Thumbnail

ფეხბურთის რობინ ჰუდი - როგორ თამაშობს იურგენ კლოპის ლივერპული

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

უკვე ბევრი წელია, იურგენ კლოპი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწვრთნელად მიიჩნევა - მწვრთნელად, რომელსაც თავისი სტილი და სათამაშო ფილოსოფია აქვს. წელს კი პირველად მოხდა, რომ მისი გუნდი, ლივერპული, ამ სეზონის ალბათ ყველაზე დომინანტი გუნდია. კლოპი პირველად მის კარიერაში აღარ არის ის კაცი, რომელიც საფეხბურთო გრანდებს წარმატებით ებრძვის, იგი ის მწვრთნელია, რომელიც სწორედ ამ ტიპის დომინანტ გუნდს ქმნის.

რა არის კლოპის ფეხბურთი, როგორ თამაშობენ მისი გუნდები და რატომ გამოიყურება კლოპის ლივერპული შეუჩერებლად? ამ ყველაფრის შესახებ ამ სტატიაში წაიკითხავთ.

პატარა გუნდების მწვრთნელი?

კლოპის კარიერა მხოლოდ სამ გუნდს ითვლის (მაინცი, დორტმუნდის ბორუსია და ლივერპული). გუნდების ჩამონათვალი მყისვე გვეუბნება, თუ რა ტიპის და რა ფილოსოფიის მქონე მწვრთნელია იურგენ კლოპი. მან კარიერა პატარა გერმანულ საუნივერსიტეტო ქალაქში, მაინცში დაიწყო - ქალაქში, სადაც ალბათ უფრო მეტი სტუდენტია, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებელი. მაინცი ლიბერალური და თავისუფალი ქალაქია და კლოპის გუნდიც მხიარულ, გულშემატკივარზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა.

ამის შემდეგ იყო დორტმუნდი, რომელიც გერმანულ ფეხბურთში ბაიერნის მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა - ძალად, რომელიც მიუნხენური სუპერკლუბის ფინანსებსა და გავლენას შეზღუდული ბიუჯეტით, თუმცა გუნდური სულის და გულშემატკივრებთან ერთობის ხარჯზე ებრძვის. ბორუსია გერმანიაში ძალიან უყვართ, ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს - გერმანელებისთვის ეს გუნდი საფეხბურთო რობინ ჰუდია - იურგენ კლოპიც სახლში იყო. მეტიც, სწორედ მან შეიტანა დიდი წვლილი პროვინციული ბორუსიას ამ იმიჯის შექმნაში.

თვითონ კლოპიც ძალიან ორგანულად ირგებს ამ როლს - ყოველთვის გასაპარსი, სპორტულებით - ცოტა დაუდევრად ჩაცმული, მთელი მისი არსებით ხაზს რომ უსვამს - იგი თავისუფალი კაცია და გარშემო წესებსა და ეტიკეტს დიდად არ დაგიდევთ.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპს ევროპული ფეხბურთის ბევრი გრანდი ეპატიჟებოდა, მან არჩევანი ლივერპულზე გააკეთა, რომელიც უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, თუმცა კლოპის მისვლის მომენტში კრიზისში იმყოფებოდა. ლივერპულში იურგენს ისევ თავისი საყვარელი საქმის კეთება - შეზღუდული ბიუჯეტის მქონე პირობებში მასზე ბევრად უფრო მდიდარ გრანდებთან დაპირისპირება უწევს. კლოპის არჩევანი შემთხვევითი არ იყო - ლივერპული გერმანელს იმას სთავაზობდა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება - საკუთარი პრინციპების და ფილოსოფიის მიხედვით მუშაობის შესაძლებლობა, არანაირი ზეწოლა გუნდების მფლობელებისგან, გუნდის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა და სამუშაო დრო იმისთვის, რომ ააშენოს ისეთი გუნდი, როგორიც მას მოსწონს.

პროფილი, რომელიც გრანდს არ ერგება

იურგენ კლოპს თავის კარიერაში არასოდეს უმუშავია სუპერვარსკვლავებთან. მგონია, რომ ეს მისი შეგნებული არჩევანია. თანამედროვე ფეხბურთში სუპერვარსკვლავებს მათი აგენტების, სარეკლამო კონტრაქტების და კლუბის მენეჯმენტთან მჭიდრო კონტაქტების გამო ძალიან დიდი გავლენა აქვთ. კლოპის მუშაობის სტილი კი გუნდურ ერთობაზე დგას - მისი გუნდები კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობენ ტაქტიკურადაც (ამაზე ქვემოთ) და კლოპის სამუშაო ატმოსფეროც სწორედ ერთიანობის სულზე დგას. მისი გერმანიაში მუშაობის დროს ხშირი იყო ისტორიები, როდესაც მას შეეძლო ფეხბურთელები ვარჯიშის მერე ქალაქგარეთ პიკნიკზე, ან სათევზაოდ წაეყვანა. სწორედ ასე ქმნის იურგენ კლოპი გუნდურ სულს და ენერგეტიკას.

სწორედ ამიტომ, იურგენ კლოპი თავს არიდებს რეალის და პსჟ-ს ტიპის გრანდებს, კლუბებს, სადაც მას, როგორც მწვრთნელს, დიპლომატიური უნარები მოეთხოვება იმისთვის, რათა საერთო ენა იპოვოს სუპერვარსკვლავებთან, თუნდაც თავის პრინციპებზე უარის თქმის ფასად.

მადრიდის რეალი პიკნიკზე წარმოგიდგენიათ?! ან ედინსონ კავანი და ნეიმარი ერთად სათევზაოდ?

იგი თავს არიდებს იმ სუპერკლუბებსაც, რომლებიც მწვრთნელის საქმიანობაში ხშირად ერევიან და მას მუდმივ სამუშაოს სტრესს უქმნიან - მოკლედ, იმ პრობლემებს, რომლებსაც წლიდან წლამდე ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელები ეწირებიან. კლოპის გუნდებში მხოლოდ ფეხბურთის ადგილია. ლივერპულმაც მას სწორედ ის პირობები შესთავაზა, რომელსაც კლოპი ეძებდა.

დრო, რომელიც კლოპს სჭირდება

ჟოზე მოურინიომ წელს კლოპს თითქოს დასცინა - ყველაზე იღბლიანი კაცია, სამი წელია ლივერპულში არაფერი მოუგია და მაინც არ უშვებენო. ამ შემთხვევაში ჟოზემ ფაქტების ინტერპრეტაცია არასწორად მოახდინა.

ჟოზე მოურინიო: „იურგენ კლოპი ყველაზე იღბლიანი კაცია, სამი წელია არაფერი მოუგია და მაინც ყველა მას აქებს.“

იურგენ კლოპი, ჟოზესგან განსხვავებით, იმ ტიპის მწვრთნელია, რომელსაც დრო სჭირდება. თუკი ჟოზე თავისი გუნდების რესურსების მობილიზების ხარჯზე (პირველ რიგში სტრესის შექმნის გზით), შედეგების სწრაფად მიღებაზეა ორიენტირებული, კლოპი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ქმნის თავის გუნდს - მისი თამაშის შექმნასაც, რომელიც ავტომატიზმზე და სინქრონულობაზე დგას, დრო სჭირდება. თავის სამივე გუნდში მან დიდი ხანი გაატარა - მაინცში და დორტმუნდში იგი 7-7 წელი იყო, ლივერპულში კი უკვე მეოთხე სეზონია მუშაობს.

წაიკითხე | წარსულში დარჩენილი ფეხბურთი - ჟოზე მოურინიოს რეგრესი

მოკლედ, როცა იურგენ კლოპი გუნდში მოგყავს, ეს გრძელვადიანი პროექტია და ლივერპულიც მისგან არ ელოდა სწრაფ შედეგებს. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კლოპი თავს არიდებს იმ ტიპის სუპერკლუბებს, რომლებიც შედეგს სწრაფად ითხოვენ.

თავის გუნდებში იგი დიდხანს რჩება. წლევანდელი ლივერპულიც მისი საბოლოო პროდუქტი არ არის - შემდეგ სეზონებში მერსისაიდელებისგან კიდევ უფრო მეტს ველოდებით.

ფსიქოლოგი და მოტივატორი

იურგენ კლოპისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ამ საკითხზე ბევრს მუშაობს. არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც კლოპთან პრობლემა ჰქონოდეს, მასთან მუშაობა არ მოსწონებოდეს და გუნდის შიგნით ატმოსფერო გაეფუჭებინოს.

არც ის მახსოვს, რომ ოდესმე კლოპის გუნდი უმოტივაციოდ გამოსულიყოს მოედანზე - მისი გუნდები ყოველთვის საკმარისად მოტივირებულები არიან, რომ აგრესიული, დინამიური, ინტენსიური და ბევრ მოძრაობაზე დაფუძნებული ფეხბურთი ითამაშონ.

კლოპი არასოდეს უქმნის ფეხბურთელებს სტრესს. პირიქით, იგი ფეხბურთს იმ თამაშად აღიქვამს, რომელიც ლაღად უნდა ითამაშო და მაყურებელს სიამოვნება მიანიჭო. გუნდში მას კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა აქვს - მისი გუნდები ერთად იგებენ და აგებენ, მასში ყველა თანასწორია.

ფსიქოლოგიური სიმტკიცის გარეშე ლივერპული ბარსასთან 0:3-დან ვერ დაბრუნდებოდა. მით უმეტეს, პრემიერლიგაში ძალიან სტრესული საჩემპიონო რბოლის შემდეგ, როდესაც კლოპის გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობისთვის.

კაცი, რომელიც ქმნის ვარსკვლავებს

ზემოთ ვახსენე, რომ სუპერვარსკვლავებთან მუშაობა, შესაძლოა, კლოპის ყველაზე ძლიერი მხარე არ არის, თუმცა იგი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა შეზღუდული ფინანსური რესურსებით გუნდის მშენებლობაში. როგორც დიდ ფეხბურთელებს არავინ იცნობდა სადიო მანეს, მო სალაჰს და რობერტო ფირმინოს, თუმცა ეს სამეული დღეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე შემტევ ტრიოს ქმნის. მარიო გიოტცე, რობერტ ლევანდოვსკი, მარკო როისი და მატს ჰუმელსი სწორედ მის ხელში იქცნენ ვარსკვლავებად.

კლოპს ძალიან კარგად შეუძლია პატარა გუნდებში მისთვის საჭირო ფეხბურთელების პოვნა და შემდეგ მათგან ვარსკვლავების შექმნა. ასე იპოვა მან, მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკი პოზნანის ლეხში.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კლოპის სისტემა ამ მოთამაშეების ძლიერ მხარეებს უფრო უკეთ აჩენს. უმეტეს შემთხვევაში, კლოპისგან წასული ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშს ვეღარ ახერხებენ. რობერტ ლევანდოვსკი ერთადერთი მაგალითია, რომელიც კლოპისგან წავიდა და ახალ საფეხურზე ასვლა შეძლო. დორტმუნდიდან წასულმა მარიო გიოტცემ და ნური შაჰინმა რეგრესი განიცადეს, მატს ჰუმელსმა არ მოუკლო, თუმცა ვერც მოუმატა. არც იმის მჯერა, რომ მაგალითად მო სალაჰს ლივერპულის გარდა, რომელიმე ევროპულ გრანდში იმ ხარისხის ფეხბურთის თამაში შეუძლია, რასაც იგი 'ენფილდზე' აჩვენებს.

ლივერპულში მისვლის შემდეგ, კლოპმა თითქმის მთელი გუნდი განაახლა. მილნერის და ჰენდერსონის გარდა, ამ ლივერპულის ძირითადის, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშე კლოპმა შეიძინა. ფეხბურთელები მან შედარებით დაბალი კლასის მქონე გუნდებში იპოვა და ასე შექმნა ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი.

კლოპის ფეხბურთი

კლოპი გუნდის მენეჯმენტისგან დროს ითხოვს, რადგან მისი თამაში ავტომატიზმსა და სინქრონულ მოძრაობაზე დგას - ეს კი დროის გარეშე არ გამოდის. კლოპის ფეხბურთი ორ ძირითად კომპონენტს ეფუძნება - აგრესიულ და ინტენსიურ პრესინგს და მაღალ ტემპში შეტევას, რომელიც მოთამაშეთა აბსოლუტურ ურთიერთგაგებას ითვალისწინებს.

კლოპს ნახევარდაცვაში ყოველთვის ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი მოძრაობა, სირბილი და ბრძოლა შეუძლიათ. სწორედ მათი საქმეა პრესინგი - ამიტომ, ვეინალდუმის და მილნერის ტიპის ფეხბურთელები კლოპის გუნდში ადგილს ყოველთვის იოლად პოულობენ. ამ ტიპის ფეხბურთელების ერთ ორგანიზმად გარდაქმნას და პრესინგის დროს მათ სინქრონულად მოძრაობას კლოპი ძალიან კარგად ახერხებს.

ნახევარმცველების გარდა, პრესინგსა და დაცვითი ამოცანების შესრულებაში მისი შემტევებიც არიან ჩართულები - მანე, ფირმინო და სალაჰი ნახევარდაცვას ძალიან კარგად ეხმარებიან და სწორედ ისინი იწყებენ პრესინგს. ამიტომ, კლოპი ძალიან რთულად წარმომიდგენია ნეიმარის, კრიშტიანოს ან მესის ტიპის შემტევებთან, რომლებიც მათი ტალანტიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, თავისუფლები არიან დაცვითი ამოცანებისგან.

კლოპის პრესინგს გერმანული ტერმინით - Gegenpressing მოიხსენიებენ. არსობრივად, ეს მაღალი პრესინგია, რომელიც ნაკლებად განსხვავდება, მაგალითად, გვარდიოლას და ბარსელონას მაღალი პრესინგისგან. განსხვავება მხოლოდ ერთია - პრესინგის შედეგად ბურთის დაბრუნების შემდეგ, პეპის გუნდი თუ ძალიან კარგი შეტევის ვარიანტი არ აქვს, ცდილობს ისევ ბურთის გრძელი გათამაშება დაიწყოს, კლოპი კი უპირატესობას ბურთის დაბრუნების შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად შეტევის დაწყებას ანიჭებს, თუნდაც ეს სარისკო პასს ან გადაწყვეტილებას გულისხმობდეს. მისთვის მთავარია, გამოიყენოს მომენტი, სანამ მეტოქე ბურთის დაკარგვის შემდეგ დალაგებას მოასწრებს.

კლოპის თქმით, პრესინგით და მეტოქისთვის ბურთის სწრაფად ართმევით მის გუნდს უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნა შეუძლია, ვიდრე ამას რომელიმე გამთამაშებელი შეძლებდა - ამიტომაც მის ნახევარდაცვაში შემოქმედი ფეხბურთელების ადგილი ნაკლებად არის.

დინამიზმი და მოძრაობა კლოპის გუნდების სახასიათო ნიშანია შეტევაშიც. იგი ძირითადად სამ შემტევს ათამაშებს, რომლებიც ბევრს მოძრაობენ, ცვლიან პოზიციებს და ერთმანეთს ავსებენ - ეს იდეალური, ავტომატიზმამდე მისული ურთიერთგაგების გარეშე შეუძლებელია. ლივერპულის თამაშის დროს ხშირად ნახავთ, თუ როგორ ჩამოდის უკან ფირმინო და მის ადგილს მანე, სალაჰი, ან რომელიმე ნახევარმცველი ავსებს.

შეტევაში, (ისევე, როგორც ნახევარდაცვაში) კლოპი სწრაფ და მოძრავ მოთამაშეებს ეყრდნობა - ლევანდოვსკის შემდეგ კლოპს გაბარიტული ფორვარდი თითქმის აღარ ჰყოლია. დორტმუნდში ძალიან სწრაფი და მოძრავი როისი და გიოტცე ჰყავდა, ლივერპულში კი მანე-სალაჰი-ფირმინოს სამეული. თუკი გვარდიოლასთვის აუცილებელი კომპონენტი მოთამაშის ტექნიკური არსენალია, კლოპისთვის აუცილებელი უნარი სისწრაფე და დინამიკაში თამაშის უნარია.

სწორედ ამიტომ მუშაობდა იგი დორტმუნდის და ლივერპულის ტიპის გუნდებში - კოლექტიურ პრესინგს, მოთამაშეთა პოზიციების ცვალებადობას და ა.შ. მთელი გუნდის მოძრაობა ერთიანად სჭირდება - ეს კოლექტიური ფეხბურთია და აქ სუპერვარსკვლავების ადგილი ნაკლებად არის.

პრობლემა და მისი პასუხი - ვან დაიკი

კლოპის გუნდებისთვის ყველაზე პრობლემური ყოველთვის დაცვის ორგანიზება იყო. როდესაც გუნდი მაღალ და აგრესიულ პრესინგს თამაშობს, თუკი მეტოქე ახერხებს, ამ პრესინგიდან ამოსვლას, მეტოქის ნახევარზე ბევრი სივრცე ხვდება. სწორედ ამიტომ, მისი გუნდებისთვის ყველაზე რთული ის ოპონენტები იყვნენ, რომელთაც კონტრშეტევებზე თამაში კარგად შეუძლიათ.

კლოპსაც აქამდე იშვიათად ჰყოლია მცველები, რომელთაც სივრცეში, რიცხვობრივი უპირატესობის გარეშე, თავდაცვა შეუძლიათ. ასე იყო აქამდე, სანამ კლოპის გუნდში ვირჯილ ვან დაიკი არ გამოჩნდა. ვან დაიკი ალბათ ამ სეზონის საუკეთესო მცველია. მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ იგი ძალიან კარგად თამაშობს სივრცეში, ერთი-ერთზე. ანუ მეტოქის ფორვარდებს, თუნდაც კონტრშეტევებზე მის წინააღმდეგ შანსი არ აქვთ. ეს სეზონი მან ისე დაასრულა, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პრემიერლიგაში დრიბლინგით მას არცერთი მეტოქე არ გასცდენია. შედეგად, თუკი ლივერპული გასულ სეზონში ძირითადად, უხვგოლიან მატჩებს ატარებდა - ბევრი გაჰქონდა და ბევრსაც უშვებდა, ამ სეზონში კლოპის გუნდი საერთოდ აღარ უშვებს.

ვან დაიკთან ყველაზე მეტი მშრალი ანგარიში ამ სეზონში და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი პრემიერლიგაში - ეს უკვე სუპერკლუბის სტატისტიკაა.

კლოპის კიდევ ორი პრობლემა

კლოპის ფეხბურთი ბევრ და სწრაფ მოძრაობას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, დიდია მოთამაშეების გადაღლის საფრთხე. გერმანელ სპეციალისტს როტაცია არ უყვარს - გუნდის ლიდერებს იგი, ფაქტობრივად, არ ასვენებს. ამ სეზონშიც, მოჰამედ სალაჰმა, მაგალითად, პრემიერლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადიო მანემ კი 35-ში, ვირჯილ ვან დაიკს კი არცერთი თამაში არ გამოუტოვებია.

ამ სეზონში კლოპმა გუნდის გადაღლის პრობლემა იმით გადაჭრა, რომ სეზონის წინ რამდენიმე კარგი ტრანსფერი გააკეთა. ახლა მას უკვე არჩევანი აქვს - დაცვის ცენტრში ვან დაიკის გვერდზე ლოვრენი და მატიპი მონაცვლეობდნენ, ნახევარდაცვას ძალიან დაეხმარა სეზონის წინ შეძენილი ფაბინიო და ნაბი კეიტა, თავდასხმაში კი, მაგალითად, ბარსელონასთან, ფირმინოს და სალაჰის არყოფნაში, ორიგიმ და შაჩირიმ ითამაშეს. კლოპის გუნდი რაოდენობრივად გაიზარდა - ამან კი საშუალება მისცა, მთელი სეზონის მანძილზე ეთამაშა მაღალი ხარისხის ფეხბურთი ჩავარდნების გარეშე და პრემიერლიგა 97 ქულით დაასრულა - მესამე შედეგი ისტორიაში (მისდა სამწუხაროდ, მეორე შედეგი - 98 ქულა, წელს სიტიმ აჩვენა).

კლოპის მეორე პრობლემად მისი წაგებული ფინალები მიიჩნევა. იურგენს ფინალების უმეტესობა წაგებული აქვს. 

ეს სტატისტიკა არცთუ ისე ცუდად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ კლოპის გუნდები ამ ფინალებში, უმეტეს შემთხვევაში, აუტსაიდერები იყვნენ. ლიგის ფინალში შარშანდელი ლივერპულით რეალთან მარცხი, ან დორტმუნდის წაგება ჰაინკესის უძლიერეს ბაიერნთან გასაკვირი არ არის. თუმცა, არის რამდენიმე უსიამოვნო მარცხიც, როგორც მაგალითად, სევილიასთან ევროპალიგის ფინალის წაგება.

არის მეორე, ლოგიკური ფაქტორიც. კლოპის ფეხბურთი ემოციური და ფეთქებადია. ფინალი კი ის თამაშია, რომელიც უფრო სიფრთხილით და შეცდომის არდაშვებით უნდა მოიგო - ემოციებით მოგებული დიდი ფინალი იშვიათად მახსოვს. მოკლედ, ერთთამაშიანი სპეციფიკა კლოპისთვის იდეალური არ არის. 1 ივნისს მისი ლივერპული ნავსის გატეხვას შეეცდება - წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია ტოტენჰემთან.

კლოპი და გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ ამ სეზონის მიწურულს ლივერპული ყველაზე რთულ მეტოქედ მოიხსენია, რომელიც კი მას ჰყოლია. არამხოლოდ ლივერპული, ზოგადად იურგენ კლოპი მისთვის ყველაზე რთული ოპონენტია. ამას სტატისტიკაც ადასტურებს - კლოპი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც გვარდიოლას სისტემატურად ეთამაშება და მასთან დადებითი ბალანსი აქვს.

კლოპის შედეგები გვარდიოლასთან

გასულ სეზონში კლოპმა ჯერ ჩემპიონატში დაამარცხა იქამდე წაუგებელი სიტი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გამოაგდო მანჩესტერული კლუბი.

კლოპი გვარდიოლასთვის სისტემურად არის მოუხერხებელი მწვრთნელი. თუკი გვარდიოლას ფეხბურთი მეტოქის თავის სათამაშო ტემპსა და რიტმში მოქცევას გულისხმობს, კლოპი საუკეთესოა თამაშის რიტმის, ტემპის და ემოციის ცვალებადობაში. მისი გუნდები დინამიურ და ფეთქებად ფეხბურთს თამაშობენ. გვარდიოლა მეტოქეს თავის რიტმს ახვევს თავს - მეტოქე იძულებულია გაუთავებელ პასებში გაეხვეს და ბურთს უშედეგოდ სდიოს, კლოპის გუნდები კი ძალიან კარგად ცვლიან თამაშის ტემპს და რიტმს - გვარდიოლას გუნდებისთვის ეს არცთუ ისე მოსახერხებელია.

ლივერპული- სიტი 4-3

თუკი გვარდიოლას ფეხბურთი დოგმატურია და ცდილობს მეტოქეს ერთი სცენარი, თავისი თამაში მოახვიოს თავზე, კლოპი ძალიან მოქნილია - მას შეუძლია, თამაშის ერთი მონაკვეთი დაცვიდან კონტრშეტევებზე ითამაშოს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, თამაშის სხვა მონაკვეთში აგრესიული თამაში დაიწყოს და მაღალი და ინტენსიური პრესინგით მეტოქეს შეტევის დაწყების საშუალება არ მისცეს, კიდევ ერთი მონაკვეთი ბურთი დაიჭიროს და ტემპი დააგდოს - ასეთი მონაკვეთები ერთმანეთს ცვლის და მეტოქეს კლოპის გუნდთან თამაშის ადაპტაციის საშუალებას არ აძლევს.

კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება: გვარდიოლას ფეხბურთი ითვალისწინებს იმ ეპიზოდების მინიმალიზაციას, როდესაც ბურთი ერთი გუნდიდან მეორის ხელში გადადის. ანუ პეპი ცდილობს ბურთი მუდამ მას ჰქონდეს და იოლად არ გასცეს. გვარდიოლას დალაგებული ფეხბურთი უყვარს. კლოპი პირიქით, ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა იმ ეპიზოდებში, როდესაც ბურთი სწრაფად გადადის ერთი გუნდიდან მეორის ხელში - სწორედ ამიტომ მისი გუნდები თავს ძალიან კარგად გრძნობენ აგრესიული, ინტენსიური და ცოტა ქაოტური თამაშის დროს.

პრესინგი და გოლი ბარსელონასთან

ლივერპული

საკმარისია, დეტალურ სტატისტიკას ჩავხედოთ, მივხვდებით, რომ ერთი შეხედვით დინამიური და მოძრავი ფეხბურთის მიუხედავად, ლივერპული ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია.

თვალში გვხდება: კლოპის გუნდის არცერთი ნახევარმცველი არ ლიდერობს გაკეთებული პასების რაოდენობით - ეს ანომალიური ფაქტია. სხვა გუნდებში, ჩვეულებრივ, ცენტრალური ნახევარმცველები ლიდერობენ ხოლმე ამ კომპონენტში - მაგალითად, მარკო ვერატის თამაშში 79 პასი აქვს, სერხიო ბუსკეტსს -72, ტონი კროსს - 78, ფერნანდინიოს - 71. ლივერპულის არცერთ ნახევარმცველს არ აქვს 55 პასზე მეტი (ყველაზე მეტი ფაბინიო - 54.5).

არცერთ ცენტრალურ ნახევარმცველს არ აქვს სეზონში 5 გოლზე მეტი (ყველაზე მეტი მილნერი 5 გოლი), მაშინ როცა ლივერპულმა 89 გოლი შეაგდო, არცერთს არ აქვს 4 საგოლე პასზე მეტი (ყველაზე მეტი მილნერი 4 საგოლე პასი) და უფრო მეტიც, ნაბი კეიტას გარდა (1.1. დარტყმა კარისკენ) ლივერპულის არცერთი ნახევარმცველი კარში საშუალოდ თამაშში 1-ზე მეტჯერ არ არტყამს. კლოპის სისტემაში გოლების შექმნაზე ზრუნვა ნახევარმცველების საქმე არ არის - ეს რგოლი გუნდის მოტორია, რომელიც პირველ რიგში პრესინგზე, უბურთოდ მოძრაობაზე და ბურთის დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადატანაზეა ორიენტირებული.

ანომალიურია ისიც, რომ ცენტრალური მცველების შემდეგ, ყველაზე მეტი პასი ლივერპულის განაპირა მცველებს აქვს, ისინი, ძალიან კარგად უტევენ. შეტევის დროს ლივერპულის სამივე შემტევი ცენტრისკენ, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს იწევს - მათ ადგილს, განაპირა შემტევის პოზიციაზე სწორედ ფლანგის მცველები - რობერტსონი და ალექსანდერ- არნოლდი იკავებენ. ისინი გუნდის ლიდერები არიან, როგორც პასების, ასევე საგოლე გადაცემების რაოდენობის მიხედვით, რადგან შეტევების ორგანიზებაში მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მაგალითად, ტრენტ ალექსადერ-არნოლდს მცველებსა და ნახევარმცველებს შორის ყველაზე ხშირად გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე (თამაშში 1.7).

ყველა ის საქმე, რომლისგანაც ლივერპულის ნახევარმცველები თავისუფლები არიან, შემტევების პრეროგატივაა. პრემიერლიგაში ლივერპულის გოლების 60 პროცენტი მათ სამ შემტევზე მოდის - სალაჰი - 22, მანე - 22, ფირმინო -12.

ისინი ლიდერობენ კარში დარტყმების რაოდენობითაც - პრინციპში მხოლოდ ამ სამ მოთამაშეს აქვს ლივერპულიდან ძირითადი შემადგენლობიდან კარში 1-ზე მეტი დარტყმა (სალაჰი - 3.6., მანე -2.4, ფირმინო -2.2). ლივერპულს კარში თამაშში საშუალოდ 15.1 დარტყმა აქვს - ნახევარზე მეტი 8.2 დარტყმა ამ სამი მოთამაშის დამსახურებაა.

სტატისტიკა გვეუბნება, რომ კლოპს როლები მკაცრად აქვს განაწილებული - გოლების შეგდება მხოლოდ შემტევი სამეულის საქმეა. სამაგიეროდ ისინი თითქმის არ მონაწილეობენ პასში თამაშში - სალაჰს თამაშში სულ რაღაც 28 პასი აქვს, მანეს კი -32. უცნაურია, რომ ამ კომპონენტში რობერტო ფირმინო ლიდერობს 37 პასით ერთ თამაშში (რაც ასევე ცოტაა), სამაგიეროდ მას ბევრად უფრო ცოტა გოლი აქვს. ნომინალური ცენტრალური ფორვარდი ფირმინო უკან ჩამოდის, მცველებს პოზიციებიდან იტყუებს, თავად ნახევარმცველებს ეხმარება, მის პოზიციაზე გათავისუფლებულ სივრცეში კი ულტრასწრაფი სალაჰი და მანე იჭრებიან. ეს კლოპის საყვარელი შეტევაა.

ლივერპულის სამივე შემტევი ძალიან ხშირად კარგავს ბურთს. სალაჰს თამაშში საერთოდაც 6 დაკარგვა აქვს, ფირმინოს და მანეს კი 4-ზე მეტი.

ამ სტატისტიკით ისინი გვარდიოლას გუნდში ვერასოდეს ითამაშებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლივერპულის შემტევები, როგორც კი ბურთს იღებენ, მყისვე, ძალიან სწრაფად, ამწვავებენ თამაშს, თუნდაც დაკარგვის საფრთხის ფონზე - პასი და ბურთის გათამაშება მათი საქმე არ არის, სამაგიეროდ ისინი ერთპიროვნულად აგებენ პასუხს გოლებსა და საგოლე მომენტების შექმნაზე.

ამ სეზონში მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ კლოპმა შეძლო და ლივერპულმა თამაშის ემოციების გარეშე, მხოლოდ კლასზე მოგება, დაიწყო. ეს უნარი მის გუნდებს ყოველთვის აკლდათ -ამ სეზონში კი ლივერპული, ფაქტობრივად, უშეცდომო იყო მასზე დაბალი კლასის გუნდების წინააღმდეგ.

კლოპი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპეციალისტია. მისგან სულ უფრო და უფრო მეტს უნდა ველოდოთ. ორ წელიწადში ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 97-ქულიანი სეზონი მისი შესაძლებლობების ზედა ზღვარი ნამდვილად არ არის. ისე ჩანს, რომ გერმანელმა ლივერპულში თავისი გუნდი იპოვა, ლივერპულმა კი მწვრთნელი, რომელიც ამ გუნდს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები