Thumbnail

ბაიერნის N1 სატრანსფერო სამიზნე - მიუნხენელები 70 მილიონ ფუნტს იხდიან

  • მიუნხენური ბაიერნი მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს ტრანსფერს ამზადებს
  • კლუბის პრეზიდენტი 23 წლის გარემარბის შესაძლებობებში დარწმუნებულია
  • ბავარიელები ფეხბურთელში თითქმის 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ 

მიუნხენის ბაიერნი ამ ზაფხულისთვის მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ლეროი სანეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. The Guardian-ის ცნობით, გერმანული კლუბისთვის 23 წლის ფეხბურთელი მთავარი სამიზნეა და ამ დროისთვის წინადადებას ამზადებს, რომელიც გარემარბში 70 მილიონი ფუნტის (79,5 მლნ ევრო) გადახდას გულისხმობს.

ცნობილია, რომ თავად სანე მზადაა, მანჩესტერ სიტი დატოვოს და გერმანიაში დაბრუნდეს, რადგან ინგლისის ჩემპიონების თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა მას მომავალ სეზონში ვერაფრის გარანტიას აძლევს. 

გერმანელს იმაზე მეტი სათამაშო დრო სურს, ვიდრე პეპი მისთვის იმეტებს

ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი ლეროი სანეს მიმართ ინტერესს ადასტურებს და აცხადებს, რომ მიუნხენში მისი დიდი იმედი აქვთ: 

"ამ მოთამაშესთან ვთათბირობთ. უკვე არაერთხელ ვნახე, რამდენად კარგია ის. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდი ერთბაშად გააძლიეროს და მას ბიძგი მისცეს".

ლეროი სანე სიტიში 2016 წლის ზაფხულში, შალკედან 50,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგის 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 10 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები