Thumbnail

პარი სენ-ჟერმენი კურსს არ იცვლის - თომას ტუხელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარიზულმა კლუბმა 45 წლის გერმანელთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
  • თომას ტუხელი გუნდთან ერთად უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას გეგმავს

პარი სენ-ჟერმენმა თომას ტუხელთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. შესაბამისად, პარიზელებთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივეს ტუხელის სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებმაც.

"პსჟ-ის ოჯახი მოხარულია, რომ ტუხელმა კონტრაქტი გააგრძელა. უკვე წელიწადია, ის არამხოლოდ ფეხბურთელებს, მთლიანად კლუბს ფანტასტიკური ენერგიით აღავსებს", - თქვა პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი გავაგრძელე. მადლობა კლუბსა და პრეზიდენტს ნდობისთვის. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩემს სწრაფვას, დავიპყრო გუნდთან ერთად უმაღლესი მწვერვალები. აღფრთოვანებული ვარ გულშემატკივრების მხარდაჭერითაც. დარწმუნებული ვარ, პსჟ შეძლებს იმის ჩვენებას, რაც შეუძლია", - აღნიშნა 45 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

თომას ტუხელმა პარიზელებთან ერთად მეორე ტიტული მოიგო

თომას ტუხელმა პარიზული გუნდი 2018 წლის ივნისში ჩაიბარა და მასთან ერთად ჯერ საფრანგეთის სუპერთასი, შემდეგ კი ლიგა 1 მოიგო. ტუხელის ხელმძღვანელობით პსჟ ჩემპიონთა ლიგას ⅛-ფინალში, მანჩესტერ იუნაიტედთან ორი მატჩის ჯამში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ცოტა ხნის წინ მედიაში იწერებოდა, რომ პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი განიხილებოდა, რომელმაც ახლახან ტურინის იუვენტუსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.  

პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატი 91 ქულით მოიგო, პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ლიგა 1-ის 38-ივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

თომას ტუხელი 2009-2014 წლებში მაინცის მთავარი მწვრთნელი იყო, 2015-2017 წლებში კი დორტმუნდის ბორუსიას წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2016/17 წლების სეზონში გერმანიის თასზე გაიმარჯვა

კომენტარები

ბოლო ამბები