Thumbnail

NBA | მილუოკი პანიკაშია - ტორონტომ სტუმრადაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილუიკი ბაქსი 99:105 ტორონტო რეპტორსი
  • კანადელებმა მეტოქეს სტუმრადაც მოუგეს და სერიაში წინ გავიდნენ - 3-2
  • მილუოკი ბაქსი ამ სეზონში ზედიზედ სამ თამაშში პირველად დამარცხდა

მილუოკი ბაქსმა ამ სეზონში პირველად, ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ეს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დაემართა. ტორონტო რეპტორსმა სერიის მეხუთე შეხვედრაში, გასვლაზეც აჯობა მეტოქეს. შედეგად კი, სერიაში, რომელსაც ბაქსი თავიდან 2-0-ს იგებდა, რეპტორსის სასარგებლოდ 3-2 გახდა.

📺 ვიდეო: მილუოკი 99:105 ტორონტო (მიმოხილვა)

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბაქსმა კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო და ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა ანგარიშში უპირატესობას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ.  

ბოლო წამებზე მასპინძლებმა კაილ ლოურიზე ფოლის აღება სცადეს, მაგრამ არბიტრებმა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს, შედეგად კი რეპტორსმა იერიში იოლი 2-ქულიანით დაასრულა და მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. ბაქსის უკმაყოფილო მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი მოედანზე არბიტრს ეცა, მაგრამ ამაოდ.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კანადური გუნდის ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 35 ქულა ჩაგდო, რასაც 9 პასი და 7 მოხსნა მიუმატა. მან 8-იდან 5 საქმულიანი, 9-იდან 8 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. 

კავაი ლეონარდსა და მის გუნდს ფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებთ 

თამაშის შემდეგ კავაი ლეონარდმა რეპორტიორებთან ისაუბრა.

"არ ვიცი, როგორ შეიძლება ბაქსის ზედიზედ ოთხჯერ დამარცხება, უწინ ეს არასდროს გამიკეთებია. ვთამაშობთ მატჩიდან მატჩამდე და მიხარია, რომ დღეს გავიმარჯვეთ. სულ ესაა, თამაში დასრულდა, ჯერ გასახდელშიც არ შევსულვარ და არ ვიცი, როგორია განწყობა გუნდში. უბრალოდ, გამარჯვება გვინდა".

ტორონტოში ორმაგი დუბლი შეასრულა პასკალ სიაკამმა (14 ქულა, 13 მოხსნა). კაილ ლოურიმ კი 17 ქულა ჩააგდო და რეპტორსის შემადგენლობაში, პლეი ოფში მოპოვებული ქულების რაოდენობით, ლიდერი გახდა. ტორონტოს გამთამაშებლის ანგარიშზე ამჟამად პლეი ოფში ჩაგდებული 1 126 ქულაა და დემარ დეროზანს უსწრებს (1 117). ამ სიაში კავაი ლეონარდი მეოთხეა (534).

კანადური გუნდის სათადარიგო გამთამაშებელმა ფრედ ვანვლიტმა პერიმეტრიდან 9-იდან 7-ჯერ ზუსტად ისროლა და სამქულიანების პირადი რეკორდი დაამყარა, საბოლოოდ კი 21 ქულა მიითვალა. 

მილუოკიში 24 ქულით იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა. ბერძენი საჯარიმოებს კვლავაც საშინლად ისვრის, ამჯერად მან 9-იდან მხოლოდ 4 ჩააგდო. რაც შეეხება მასპინძელთა სხვა მოთამაშეების შედეგებს, 20 ქულა მიითვალა ერიკ ბლედსომ, 18 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონას. 

მილუოკის არც მოედანზე თავისი მასკოტის გამოყვანამ უშველა 

სერიის მომდევნო, მეექვსე დაპირისპირება ტორონტოში, 26 მაისს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში (სერია 4 მოგებამდეა), რეპტორსი ისტორიაში პირველად გავა NBA-ს ფინალში, რომლის პირველი მონაწილე ცნობილია - დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გოლდენ სტეიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები