Thumbnail
  • 📅 25 მაისი | ⌚ 22:00 | ⚽ ლაიპციგი V ბაიერნი
  • გერმანიის თასი აღმოსავლეთის კლუბს არასდროს მოუგია
  • ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ შანსი ლაიპციგს აქვს
  • თუმცა ეს გუნდი აღმოსავლეთ გერმანიაშიც არ უყვართ

ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, ლაპიციგში სურთ, რომ თასი აღმოსავლეთ გერმანიისთვისაც მოიგონ. თუმცა აღმოსავლეთ გერმანია პროექტ ‘რბ ლაიპციგით’ აღფრთოვანებული არ არის. იქ, ისევე, როგორც დასავლეთ გერმანიაში, უმრავლესობას მიაჩნია, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ფულით შექმნილი გუნდი ვერასდროს იქნება სამაგალითო.

უშუალოდ ლაიპციგში კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად ლაპარაკობენ: “ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი გავიდა და ეს თასი არა მარტო ქალაქ ლაიპციგისთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ გერმანიისთვის უნდა მოვიგოთ,” - აცხადებს ლაიპციგის პრეზიდენტი პერი ბროიტიგამი.

გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი ლაიპციგის ლიდერია

10 წლის წინ, მილიონებით დაარსებულ კლუბს გერმანიაში ბევრი პატივს არ სცემს. მართალია, დღეს ამ კლუბს ისე ხშირად აღარ ლანძღავენ, როგორც ბუნდესლიგაში აღზევების პირველ სეზონში და საფეხბურთო გერმანიაც ნელ-ნელა მიეჩვია, რომ ლაიპციგი წარმატებული გუნდია, მაგრამ საბოლოო აღიარებისკენ დიდი ნაბიჯის გადასადგმელად ამ გუნდს ტიტული სჭირდება. გერმანიაში კი, ნებისმიერი ტიტულისკენ მიმავალი გზა ბაიერნზე გადის!

“ცოტა გადაჭარბებულია იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს ლაიპციგის წარმატებას მთელი აღმოსავლეთ გერმანია ელოდება. მაგდებურგში, ბერლინსა და დრეზდენშიც ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ და ფანებს აღაფრთოვანებდნენ. აღმოსავლეთ გერმანიას თავისი საფეხბურთო ტრადიციები აქვს,” - ეს გდრ-ის ნაკრების რეკორსმენი ფეხბურთელის, იოახიმ შტრაიხის სიტყვებია, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მაგდებურგსა და როსტოკის ჰანზაში აქვს გატარებული.

აღმოსავლეთ გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ლაიპციგს ბევრი არაფერი აქვს საერთო აღმოსავლეთ გერმანიასთან და თუკი ლაიპციგი გერმანიის თასს მოიგებს, ამით არცერთი სხვა აღმოსავლური კლუბი არ გაძლიერდება. რატომ არ აღიარებენ ლაიპციგს სხვა ქალაქებში დაარსებიდან 10 წლის შემდეგაც კი? მთავარი მიზეზი წარსულის არქონაა. არანაირი ისტორია გდრ-ის ობერლიგაში, არავითარი დერბის ისტორია ლაიპციგის ლოკომოტივთან, ან ხემნიტცთან. თანაც, რბ ლაიპციგი დიდი ფულით შექმნილი გუნდია.

პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა დაადასტურა, რომ ფინალში მანუელ ნოიერი ითამაშებს

როცა ლაიპციგმა პირველი ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა, ბაიერნის ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობდა, აღმოსავლეთ გერმანიას ის უფრო გაახარებდა, რომ პირველ ბუნდესლიგაში დრეზდენის დინამო ამოსულიყოო. რუმენიგეს სიტყვები დღემდე მართლდება - ლაიპციგის წარმატებები არავის უხარია ლაიპციგელების გარდა. და ლაიპციგშიც კი არ უხარია ყველას - იქ ლოკომოტივის ფანებიც არსებობენ.

თუმცა ‘ხარების’ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს მაინც აქვს იმის იმედი, რომ ბერლინის ფინალში მის გუნდს დიდი მხარდაჭერა ექნება - თუნდაც იმიტომ, რომ გერმანიის თასი აღმოსავლეთ გერმანიის კლუბს არასდროს მოუგია. გერმანიის გაერთიანებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, DFB Pokal-ს ყოველთვის დასავლეთ გერმანიის კლუბები იგებდნენ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაიპციგი ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ვერდერთან 1:2 დამარცხდა და იყო ამ გუნდის პირველი წაგება ბოლო 19 ოფიციალურ მატჩში.

⚽ გერმანიის თასის ფინალში ლაიპციგი გერმანიის ძველ და ახალ ჩემპიონს, მიუნხენის ბაიერნს ხვდება, რომელსაც გერმანიის თასიც ყველაზე მეტჯერ, 19-ჯერ აქვს მოგებული. მარტო ამ საუკუნეში მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის თასი 9-ჯერ მოიგო.

⚽ ‘ხარები’ ამ დუელში აუტსაიდერები არიან - რამდენადაც შეიძლება, რომ ფინალში გუნდი აუტსაიდერად მიიჩნეოდეს. ამ სეზონში ტოტალიზატორები ლაიპცის ბუნდესლიგის 6 მატჩში მიიჩნევდნენ აუტსაიდერად და ამ 6 თამაშიდან გუნდმა 3 წააგო (2 მოგება, 1 ფრე).

⚽ ლაიპციგს შეუძლია, თავისი ძლიერი დაცვის იმედი ჰქონდეს. ეს არის გუნდი, რომელიც ამ სეზონში, საშუალოდ ერთ მატჩში 0,85 გოლს უშვებდა და ამ მხრივ ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

⚽ მიუხედავად იმისა, რომ ლაიპციგი დაცვაში ძლიერია, გერმანიის თასზე ‘ხარების’ ბოლო ორ მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა. ზუსტად ისე, როგორც ბაიერნის ბოლო 4 სათასო მატჩში.

⚽ ბაიერნის ბოლო 3 სათასო მატჩიდან თითოეულში მინიმუმ 5 გოლი გავიდა. აქედან, ერთ შეხვედრაში კი (ჰაიდენჰაიმთან) - სულაც 9 გოლი ვნახეთ. რეკორდმაისტერმა ის მატჩი 5:4 მოიგო.

⚽ ბოლო 10 მოგებული ოფიციალური მატჩიდან, ბაიერნმა 9-ში 3 და მეტი გოლი გაიტანა, 5 კი სულაც მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

⚽ თუმცა, ურთიერთშეხვედრებში ბაიერნი ლაიპციგის დაჩაგვრას ვერ ახერხებს. ბოლო 6 ოფიციალური დაპირისპირებიდან ბაიერნმა მხოლოდ ერთი მოიგო ერთზე მეტბურთიანი სხვაობით.

⚽ რობერტ ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია ულფ კირსტენის შემდეგ (1998), რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

⚽ ლევანდოვსკის წინააღმდეგ, ლაიპციგელთა მთავარი იარაღი მეკარე პეტერ გულაჩია, რომელმაც 2018/2019 წლების სეზონში ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, რაც ამ გუნდისთვის რეკორდია.

⚽ ლაიპციგის ბოლო 6 მატჩში 4 პენალტი დაინიშნა.

⚽ ბაიერნის ბოლო 4 სათასო მატჩში 5 პენალტი დაინიშნა - აქედან სამი 75-ე წუთის შემდეგ.

⚽ ბაიერნის ბოლო 5 თამაშიდან 4-ში, მეორე ტაიმში ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი, ჰალსტენბერგი - ლაიმერი, კამპლი - ზაბიტცერი, ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი.

ბაიერნი (4-2-1-3): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი - თ. მიულერი - გნაბრი, ლევანდოვსკი, კომანი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები