Thumbnail
  • პეპის იუვენტუსში შესაძლო წასვლის შესახებ ხმებს სიტიში უსაფუძვლოს უწოდებენ
  • 48 წლის კატალონიელი სპეციალისტი ამ ზაფხულს კლუბს ნამდვილად არ შეიცვლის

მანჩესტერ სიტიში ირწმუნებიან, რომ ხოსეპ გვარდიოლა ტურინის იუვენტუსში მომავალ ზაფხულს არ გადავა. არადა, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელ სპეციალისტს ტურინელებთან უკვე შეთანხმებული კონტრაქტი 4 ივნისს უნდა გაეფორმებინა, ათი დღის შემდეგ კი, 14 ივნისს, მხარეებს თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად უნდა გამოეცხადებინათ…

გავრცელებულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონების დირექტორთა საბჭოს წევრი ალბერტო გალასი ასე გამოეხმაურა: 

"როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ამის შესახებ წავიკითხე. ის ჩვენი გუნდის მწვრთნელია და სურს ჩვენთან დარჩენა. ის, რაც დაწერეს, სიცრუეა. ეს ამბავი სრულიად უსაფუძვლოა და არც ის გვესმის, რატომ უნდა ჩაერიოს კლუბი და გამოაცხადოს, რომ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დატოვება არ სურს. ეს საკითხი არ დგას".

პეპმა მანჩესტერში უკვე ექვსი ტიტული მოიგო

ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა. სამწლიანი მუშაობის პერიოდში პეპმა გუნდთან ერთად ექვსი ტიტული მოიგო - ორ-ორჯერ პრემიერლიგა (2017/18 და 2018/19) და ინგლისის ლიგის თასი (2017/18 და 2017/18), თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი (2018/19) და ინგლისის სუპერთასი (2018). 

48 წლის სპეციალისტს, რომელსაც მანამდე ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნში უმუშავია, მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან  2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ტურინში ალეგრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია

გადაწყვეტილია, რომ ტურინის იუვენტუსს მასიმილიანო ალეგრი ტოვებს, მის სავარაუდო შემცვლელად კი, პეპის გარდა, რამდენიმე სპეციალისტის გვარი დაასახელეს - ანტონიო კონტე, მაურიციო სარი, კარლო ანჩელოტი და უმუშევარი ჟოზე მოურინიო.

კომენტარები

ბოლო ამბები