Thumbnail

PREVIEW | გადამწყვეტი ბრძოლა - ინტერი საგზურისთვის, ემპოლი დასარჩენად

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 26 მაისი | ⌚ 22:30 | ⚽ ინტერი V ემპოლი
  • იტალიის ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში ბევრი რამ უნდა გაირკვეს
  • მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული არ აქვს
  • ემპოლის უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს  

იტალიის 2018/19 წლის ჩემპიონატი 26 მაისს გასამართი 38-ე ტურის მატჩებით დასრულდება. მართალია, სერია A-ში გამარჯვებულისა და ვიცე-ჩემპიონის, ასევე ორი დაქვეითებული გუნდის ვინაობა კარგა ხნის წინ გაირკვა, ამ ტურში მაინც კიდევ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. პირველ რიგში - შეძლებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურების მოპოვებას ბერგამოს ატალანტა და მილანის ინტერი, თუ ამაში მათ მეხუთე და მეექვსე ადგილოსანი, შესაბამისად, მილანი და რომა შეეცილებიან. ასევე გასარკვევია სერია B-ში დასაქვეითებელი მესამე გუნდის ვინაობაც - ეს ან ჯენოა იქნება, ან ემპოლი. 

ატალანტას, მილანსა და რომას უმოტივაციო მეტოქეები ჰყავთ - შესაბამისად, სასუოლო, სპალ-ი და პარმა. აი, მილანის ინტერს კი "სან სიროზე" დიდი ბრძოლის გადატანა ელოდება, რადგან მისი მეტოქე გავარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი ემპოლია.

ინტერი

ნერაძურის ქომაგები კმაყოფილი ვერ იქნებიან მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლით და ახლა მათი ნუგეში ჩემპიონთა ლიგის საგზურია. ბოლო ტურის წინ ლუჩანო სპალეტის გუნდი ოთხეულშია, თუმცა ადგილი განაღდებული ჯერ კიდევ არ აქვს.

სპალეტი დიდი ალბათობით ინტერს დაემშვიდობება, მის ადგილს კონტეს უკავშირებენ

ინტერს 66 ქულა აქვს, ამდენივეა ატალანტას აქტივში, ხოლო ერთით ნაკლები აქვს მილანს. ამრიგად, სპალეტის შეგირდებს ბოლო ტურში ემპოლისთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ საიმისოდ, რათა კონკურენტების შედეგებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. 

მაგრამ მილანური გუნდი შორსაა იდეალური ფორმისგან. წინა ტურში ნაპოლიმ ნერაძურის საკუთარ მოედანზე გადაუარა, სამირ ჰანდანოვიჩის კარში კი ოთხი გოლი გაიტანა. ინტერმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი შეაგდო და ნეაპოლი შერცხვენილმა დატოვა.

ინტერს სეზონის ბოლო მატჩში მოედანზე კაპიტანი სამი ჰანდანოვიჩი გაუძღვება 

მილანის ინტერში ტრავმირებულია შიმე ვრსალკო, სტეფან დე ვრეის თამაში კი სათუოა.

ემპოლი

ლევან მჭედლიძის გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ჩემპიონატის ფინიშზე მაქსიმუმს იღებს, რამაც თავისი შედეგი უკვე მოიტანა - აურელიო ანდრეაცოლის შეგირდებმა ზედიზედ სამი მოგების წყალობით, გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. ბოლო ტურის წინ ემპოლის 38 ქულა აქვს და ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს, მე-18, გასავრდნ პოზიციაზე მყოფ ჯენოას კი სულ ერთი ქულით უსწრებს.

სან სიროზე სტუმართა მთავარი იმედი ფრანჩესკო კაპუტო იქნება (16 გოლი)

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ემპოლი განწირული ჩანდა, გუნდი აგებდა უშუალო კონკურენტებთანაც და თითქოს, ყველაფერი სერია A-ს ვადამდე დამშვიდობებით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ 35-ე ტურში ფიორენტინასთან მოგებამ (1:0) გუნდი გამოაცოცხლა, ამას კი მოჰყვა გამარჯვება სამპდორიასა (2:1) და ტორინოსთან (4:1). 

აურელიო ანდრეაცოლიმ ბოლო სამი მატჩი მოიგო, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები აქვთ ანტონიო ლა გუმინას, ლუკა ანტონელის, რადე კრუნიჩსა და ლორენცო პოლვანის. რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, gazzetta dello sport-ის პროგნოზით, სტუმართა ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო ორ მატჩში ემპოლის განაცხადშიც არ ჩანდა, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იქნება.

📸 ინტერთან მატჩისთვის მჭედლიძეც ემზადებოდა

საინტერესო ფაქტები

⚽ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთში მოახერხა გამარჯვება.

⚽ ნერაძურიმ ემპოლისთან ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 7 საშინაო შეხვედრა მოიგო.

⚽ ინტერი ემპოლის ყველა ტურნირში, ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლს უტანდა.

⚽ ინტერმა ემპოლისთან ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 7-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ ინტერმა ემპოლისთან ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში ტაიმიც მოიგო და მატჩიც.

⚽ ყველა ტურნირში ინტერისა და ემპოლის ბოლო სამ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში მილანის ინტერის ბოლო 6 საშანაო შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში ემპოლის მონაწილეობით გამართულ ბოლო 29 მატჩიდან 24-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.  

⚽ ემპოლიმ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი.

ემპოლი (3-5-2): დრაგოვსკი - მაიეტა, სილვესტრე, დელ’ორკო - ლორენცო, აკვა, ბენასერი, ტრაორე, პაიაჩი - კაპუტო, ფარიასი.

კომენტარები

ბოლო ამბები