Thumbnail

შურისძიება და ახალი რეკორდი! ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა და ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:4 ჟო-ვილფრედ ცონგა
  • ამ მოგების წყალობით, მან კარიერის რეკორდი დაამყარა

ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირი (საპრიზო ფონდი: €501 345) მიმდინარეობს, რომელშიც პირველ ნომრად ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია (18) განთესილი. მეოთხედფინალში ნიკა მსოფლიოს ყოფილ მე-5 ჩოგანს, მასპინძელ ჟო-ვილფრედ ცონგას (85) შეხვდა და ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4. 

მატჩი საათსა და 24 წუთს გაგრძელდა, ცონგას ვერც 9 ეისმა უშველა (ნიკას 1 ეისი). ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდება სამჯერ მოიგო (ორჯერ პირველ სეტში) და ნახევარფინალში გავიდა. 

ამით ნიკამ ლიონის ტურნირის ნახევარფინალისთვის (2017 წელი) შური იძია, როცა ცონგასთან სამ სეტში დამარცხდა. 

ბასილაშვილი კარიერაში პირველად გახდება მსოფლიოს მე-16 ჩოგანი

ნახევარფინალში ნიკას მეტოქე კანადელი ფელიქს ალიასიმ-ოჟიე (28) იქნება, რომელიც ტურნირზე მე-4 ნორმად არის განთესილი.

ამ გამარჯვებით მას მიმდინარე რეიტინგში 2 030 ქულა გაუხდა. ნიკამ არა მარტო პირველად დაძლია 2-ათასიანი ბარიერი, არამედ პირველად გახდა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი (ორშაბათიდან ოფიციალურად) - მან გაელ მონფილსა და მილოშ რაონიჩს გადაუსწრო. მეტი წინსვლა ორშაბათამდე აღარ გამოვა - ლიონის ტურნირიც რომ მოიგოს, ბასილაშვილს 2 130 ქულა ექნება, მე-15 ჩოგან ბორნა ჩორიჩს კი 2 525 ქულა აქვს. აქამდე ნიკას მიღწევა მსოფლიოს მე-17 ჩოგნობა იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები