Thumbnail

RWC 2019 | რუსეთის ნაკრები - მსოფლიო თასზე ნაჩუქარი საგზურით

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV აგრძელებენ 2019 წლის მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. ამჯერად რუსეთს წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

მეფის რუსეთში რაგბის დანერგვა პირველად ბრიტანელებმა 1907 წელს, დედაქალაქ პეტერბურგში სცადეს. 1923 წლისთვის რაგბს ორი მოსკოვური კერძო კლუბი თამაშობდა, თუმცა ბოლშევიკებმა ისინი მალევე დახურეს. 1933 წელს, ახალ სახეობათა ათვისების კამპანიის ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი თამაში, ხოლო 1935-ში მმართველი ორგანო, ‘რაგბის სექციაც’ შეიქმნა, თუმცა მალევე დაწყებულ სტალინურ რეპრესიებს თითქმის მთელი სარაგბო აქტივი შეეწირა.

საბჭოეთში რაგბის თამაში სერიოზულად 1958 წელს დაიწყეს, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საკავშირო ფედერაცია მხოლოდ 1967 წელს შეიქმნა. 1975 წელს მიიღეს FIRA-ში და აქედან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა `ერთა თასის` 3 ბრინჯაოს და 4 ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა, ხოლო ჩემპიონობა არ ღირსებია.

სსრკ-ს ნაკრები 1987 წელს რაგბის პირველ მსოფლიო თასზეც მიიწვიეს, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შემდეგ მსოფლიო თასზე არგასვლის მიზეზი უფრო სასაცილოა - ბიუროკრატიული უთავბოლობის გამო, IRB-ში გაწევრიანება ვერ მოასწრეს და მსოფლიო თასის შესარჩევში ვერ ჩაერთვნენ. საბჭოთა კავშირის შიდა ჩემპიონატშიც ძირითადად მოსკოვური და მოსკოვის ოლქის გუნდები დომინირებდნენ, თუმცა 80-იან წლებში, სსრკ-ს ჩემპიონი სამჯერ ქუთაისის `აია` გახდა.

შიდა ჩემპიონატი და ქართველი ლეგიონერები

რუსულ პრემიერ ლიგაში 8 გუნდი თამაშობს. ბოლო წლებში დასუსტდა საბჭოთა და რუსული რაგბის ფლაგმანი - მომინოს ვვა და  ჩემპიონობის ბედი მხოლოდ ორ ციმბირულ გრანდ - კრასნოიარსკის ენისეისა და კრასნი იარს შორის წყდება. ენისეი 4 წელია რაც ევროთაზებზე თამაშობს და დასაწყისი საკმაოდ იმედისმომცემიც იყო, თუმცა წლიდან წლამდე შედეგებს აუარესებენ.
 
საფრანგეთის შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატი ქართველი მორაგბეების ყველაზე დიდი ნავსაყუდელია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს უთამაშია და თითქმის ყველას, დიდი წარმატებით. გადინებამ განსაკუთრებით მასიური ხასიათი წელს მიიღო. სხვადასხვა რუსულ კლუბში 30-მდე ქართველი მორაგბე გადავიდა.

 
როგორც სპორტის სხვა სახეობებში, რაგბშიც კლუბებს ძირითადად სხვადასხვა საწარმოები და რეგიონების ხელმძღვანელები პატრონობენ. ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ციმბირში, რაგბისთვის ფულს არ იშურებენ და სარაგბო ცენტრი, მოსკოვიდან კრასნოიარსკში გადავიდა. რაგბის კავშირში რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის, იგორ არტემიევის მისვლის შემდედ, დაფინანსება სხვა გუნდებსაც გაეზარდათ.
 
საბჭოთა ტიპის დაფინანსებას მოყვება ის, რომ დიდი ფული არაეფექტურად იხარჯება, რაც არც ნაკრების შედეგებში ისახება და ვერც ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეების აღზრდას ახერხებენ. შეიძლება ითქვას, რომ ფული რუსებისთვის ხელის შემშლელიც კი გამოდგა. იმ დროს, როცა ქართველმა მორაგბეებმა გაჭირვებისგან გზა საფრნგეთის დაბალ დივიზიონებში გაიკვლიეს, რუსები საკუთარ ჭაობში ჩარჩნენ. პრობლემაა მძიმე ბუნებრივი პირობებიც, სათამაშო სეზონი მხოლოდ 5-6 თვე გრძელდება.

სათამაშო სტილი

შერკინებაში ქრონიკული პრობლემების გამო,  რუსები აქცენტს ძირითადად უკანა ხაზზე და სირბილზე აკეთებენ. მით უმეტეს, კარგი შვიდკაცის ნაკრები ყავთ, რამდენჯერმე მსოფლიოს სერიაც ითამაშეს და 15 კაცას სტილსაც სწორედ ეს განაპირობებს. რაც შეეხება პირველ ხაზს, რამდენჯერმე სცადეს ამ პრობლემის მოგვარება და ჩრდილოკავკასიელი მოჭიდავეების პირველხაზელებად ქცევაც გადაწყვიტეს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. კარგი პირველი ხაზის და შერკინების დასაყენებლად მხოლოდ ჯანი არ კმარა, სათამაშო უნარების ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენი შერკინება V რუსების შერკინება

საკვანძო მოთამაშეები

ანდრეი ოსტრიკოვი - რუსების საუკეთესო მორაგბე. თითქმის მთელი კარიერა საფრაგეთში და ინგლისში გაატარა. ძლიერი მეორეხაზელია, თუმცა ჩვენთან თამაში ძალიან უჭირს. ასაკშია და მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა.

ვასილი არტემიევი - საკმაოდ მაღალი დონის უკანახაზელია. ორი წელი ინგლისურ ნორსჰემპტონში ითამაშა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ოსტრიკოვის არ იყოს, მანაც საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

იური კუშნარიოვი - ბოლო ათი წლის განმავლობაში, რუსების ფაქტიურად შეუცვლელი 10 ნომერია.

ანდრეი მოროზოვი - ახალგაზრდა პირველ ხაზელი. ინგლისურ სეილ შარქსში გადავიდა და თავის დამკვიდრებაც შეძლო. წელს ჩვენს წინააღმდეგ, სწორედ მისი ეიმედებოდათ რუსებს ყველაზე მეტად. მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ ქართველ პირვეხაზელებამდე ჯერ ძალიან შორია.

ტაგირ გაჯიევი - რუსთა დაღესტნელი მესამეხაზელი. ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ სათამაშო უნარებში მოიკოჭლებს.

სამწვრთნელო შტაბი

თუ ვინმეს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა სურს, რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა პირველ რიგში იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოს დამარცხება შესაძლებელია. რუსეთის ნაკრებში უმუშავიათ საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტებს (სტივ დაიმონდი და კინგსლი ჯონსი), მხოლოდ ჩვენს დასამარცხებლად მწვრთნელად, კლოდ სორელიც კი დანიშნეს. აღარაფერს ვამბობთ რუსთა საუკეთესო მწვრთნელებზე - ალექსანდრ პერვუხინზე და ნიკოლაი ნერუშზე. როგორც პერვუხინზე ამბობენ, თანამედროვეობას ალღო ვერ აუღო და კომპიუტერის მაგივრად დღემდე ყველაფერს ფურცლებზე უბეჭდავენო.

დღეს რუსეთის ნაკრებს უელსელი ლინ ჯოუნსი წვრთნის. მისი კარიერაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ჯოუნსი ცდილობს რუსები უელსის სტილში ათამაშოს. შარშან დასაწყისიც კარგი ჰქონდა - დიდი ანგარიშით მოუგო ნამიბიას და იაპონიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა, წლევანდელ ერთა თასზე ტრადიციული სურათი ვიხილეთ - ისევ უფერული რუსეთის ნაკრები და საბოლოო ჯამში დაკავებული მეოთხე ადგილი.

გზა მსოფლიო თასზე

A ჯგუფში რუსეთი ყველაზე სუსტი გუნდია. მასთან ყველა აშკარა ფავორიტი იქნება და ნებისმიერი გუნდი ბონუსით გამარჯვებას დაგეგმავს. რომელიმე მატჩის მოგებაზე საუბარიც კი ზედმეტია. რუსებს ერთადერთი იმის იმედი თუ ექნებათ, რომ რომელიმესთან ბონუს ქულის აღებას მოახერხებენ.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

რუსეთი ჩვენი ისტორიული მეტოქეა და ქართული რაგბის წარმატებაში, უნებურად დიდი წვლილი შეიტანეს. სწორედ მათთან გამარჯვებებმა მოუტანა რაგბს საქართველოში დიდი პოპულარობა და მთავრობების მიერ გაღებული დაფინანსებაც, ამ მოგებებს უკავშირდება. ამ ყველაფერს მასობრიობის გაზრდა, სარაგბო ბაზები და ქართული რაგბის საერთოდ სხვა დონეზე ასვლა მოყვა.

რუსეთთან მოგებებს მივეჩვიეთ და თითქოს ისე აღარ გვიხარია, მაგრამ რამდენიმე გამარჯვება სამუდამოდ დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში:
 
1996 წელი - პირველი მოგება. რუსეთის ნაკრები თბილისში ძალიან თავდაჯერებული ჩამოვიდა. მეტოქეს თავიდანვე სწრაფი ტემპი, ბურთაობა და ფეხით კარგი თამაში შევთავაზეთ. მეორე ტაიმში კი გააქტიურებულ რუსებს დაცვაში კარგად დავხვდით. მერაბ ბესელიას გარღვევა და არჩილ ქავთარაშვილის ლელო კი დღემდე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ულამაზეს კომბინაციად რჩება.

1998 წელი - ყველაზე მძიმე თამაში, რაც კი ოდესმე რუსებთან გვითამაშია. მეორე ტაიმის 30 წუთი, 5 მეტრიანის ხაზთან, შეტევებს ვიგერიებდით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მახო ურჯუკაშვილის ზუსტი ჯარიმებით 12:6 მოვიგეთ.
 
2002 წელი - ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ პირველად მსოფლიოს თასის საგზური, სწორედ რუსებთან მოგებით მოვიპოვეთ. გამარჯვება გადამწყვეტი თამაშისთვის აუცილებელი კარგი დაცვით და პრაგმატული რაგბით მოვიპოვეთ.
 
2010 წელი - აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი “საშინაო” თამაში რუსებთან. ქართველი გულშემატკივრებით გავსებული ტრაბზონის სტადიონი და დავით ზირაქაშვილის საოცარი გარღვევა არასოდეს დაავიწყდებათ რაგბის მოყვარულებს.

ბოლო წლებში ჩვენს შორის სხვაობა ძალიან გაიზარდა და მოგებებიც  იოლად მოდის, თუმცა რუსებთან გამარჯვება არც მორაგბეებს და არც გულშემატკივრებს არასოდეს მოგვბეზრდება.

ნაჩუქარი საგზური

2017-18 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავე დროს მსოფლიო თასის შესარჩევიც იყო, რუსები მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ტურნირიდან მსოფლიოზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა და წესით და რიგით ეს რუმინეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთბაშად რამდენიმე ნაკრები სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

რუსებმა აღმოაჩინეს, რომ რუმინელ ლეგიონერ ფაკაოსილეას ტონგას 7 კაცა ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები და რუმინეთის სახელით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.

იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ესპანელები და ბელგიელებიც. მათი რამდენიმე მორაგბეც წესების დარღვევით მონაწილეობდნენ სანაკრებო მატჩებში.

დიდი გარჩევების და მსჯელობის შემდეგ, რაგბი ევროპა და მსოფლიო რაგბი იძულებული გახდნენ, ყველა იმ შეხვედრაში, სადაც აღნიშნული მორაგბეები მონაწილეობდნენ, გუნდებისთვის 5 ქულა დაეკლოთ. შედეგად, პირველ ადგილზე მყოფი რუმინეთი ბოლოზე აღმოჩნდა, ბელგია მეხუთეზე და ესპანეთი მეოთხეზე. მსოფლიოს საგზური მანამდე მეოთხე ადგილზე მყოფ რუსეთს ერგო, ხოლო გადათამაშებაში სამოას ბოლოადგილოსანი გერმანია შეხვდა.

ჩვენი პროგნოზი

რუსების ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი არასერიოზულია. რაც შეეხება ერთი მატჩის მოგებას, აქაც შანსები მიზერულზე მიზერულია. ერთადერთი, რაზეც საუბარი შეიძლება, მოახერხებენ თუ არა ისინი ერთი სანუგეშო ბონუს ქულის აღებას მაინც. ჩვენი აზრით, ამის შანსი დაახლოებით 10%-ია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები