Thumbnail

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული წაართვეს? მსაჯებმა მას ასანოიამასთან წაგება ჩაუთვალეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ერთ-ერთ ლიდერს, მე-8 მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და მეტოქე ძირს დააგდო, მაგრამ ქართველის გამარჯვება საკამათო გახდა. მონოიზე მსაჯებმა დიდხანს იმსჯელეს და ასანოიამას იორიკირით გამარჯვება ჩაუთვალეს. ქართველ სუმოისტს 9-4 ბალანსი აქვს.

ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იქნება დიდი ჩემპიონი კაკურიუ, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 3:23-ს აგებს. 

სუმოს ასოციაციამ ქართველ სუმოისტს ნაცუ ბაშოს წინ 10 გამარჯვების მიღწევა დაუთქვა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ზედიზედ ორ ბაშოზე (იანვარი, მარტი) უარყოფითი ბალანსის დაფიქსირებისთვის სუმოს იერარქიაში მეორე წოდება - ოძეკობა დაკარგა, რომელიც შარშან ნაცუ ბაშოზე წარმატებული ასპარეზობისთვის (13-2) მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშით გაიმარჯვა. გაგამარუს 8-5 ბალანსი აქვს და მან გაინაღდა რეიტინგში წინსვლა. ნაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველი სუმოისტი ჯურიოს მე-10 ნომერ ცურუგიშოს შეხვდება.

დღის მთავარი სენსაცია ბოლო ბრძოლაში დაფიქსირდა, როცა ოძეკი ტაკაიასუმ დიდი ჩემპიონი კაკურიუ ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ნაცუ ბაშო. ლიდერები

11-2: ასანოიამა (მაეგაშირა 8)

10-3: კაკურიუ (იოკოძუნა)

9-4: გოეიდო (ოძეკი), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ტამავაში (მაეგაშირა 3), მეისეი (მაეგაშირა 7)

კომენტარები

ბოლო ამბები