Thumbnail
  • ანტონიო კონტემ მილანის ინტერთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა 
  • ნერაძურიში სპეციალისტს წელიწადში 10 მილიონ ევროს ჰპირდებიან
  • მწვრთნელმა მილანურ კლუბს ვიქტორ მოზესის ტრანსფერი მოსთხოვა

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მილანის ინტერი სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტის დაემშვიდობება და გუნდს ანტონიო კონტეს ჩააბარებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკერდი პალმერი იუწყება, რომ 49 წლის სპეციალისტს "ნერაძურისთან" წინასწარი შეთანხმება უკვე დადებული აქვს და მის თანახმად, წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება და ოფიციალურად 28 მაისს გაფორმდება.

FC Inter News უკვე კონტეს მიერ კლუბისთვის პირველ მოთხოვნილ ტრანსფერზე წერს. ეს ლონდონის ჩელსის მცველი ვიქტორ მოზესია, რომელიც იჯარით ფენერბაჰჩეში გამოდის, მისი ტრანსფერი კი ინტერს დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდება. კონტე 28 წლის ნიგერიელს ჩელსიდან იცნობს, სადაც ძირითადის მოთამაშედ ჰყავდა. 

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა მილანში აღმოჩნდეს

ანტონიო კონტეს ბოლო კლუბი ჩელსი იყო. იტალიელი სპეციალისტი "სტემფორდ ბრიჯზე" 2016 წლის ზაფხულში მივიდა და პირველსაცე სეზონში გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა შარშან ზაფხულში თანამდებობა დატოვა. ცოტა ხნის წინ სპეციალისტმა ლონდონელებს სასამართლო დავა მოუგო და მათგან კომპენსაციის სახით 9 მილიონი ფუნტი ეკუთვნის.

კონტეს არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, ყველაზე წარმატებული კი იუვენტუსში იყო, რომელთან ერთადაც ზედიზედ სამჯერ გახდა ჩემპიონი (2011/12, 2012/13, 2013/14), ორჯერ კი იტალიის სუპერთასის (2012, 2013) მფლობელი. სპეციალისტი 2014-16 წლებში “სკუადრა აძურასაც” თავკაცობდა.

კონტე იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება

მილანის ინტერს 66 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ტურის წინ მეოთხე ადგილზეა. ლუჩანო სპალეტის გუნდი წინა ტურში ნაპოლისთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა, ბოლო მატჩს კი 26 მაისს, შინ ემპოლისთან გამართავს და ქულების დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.

კომენტარები

ბოლო ამბები