Thumbnail

'ტოჩინოშინის რჩევები მის წინააღმდეგ გამომადგა' - რა თქვა ქართველის მეტოქემ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზედიზედ 7 მოგების შემდეგ, ტოჩინოშინმა აშკარად მოუკლო
  • ტოჩინოშინისა და მეისეის კომენტარები
ამ ფოტოს მიხედვით, ვერ იფიქრებ, რომ ქართველმა ეს ბრძოლა დათმო

ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ძალზე მოულოდნელი მარცხი რიგითი მაეგაშირა მეისეისგან იწვნია. მას 9-3 ბალანსი აქვს და კვლავ ერთი მოგება აკლია ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე.

იაპონური მედია იუწყება, რომ წაგების შემდეგ, ჟურნალისტებთან ყოველთვის თავისუფლად მოლაპარაკე ტოჩინოშინი, ახლა ამ განწყობაზე ვერ იყო: "ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რაღაც უნდა შევცვალო", - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა. 

სამაგიეროდ, გამარჯვებულმა მეისეიმ ახსნა მისი წარმატების მიზეზი:

"გაზაფხულის ტურნეზე ტოჩინოშინმა ნება დამრთო, ხშირად მევარჯიშა მასთან. ის ძალიან ბევრ რჩევას მაძლევდა. მოხარული ვიქნები, თუ მომავალში ხშირად მომიწევს ამ დონის სუმოისტთან ბრძოლები", - განაცხადა მე-7 მაეგაშირამ, რომელმაც დადებითი ბალანსი და რეიტინგში წინსვლა გაინაღდა. 

ბრწყინვალე სტარტი - ცუდი გაგრძელება

ზაფხულის ბაშოზე ზედიზედ 7 ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ტოჩინოშინი აშკარად ცუდ ფორმაშია. საბედნიეროდ, მას ტრავმის გამიზეზება არ ეტყობა, ბოლოდროინდელი წაგებები კი უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის გვგონია.

ბოლო 5 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 3 წააგო, 1 მოიგო და ერთხელ მას მეტოქე არ გამოუცხადდა. 

მიუხედავად ამისა, ლევან გორგაძეს კვლავ კარგი შანსი აქვს, დაიბრუნოს ოძეკობა და ასევე რეალური შანსი რჩება, იბრძოლოს იმპერატორის თასისთვის.

შანსი ასანოიამასთან

შემდეგი მეტოქე ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი ასანოიამაა. მე-8 მაეგაშირას ტოჩინოშინი ერთხელ შეხვდა - 2017 წლის ნოემბრის ბაშოზე მაშინ მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა მეტოქეს იორიკირის ილეთით ძლია.

ახლა ასანოიამას 10-2 ბალანსი აქვს და კაკურიუსთან ერთად ლიდერია. სწორედ იმის გამო, რომ მას იმპერატორის თასის მოპოვების შანსი გაუჩნდა, იაპონელს ქართველთან მოუწევს დაპირისპირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინს არ მოუწევს ბრძოლა ერთ-ერთ ოძეკისთან. ვინაიდან, ბოლოსწინა და ბოლო ორთაბრძოლები ტოჩინოშინს ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს, ლევანისთვის საუკეთესო შანსი ასანოიამას დამარცხებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის რანგის დაბრუნების ნორმატივის (10 მოგება) შესრულება გაჭირდება...

კომენტარები

ბოლო ამბები