Thumbnail

ბოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კვირას, დანიელე დე როსი რომას შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშებს
  • 'ჯალოროსის' ლეგენდა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს და აი, რატომ
  • დანიელე დე როსი ფეხბურთიდან მიდის

“Siamo pronti alla morte, l’italia chiamo” (სიკვდილისთვის მზად ვართ, იტალია გვიხმობს) -  იტალიის ჰიმნში, Inno di Mameli-ში არის ასეთი ფრაზა. თუ იტალია კარგად, შიგნიდან იცით, ალბათ დამეთანხმებით, რომ იტალიის ისტორია, თუ მათი მენტალიტეტი, ამ სიტყვების რეალისტურობას თითქმის გამორიცხავს - იტალიის ისტორიაში ძალიან იშვიათად ყოფილა ისეთი მომენტები, როდესაც იტალიელები თავისი ქვეყნისთვის სასიკვდილოდ მზად ყოფილიყვნენ.

ეს მზის, ღიმილის, დიდი ემოციის და დიდი გულის ქვეყანაა (სამზარეულოზე და კულტურაზე არაფერს ვიტყვი, ძალიან ტრაფარეტული რომ არ ვიყო) და არ მგონია, რომ იტალიელების ცხოვრებაში სიკვდილისთვის ბევრი ადგილი იყოს დარჩენილი.

საერთოდაც, იტალიელებს სახელმწიფოებრიობის განცდა დიდ ევროპულ ერებში ყველაზე ნაკლებად აქვთ - ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. იტალიის სახელმწიფო მხოლოდ XIX საუკუნეში შეიქმნა. ამით განსხვავდებიან ისინი რომაელებისგან - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ამაყობენ, რომაელთა შთამომავლები რომ არიან.

ერთადერთი გამონაკლისი ფეხბურთია. ფეხბურთს იტალიელებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ საკითხზე ჩერჩილზე მოკლედ და მრავლისმეტყველად ვერაფერს ვიტყვი:

ჩერჩილი: ‘იტალიელები ომებს ისე აგებენ, თითქოს ეს ფეხბურთი იყოს, ხოლო ფეხბურთს კი ისე აგებენ, თითქოს ეს ომია’

უცნაურია, არა? დანიელე დე როსის ბოლო თამაშზე ლაპარაკი ჩერჩილით, იტალიის ჰიმნით და რომის იმპერიით რომ დავიწყე?!

უბრალოდ, დე როსი ჩემთვის ის მოთამაშე იყო, რომელიც მოედანზე სიკვდილისთვის ყოველთვის მზად იყო - იტალია უხმობდა, თუ მშობლიური რომა.

დე როსის არასოდეს ჰქონია ანდრეა პირლოს, ფრანჩესკო ტოტის, ან ალექს დელ პიეროს ტალანტი და მაგია. ის ყოველთვის ჯარისკაცი იყო - ხისტი და თავდაუზოგავი ორთაბრძოლებში, ყოველთვის სწორ პოზიციაზე, შესანიშნავი პირველი პასით. მოკლედ,  ისეთი, როგორიც ძალიან კარგი საყრდენი ნახევარმცველი უნდა იყოს.

ზემოთ რომი შემთხვევით არ მიხსენებია. ჩემთვის დე როსი ყოველთვის რომაელი ჯარისკაცის, ლეგიონერის, ასოციაციას აღძრავდა. ყოველთვის სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი - კაცი, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია ანდო და მუდამ ჩუმად გააკეთებს იმას, რაც მისი ვალია. მგონია, რომ რომი, კაცობრიობის ყველაზე დიდი იმპერია, დე როსის მსგავსმა ლეგიონერებმა შექმნეს.

ცოცხალ ლეგიონერს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ როცა რომზე ვწერ, მგონია რომ ჩემი ნდობა შეიძლება - ფეხბურთი ჩემი ჰობია, რომის ისტორია და კულტურა კი - ჩემი პროფესია, რომელსაც 11 წელი ვსწავლობდი - ბაკალავრიატიდან დოქტორის ხარისხამდე.

ჰოდა, როცა დე როსის ვუყურებ, მასში ცოცხალ ლეგიონერს ვხედავ. მეტსახელიც ძალიან რომაული აქვს - „ცენტურიონი“, ანუ ასისთავი რომაულ ჯარში. სიმბოლურია ისიც, რომ თუნდაც მეტსახელის დონეზე დე როსი არც მეფეა და არც იმპერატორი - ასეთი რამეები ფრანჩესკო ტოტისთვის დარჩა, დე როსის კი „ცენტურიონობა“ ხვდა წილად.

თუ ფეხბურთი გვიყვარს, ეს ტოტის და დე როსის მსგავსი ხალხის დამსახურებაა. ორივე მათგანს შეეძლო, უდიდეს კლუბებში ეთამაშა, თუმცა, მათ ყველაფერს მშობლიური რომა არჩიეს - ეს 18-წლიანი სიყვარულის და ერთგულების ისტორიაა.

მგონია ისიც, რომ ტოტის გამოწვევა უფრო მარტივი იყო - ტოტიმ რომასთან ერთად თავისი მთავარი სკუდეტო მოიგო და ვერავინ იტყვის, რომ იგი რომადან წაგებული წავიდა. მისი უსაზღვრო ერთგულების გამო, ფრანჩესკომ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარულიც მიიღო. დე როსის ერთგულება ნაკლები არ ყოფილა, თუმცა ის უფრო ხშირად ტოტის ჩრდილში იყო - ისევე, როგორც ალბათ ცენტურიონი უნდა იყოს იმპერატორის ჩრდილში. ის ერთი დიდი გამარჯვებაც რომასთან ერთად მას არ ჰქონია. მოკლედ, მგონია, რომ დე როსისთვის რომაში დარჩენა უფრო რთული იყო და მაინც დარჩა.

წაიკითხე | დელ პიეროს ზარით შეცვლილი კარიერა - ბარძალის ბოლო თამაში

დე როსისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება 2006 წლის 9 ივლისით იწყება და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა. 9 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე, აშშ-სთან ჯგუფური ეტაპის მატჩში დე როსიმ იდაყვით, ჟარგონზე ვიტყვი - სახე გაუხსნა მაკბრაიდს, ამერიკელების ნახევარმცველს. იმდენი სისხლი იყო, ბავშვები, რომ ეკრანს უნდა მოარიდო, ის შემთხვევა გამოვიდა.

დე როსის გაძევება 2006 წლის მუნდიალზე, აშშ-თან ჯგუფური ეტაპის მატჩში

წითელი ბარათი და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - იტალიამ პირლოს შემდეგ თავისი საუკეთესო ნახევარმცველი დაკარგა.

მატჩის შემდეგ დე როსი ცრემლებით ეხვეწებოდა თანაგუნდელებს, მიეცათ მისთვის კიდევ ერთი შანსი, მუნდიალზე კიდევ ერთი თამაშის საშუალება. ეს ერთი შანსი იმას ნიშნავდა, რომ იტალიას ფინალი უნდა ეთამაშა - დისკვალიფიკაციის შემდეგ, მეხუთე თამაში მხოლოდ ფინალი შეიძლებოდა ყოფილიყო. დე როსიმ პირობა მიიღო, რომ მისთვის(აც)  მივიდოდნენ ფინალამდე. ასეც მოხდა - დანიელეს შემდეგი თამაში 9 ივლისს, ბერლინში იყო. როდესაც პენალტების სერიის დრო დადგა, არავის, ალბათ არც მარჩელო ლიპის არ შეეძლო დე როსისთვის პენალტზე უარი ეთქვა - მას თავისი გუნდისთვის ვალის დაბრუნება უნდოდა.

ეს დარტყმა ძალიან მიყვარს. ამ დარტყმაში მან ჩააქსოვა მთელი ბრაზი, აგრესია, სიძულვილი და ყველაფერი, რასაც მაშინ გრძნობდა, როცა დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გადიოდა.

დე როსის პენალტი საფრანგეთთან, ფინალში

წესით, პენალტებს ასე არ არტყამენ - როცა თერთმეტმეტრიანს ასრულებ, ცივი თავი გჭირდება, მით უმეტეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ეს რაღაც სხვანაირი პენალტი იყო, ძალით და ბრაზით დარტყმული. ხუთივე თერთმეტმეტრიანი მახსოვს, ხუთივე განსხვავებულად. დე როსის ამ დარტყმას ჩემთვის თავისი ისტორია და ემოცია აქვს. წინა კვირას ანდრეა ბარძალი წავიდა, ახლა კი მას დე როსიც მიჰყვა - ბოლოსწინა ფეხბურთელი, ვინც 2006 წლის იტალიის საჩემპიონო გუნდიდან იყო დარჩენილი.

მარკო მატერაცი და დანიელე დე როსი მსოფლიო თასით

კომენტარები

ბოლო ამბები