ ჩემპიონსა და მთავარ ფავორიტს, გოლდენ სტეიტ უორიორსს შეხვდება.

რეპტორსსა და ბაქსს შორის სერია ისე დაიწყო, რომ ასეთ დასასრულს ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა. საქმე ისაა, რომ პირველი ორი მატჩი მილუოკის ჰქონდა მოგებული, მაგრამ კავაი ლეონარდმა და კომპანიამ მერე ზედიზედ ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხეს. მეექვსე მატჩი ტორონტომ 100:94 მოიგო და საბოლოოდ, სერიაში 4:2 გაიმარჯვა. საუკეთესო, რა თქმა უნდა, ისევ კავაი იყო - 27 ქულით, 17 მოხსნითა და 7 პასით.

“ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც დავგეგმეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან მაგრად ვიბრძოლეთ და ეს ისტორიული გამარჯვება დავიმსახურეთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლეონარდმა. აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდში ტორონტო 15-ქულიანი ჩამორჩენით აგებდა, მაგრამ კავაიმ რეპტორსი თამაშში დააბრუნა და მოაგებინა კიდეც.

მილუოკის სუპერვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ თამაში 21 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა.

ამრიგად, არსებობის 24-წლიან ისტორიაში ტორონტო რეპტორსი პირველად გავიდა NBA-ს ფინალში. ისტორიულ მატჩში კავაი ლეონარდის გუნდის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი იქნება. პირველი მატჩი პარასკევს გამთენიისას, ტორონტოში გაიმართება.

📺 ვიდეო: ტორონტო 100:94 მილუოკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები