Thumbnail

ძლიერი გული, ანუ ცოტა რამ ბაშოს ჩემპიონი ქართველი სუმოისტის შესახებ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი ნაადრევად გაინაღდა.
  • მისი დებიუტი პროფესიულ სუმოში 2006 წელს შედგა.
  • რა რეკორდების დამყარება შეუძლია მას იმპერატორის თასის მოგებით.

ახალი წლის ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე 30 წლის ლევან გორგაძემ ტოკიოს ბაშოზე ისტორიული მიღწევა დაიბევა - ის გახდა პირველი ქართველი სუმოისტი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო.

► რეკორდი მიღწეულია, ერთი მოგებაც და იმპერატორის თასი ჩვენია!

დარჩენილი ორთაბრძოლა აღარაფერს წყვეტს. ტოჩინოშინი მხოლოდ მესამე სუმოისტია ამ საუკუნეში, რომელმაც რიგითი მაეგაშირას რანგში შეძლო ტიტულის მოგება.

ტოჩინოშინი 2014 წელს

მეოთხე ქართველი

ტოჩინოშინი პროფესიული სუმოს ისტორიაში 200-მდე უცხოელიდან ერთ-ერთია. ლევან გორგაძე პროფესიული სუმოს მეოთხე ქართველია. 

პიონერი კი ლევან ცაგურია იგივე კოკაი (შავი ზღვა), რომელმაც 2001 წელს დაიწყო ასპარეზობა იაპონიაში და 2012 წელს დაანება სპორტს თავი. "შავმა ზღვამ" თავისი საფირმო მძლავი ოშიდაშით მალევე მოიპოვა სუმოს ფანების სიყვარული იაპონიაში. იგი ძალიან სწრაფად, 3 წელზე ნაკლებ დროში, გადავიდა ელიტაში.

2006 წელს კოკაიმ 2 ბაშო სუმოს იერარქიაში მეოთხე, კომუსუბის რანგში იჭიდავა. ეს მისი ყველაზე დიდი მიღწევაა. 2008 წელს მან 12-3 ბალანსით ვიცე-ჩემპიონობა (ჯუნ იუშო) მოიპოვა. სოხუმიდან ლტოლვილი ქართველის სახელზეა ასევე მებრძოლის სულის პრიზი (ორჯერ) და ორი კინბოში (ვარსკვლავი, რომელსაც რიგით მაეგაშირას დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის ანიჭებენ). ცაგურიამ პროფესიულ სუმოზე 68 ბაშო იჭიდავა და ის ქართული სუმოს ნამდვილი ლეგენდაა. 

ნაკლებად წარმატებული გამოდგა მისი ძმის, გიორგი ცაგურიას (ცუკასაუმი) გზა პროფესიულ სუმოში - 2005-06 წლებში. მან სულ 7 ბაშოზე იასპარეზა და მე-4 დივიზიონს არ გასცილებია.

კოკაი, ტოჩინოშინი და გაგამარუ იაპონელი გულშემატკივრის თვალით

ცუკასაუმიდან 2 თვის მერე დებიუტი ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), რომელიც ახლა მეორე დივიზიონ ძურიოში ასპარეზობს. გაგამარუმ სულ 73 ბაშო გამართა. გაგამარუმ 2012 წელს 1 ბაშო კომუსუბის რანგში იჭიდავა და ვიცე-ჩემპიონიც ყოფილა (12-3 ბალანსით). მის ანგარიშზეც არის მებრძოლი სულის ორი პრიზი და ორი კინბოში დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის.

ტოჩინოშინი ყველაზე გვიან ჩაერთო ქართველებში პროფესიულ სუმოში - 2006 წლის მარტიდან. მას მხარს უკვე 71 ბაშო უმაგრებს. 2016 წელს ლევანმა სუმოს იერარქიის მესამე რანგით - სეკივაკეს წოდებით იჭიდავა. ტოჩინოშინმა სამჯერ ვიცე-ჩემპიონობა (12-3) მოიპოვა, 5-ჯერ მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ კინბოში და ერთხელ ყველაზე ტექნიკური სუმოისტის პრიზიც. 8 ბაშოზე იგი კომუსუბის რანგში გამოვიდა. მოკლედ, ტოჩინოშინი ისედაც ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტია და დღეს-ხვალ მისგან მთავარს - იმპერატორის თასს ველით.

ტრავმა

2013 წლის ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინმა მოგებულ შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სუმოს 8 თვით ჩამოშორდა. იგი იმ დროისთვის უკვე მაკუშიტას დივიზიონში (რანგით მესამე) იყო გავარდნილი და იყო ლაპარაკი, რომ ქართველი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ეს არ მოხდა და დაბრუნებაც ტრიუმფული გამოდგა. წლის ბოლოს იგი უკვე დაბრუდა ელიტაში.

2017 წელს იყო კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა, რომელმაც საბედნიეროდ, მას მხოლოდ ერთი ბაშო ჩაუგდო. 

ტოჩინოშინ ცუიოში

ყველა ბრძოლა ჰაცუ ბაშოზე

✔ I დღე: შოდაი 

✔ II დღე: არავაში 

✔ III დღე: ოკინოუმი 

✔ IV დღე: ტაკაიასუ 

✔ V დღე: გოეიდო 

✔ VI დღე: ტაკაკეიშო 

╳ VII დღე: კაკურიუ 

✔ VIII დღე: იოშიკაძე 

✔ IX დღე: მიტაკეუმი 

✔ X დღე: კოტოშოგიკუ 

✔ XI დღე: ტაკარაფუჯი 

✔ XII დღე: ტამავაში 

✔ XIII დღე: იჩინოჯო 

რას ნიშნავს ტოჩინოშინი

ეს შიკონა (საბრძოლო სახელი) სრულად ასე გამოითქმის ტოჩინოშინ ცუიოში. ტოჩი კასუგანოს კლუბის თითქმის ყველა სუმოისტის თავსართია. კლუბის პირველი პრეზიდენტი წარმოშობით ტოჩიგიიამას მხარიდან იყო. შინ იაპონურად გულს ნიშნავს, ხოლო ცუიოში ძლიერს. ასე რომ, ქართველის საბრძოლო სახელი დაახლოებით ასე ითარგმნება - ტოჩის ძლიერი გული. 

უცხოელები ბაშოზე

იაპონიის ტრადიციულ სპორტის სახეობაში, რომელიც სპორტზე მეტია იაპონელებისთვის, ბოლო დროს უცხოელები არცთუ უკანასკნელ როლებში არიან. განსაკუთრებით კი მონღოლები გამოირჩევიან. სულ 60 მონღოლს უჭიდავია პროფესიულ სუმოში, მას მერე, რაც მსგავსი სტატისტიკის წარმოება ხდება. დიდი იყო ამერიკელთა რიცხვიც - 31. სხვა უცხოეულები - 16 კორეელი, 12 ჩინელი, 11 ტაივანელი, 8 ტონგელი, 6 რუსი, 4 ქართველი, 2 სამოელი და ასე შემდეგ. 

პროფესიულ სუმოში სპორტის ამ სახეობისთვის ისეთი ეგზოტიკური ქვეყნის შვილებიც გვხდებოდა და გვხდება, როგორიც არგეტნინა, ეგვიპტე, ესტონეთი, ბრაზილია, ბულგარეთი, პარაგვაი და შრი ლანკაა. 

მხოლოდ 6 უცხოეული გამხდარა დიდი ჩემპიონი. აქედან 4 მონღოლი და 2 ამერიკელი იყო. 

ტოჩინოშინი პირველი რიგითი მაეგაშირა გახდა 2012 წლის მერე, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო. მაშინ გაიაპონებულმა მონღოლმა კიოკუტენჰომ იმარჯვა მე-7 მაეგაშირას რანგიდან. 

ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 40-ჯერ მოიგო

ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუ, რომელიც სუმოდან დიდი სკანდალით წავიდა 25-ჯერ იყო იმპერატორის თასის მფლობელი და მეტსაც შეძლებდა, რომ არა სკანდალი. ჰაკუჰომ თანამემამულეზე მეტს მიაღწია - იმპერატორის თასი 40-ჯერ მოიგო.

ტოჩინოშინის ამჟამინდელი კონკურენტი კაკურიუ, ერთადერთი ვინც ქართველის დამარცხება ამ ბაშოზე შეძლო, მხოლოდ სამჯერ ფლობდა ტიტულს. ჰარუმაფუჯი ახლახან ასევე სკანდალით წავიდა სპორტიდან, ამ მონღოლს 9 იუშო (გამარჯვება ბაშოზე) აქვს. 

ამერიკელი დიდი ჩემპიონები იყვნენ აკებონო (11 თასი) და მუსაშიმარუ (12). 

2017 წლის 6 ბაშოს გამარჯვებულები

იანვარი - კისენოსატო (1 თასი)

მარტი - კისენოსატო (2)

მაისი - ჰაკუჰო (38)

ივლისი - ჰაკუჰო (39)

სექტემბერი - ჰარუმაფუჯი (9)

ნოემბერი - ჰაკუჰო (40)

რამდენი გამოიმუშავა ბაშოზე

ყოველ ბრძოლაზე თავიანთი სურვილისამებრ, აწესებენ ფულად პრიზს - კენშოს, რომელიც 60 ათასი იენის ტოლფასია (დაახლოებით 1,4 ათასი ლარი). უფრო მეტი კენშო მაღალი რანგის სუმოისტების ანაც გულშემატკივართა შორის ყველაზე პოპულარული სუმოისტების ბრძოლებზე წესდება. 

ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ 69 კენშოთი ტოჩინოშინი სულაც არ არის ლიდერი. 228 კენშოთი ლიდერი დიდი ჩემპიონი კაკურიუოა. ტოჩინოშინი კი მხოლოდ მე-7 ადგილზეა. 

ბუნებრივია, ეს სპონსორული ბრძოლები პროფესიონალ სუმოისტთა შემოსავლის ერთადერთი წყარო არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები