Thumbnail

'ყველაფერი რიგზეა' - ტოჩინოშინი აბისთან წაგებული ბრძოლის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი აბისთან დუელის შემდეგ
  • ვინ არის ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მეისეი

ნაცუ ბაშოს მე-11 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი სუმოისტებისთვის - ჯურიოს დივიზიონში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დამარცხდა და ჯერ ვერ გაიფორმა დადებითი ბალანსი, ხოლო მაკუუჩიში ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მოულოდნელად, დათმო შეხვედრა და ოძეკის ტიტული ჯერ ვერ გაიფორმა.

ტოჩინოშინისა და აბის ორთაბრძოლა სულ რაღაც 2.4 წამს გაგრძელდა, ქართველმა სუმოისტმა კარიერაში პირველად წააგო აბისთან. მარცხის შემდეგ ტოჩინოშინი იაპონურ მედიას ესაუბრა:
"ყველაფერი რიგზეა - ყურადღებით ვიყავი, მაგრამ წინ ზომაზე მეტად გადავიხარე და წონასწორობაც დავკარგე. ეს ძალზე დასანანია, მაგრამ ტრაგედია არ არის - თავს ნორმალურად ვგრძნობ და არც ფეხი მაწუხებს", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იქნება. ეს ასოციაციის ხელმძღვანელების საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა. დიდი ალბათობით, ტოჩინოშინს ბოლო სამი ორთაბრძოლა ფავორიტებთან ექნება - 24 მაისს, ბაშოს მე-13 დღეს დიდ ჩემპიონ კაკურიუს შეხვდება, ბოლო ორი დღე კი ოძეკებთან გაარკვევს ურთიერთობას (ტაკაიასუ, გოეიდო). ასე რომ, მე-10 და გადამწყვეტი მოგების მიღწევა ახლავე უპრიანია - 23 წლის მეისეისთან. მეისეი 23 წლისაა, ის "მხოლოდ" 120 კილოგრამს იწონის. მეისეის მაკუუჩიში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა, ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ტოჩინოშინი მას არასდროს შეხვედრია. 

კომენტარები

ბოლო ამბები