Thumbnail

სპორტი და პოლიტიკა კავშირშია და ამიტომაც, ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად რუსებთან სპორტულ ასპარეზზე მიღწეული წარმატებები ახარებთ, თუნდაც ამას სპორტული თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე სხვა წარმატებებს.

გთავაზობთ, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ხუთ გამორჩეულ ფაქტს, როცა ქართველმა სპორტსმენებმა რუსები დაამარცხეს. ფაქტები ქრონოლოგიის მიხედვით დავალაგეთ... 

საქართველო V რუსეთი. რაგბი

1996 წლიდან დღემდე

ეს უფრო მოვლენაა, ვიდრე ფაქტი - Déjà vu: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ყოველთვის ჩაგრავს რუსეთისას. ყველაფერი კი 1996 წელს დაიწყო თბილისში. მანამდე რუსებთან ერთხელ დამარცხებულმა "ბორჯღალოსნებმა" მოულოდნელად 29:20 დაამარცხეს მეტოქე და დაიწყო...

22 მატჩში მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა, დანარჩენი 21 შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო! "ბორჯღალოსნებს" რუსებთან 18-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. ყველაზე დიდი ანგარიშით რუსები 2012 წელს, ვაკეში დავამარცხეთ - 46:0. წელს მათ "ბორჯღალოსნებმა" კრასნოდარში აჯობეს - 22:6.

მორიგი შეხვედრა 24 აგვისტოს გველის, როცა ორივე ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ შეხვედრას თბილისში გამართავს. მორიგ გამარჯვებამდე "ბორჯღალოსნებო"! 

დინამო თბილისი V ტორპედო მოსკოვი. ფეხბურთი

1996 წლის სექტემბერი

1996 წლის უეფას თასზე თბილისის დინამომ საკვალიფიკაციო წრეებში გრევენმახერი და მიოლდე ჩამოიცილა და პირველ წრეში მოსკოვის ტორპედოს შეხვდა. რუსები, რა თქმა უნდა, ფავორიტები იყვნენ, მაგრამ დავით ყიფიანის გუნდს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. დინამომ მოსკოვში გოჩა ჯამარაულის გოლით 1:0 მოიგო და თბილისშიც ჯამარაულის გოლით დაწინაურდა. საბოლოოდ, თამაში 1:1 დასრულდა და ქართველი გულშემატკივრების გასახარად, უეფას თასის 1/16 ფინალში თბილისის დინამო გავიდა.

მაშინ, დინამოში კალაძე, კობიაშვილი, გოგიჩაიშვილი, იაშვილი, დემეტრაძე და სხვები თამაშობდნენ. იმ სეზონში დინამოს წარმატებული სვლა კიდევ ერთი თამაშით გაგრძელდა - პორტუგალიურ ბოავიშტას თბილისში გოგიჩაიშვილის გოლით მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:5 განადგურდა და მერვედფინალში ინტერს ბოავიშტა შეხვდა. 

საქართველო V რუსეთი. ფეხბურთი

2003 წლის 30 აპრილი

ეს შეხვედრა უფრო ადრე უნდა გამართულიყო - ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 2002 წლის ოქტომბერში იყო დანიშნული, მაგრამ... სტადიონზე შუქი ჩაქრა და თამაშიც გადაიდო.

სხვათა შორის, მაშინ რუსული მედია საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით იყო ჩამოსული, მეორე დღეს რაგბი იყო და მის გასაშუქებლადაც დარჩნენ ჟურნალისტები, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" რუსებს 17:13 მოუგეს მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩში. და რა მოხდა - რუსებმა სიტყვაც არ დაწერეს წაგებულ სარაგბო მატჩზე!

საფეხბურთო დაპირისპირება კი 2003 წლის 30 აპრილს გაიმართა. მე-12 წუთზე მალხაზ ასათიანმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაუტანა რუსეთის ნაკრების მეკარე მანდრიკინს და ეროვნულ გმირადაც იქცა. მატჩის შემდეგ თბილისის ქუჩებში დიდი ზეიმი იყო. 

ირაკლი ცირეკიძე V ივან პერშინი. ძიუდო

2008 წლის 13 აგვისტო

2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საქართველოს დაპყრობა და ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრა. მაშინ ჩინეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები დაიწყო.

13 აგვისტოს ძიუდოს ტურნირზე ირაკლი ცირეკიძემ გაიმარჯვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში ირაკლიმ რუსების ფალავანი ივან პერშინი დაამარცხა და ჟესტით აჩვენა ყველას, რომ საქართველოდან იყო. შემდეგ, ფინალში ალჟირელი ძიუდოისტიც დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 

ლაშა შავდათუაშვილი V დენის იარცევი. ძიუდო

2016 წლის 8 აგვისტო

ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული რიოს ოლიმპიადაზეც (2016) ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ იაპონელ ონოსთან დამარცხდა. 

ლაშა რეპეშაჟში პუტინის ერთ-ერთ საყვარელ ძიუდოისტ დენის იარცევს შეხვდა, ორი ვაზარით დაამარცხა და ჟესტით საქართველოს დროშაზე მიუთითა - აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლები "კარიოკა არენაზე" 8 აგვისტოს გაიმართა და ლაშამაც აგვისტოს ომის წლისთავი ასე აღნიშნა.  

კომენტარები

ბოლო ამბები