Thumbnail

ჩინეთის ნაკრები ისევ მარჩელო ლიპის ჩააბარეს! მიზანი - მსოფლიოს ჩემპიონატი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა
  • ლეგენდარულმა იტალიელმა ფაბიო კანავარო შეცვალა
  • მაესტროს მიზანი ჩინეთის 2022 წლის მუნდიალზე გაყვანაა

ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, ჩინელებმა თავიანთი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ისევ მარჩელო ლიპი დანიშნეს. 71 წლის იტალიელი ამ თანამდებობაზე სულ რაღაც 4 თვის შემდეგ დაბრუნდა - მას მერე, რაც 4 თვის წინ მის ნაცვლად დანიშნული ფაბიო კანავარო საკუთარი სურვილით გადადგა.

მარჩელო ლიპის დაბრუნება შანხაიში დღეს დაადასტურეს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელის მიზანი ჩინეთის ნაკრების 2022 წლის მუნდიალზე გაყვანა იქნება.

“ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთის ნაკრები მარჩელო ლიპის და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს,” - ნათქვამია ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის (CFA) ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მარჩელო ლიპის ჩინელებთან კონტრაქტი იანვრამდე ჰქონდა გაფორმებული და მისი გაგრძელება არ ისურვა. ‘მაესტროს’ მიზანი სახლში, ოჯახთან დაბრუნება იყო. მის ნაცვლად ფაბიო კანავარო დანიშნეს, რომელმაც თანამდებობა, პირადი მიზეზების გამო, 6 კვირაში დატოვა. ახლა კი, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიპი ნაკრებში დაბრუნებაზე დაითანხმა.

წაიკითხე | მარჩელო ლიპი - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო

შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი 2012 წელს გუანჯოუ ევერგრანდის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. 2016 წლის ოქტომბერში კი მან ჩინეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა - ლიპის ხელფასი წელიწადში 24 მილიონი ევრო იყო. იტალიელმა ჩინეთი 2018 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა, აზიის ჩემპიონატს კი, მერვედფინალში, ირანთან (0:3) გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები