Thumbnail

'დიდი მიზნები მაქვს, მაგრამ ხელშეწყობა მჭირდება' - ინტერვიუ მერაბ დუკაშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა პარამკლავჭიდელმა ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • მერაბ დუკაშვილი წარმატებული პარასპორტსმენია, წინ კი დიდი გეგმები აქვს

მერაბ დუკაშვილი ქართველი პარამკლავჭიდელია, რომელმაც საბერძნეთში გამართულ ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მერაბს არაერთი წარმატება აქვს და მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა პარამკლავჭიდელმა popsport.com-ს ბერძნული შთაბეჭდილებები გაუზიარა და სხვა თემებზეც ისაუბრა...

popsport: როგორ შეაფასებ საბერძნეთში გამართულ ევროპის პირველობას?

დუკაშვილი: ტურნირი გაიმართა ათენთან ახლოსმდებარე ქალაქ ლოუტრაკში. ეს იყო ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს შორის და მონაწილეობდნენ როგორც უსინათლოები, ისე სმენადაქვეითებულები, ეტლით მოსარგებლეები და ა.შ. მარჯვენა ხელით შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოვიპოვე, რასაც სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებლად კონკურენტებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ, ეს შედეგი მოულოდნელი იყო. წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვახერხებ ტურნირებში მონაწილეობას, სხვებს კი გაცილებით დიდი პრაქტიკა აქვთ. მიუხედავად ამისა, მარჯვენა ხელით შეჯიბრში მეორე ადგილი დავიკავე.

popsport: უფრო დეტალურად მოგვიყევი უშუალოდ შეჯიბრის შესახებ...

დუკაშვილი: მარცხენა ხელით ორი ორთაბრძოლა გავმართე და ოროვე ბრძოლაში წავაგე: პირველად სომხური წარმოშობის უკრაინელთან, ხოლო შემდეგ რუს მეტოქესთან. სწორედ ამ რუსს მოვუგე მარჯვენა ხელით პირველი ორთაბრძოლა. შემდეგ, ჩეხ მეტოქეს ვძლიე. ამას მოჰყვა ძალიან რთული დაპირისპირება თურქე ჩემპიონთან და იქ კი დავმარცხდი. თუმცა, ჯერ კიდევ მქონდა ფინალში გასვლის შანსი და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელს დავუპირისპირდი. გავიმარჯვე და ფინალში ისევ უძლიერეს თურქ მეტოქეს შევხვდი. უკვე გამოფიტული ვიყავი, ძალა აღარ მქონდა და უშანსოდ წავაგე. ასე რომ, ვერცხლის მედალს დავჯერდი. 

მერაბ დუკაშვილი

popsport: როდის დაინტერესდი მკლავჭიდით და როდის ირწმუნე რომ სპორტში დიდი წარმატების მიღწევა შეგეძლო?

დუკაშვილი: პირველად თბილისში ინვალიდთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ტურნირში მივიღე მონაწილეობა და იქ გავიცანი ტიტულოვანი სპორტსმენი და პირველი ქართველი პარამკლავჭიდელი ბესო ლეკიაშვილი. იქიდან მოყოლებული ბესო ყოველთვის გვერით მიდგას და ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატებას მივაღწიო, რისთვისაც მას უდიესი მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან შემიყვარდა მკლავჭიდი და ბევრ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ერთი პერიოდი წოლჭიმშიც მოვსინჯე ძალები, თუმცა მალევე დავუბრუნდი მკლავჭიდს და 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

popsport: კიდევ რა მიზანი გაქვს დასახული?

დუკაშვილი: ჩემი მიზანია, რომ არაეთხელ გავხდე როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონი. ასევე, ოცნებად მაქვს ოლიმპიადაზე მოვიპოვო მედალი. მიდის აქტიური მუშაობა, რომ 2024 წელს პარამკლავჭიდი ოლიმპიური სახეობა გახდეს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა რომ პარამკლავჭიდში ვენდეტა ჩატარდეს და იქაც მსურს წარმატების მიღწევა.

popsport: ქართველ პარასპორტსმენებს დიდი წარმატებები აქვთ. შეგვიძლია ირმა ხეცურიანის და ზვიად გოგოჭურის მაგალითი მოვიყვანოთ. არის ქვეყანაში პირობები, რომ პარასპორტსმენები ტურნირებისთვის იდეალურად მოემზადონ?

დუკაშვილი: ვამაყობ ქართველი პარასპორტსმენების წარმატებებით და თითოეულ მათგანს ვგულშემატკივრობ. ზოგს მეტი მხარდაჭერა და უკეთესი პირობები აქვს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ჩემ თავზე. მკლავჭიდის ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა, სხვა მხრივ კი ხელის შეწყობა მიზერულია. მინდა რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და შესაბამისი პირობები მქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა. დიდი მიზნები მაქვს, მაგრამ ხელშეწყობა მჭირდება. ალბათ, პარასპორტსმენთა უმეტესობა იგივე მდგომარეობაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები